მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენმა ადამიანმა მიიღო საარსებო შემწეობა აპრილში?

6474949fc9d2f
მარიამ ვარადაშვილი
29.05.23 16:35
510
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის აპრილში საარებო შემწეობა 660 746 ადამიანმა მიიღო, მარტთან შედარებით მიმღებთა რაოდენობა 2.3%-ით არის შემცირებული. სოციალური მომსახურების სააგენტო აღარ აქვეყნებს ინფორმაციას შემწეობის მიმღებებზე თვიურად გადარიცხულ თანხებზე. მას შემდეგ რაც მთავრობამ საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა აამოქმედა, იმ პირებს, რომლებიც ამ პროგრამაში არიან ჩართულნი, სააგენტო აღარ ამოწმებს. შესაბამისად, ისინი სტატისტიკის აღრიცხვაში ცალკე არიან გამოყოფილი. აპრილის მდგომარეობით, ამ პროგრამაში უშუალოდ 33 924 ადამიანია ჩართული.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 2021 წელთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით 15.6%-მდე შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ბოლო 17 წლის მინიმუმზეა. ამ პერიოდში სიღარიბის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თითქმის 39% 2007 წელს იყო. ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი გასულ წელს სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებას მაღალ ეკონომიკურ ზრდას უკავშირებს.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა. ეს ზრდა აისახა დასაქმებაზე. დღეს საქსტატმა გამოაქვეყნა მონაცემები სიღარიბის შესახებ, აქაც სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდეა დასული. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში სიღარიბე აღმოვფხვერით, რა თქმა უნდა, მილიონზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, მაგრამ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იყო 2022 წლის განმავლობაში, რაც ერთ-ერთი პირდაპირი შედეგია, მათ შორის ეკონომიკური ზრდის. 2012 წელთან შედარებით, სიღარიბეს თავი დააღწია ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა. 2022 წელს სიღარიბეს თავი დააღწია 63 ათასზე მეტმა ადამიანმა. ეს ტემპი უნდა გავაგრძელოთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეების მდგომარეობა უკეთესი იყოს“, -თქვა დავითაშვილმა.

სიღარიბის მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად, 2022 წელს მზარდი იყო საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი. კერძოდ, 2018-2022 წლებში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა 48%-ით 648 ათასამდე გაიზარდა. შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილი კი 12%-დან 18%-მდე არის გაზრდილი. სოციალური პროგრამების ხარჯების ზრდასთან ერთად, ასევე გაიზარდა საარსებო შემწეობის ხარჯებიც 251 მილიონი ლარიდან 609 მილიონ ლარამდე.

საქართველოში საარსებო შემწეობის პროგრამა ფინანსურად ეხმარება ყველაზე ღარიბ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 120 001-ზე ნაკლებია. სარეიტინგო ქულას განსაზღვრავს სოციალური მომსახურების სააგენტო და ის ასახავს ოჯახის შემოსავალსა და ქონებას. კერძოდ, რაც უფრო დაბალია ქულა, მით უფრო ღარიბია ოჯახი.