მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენმა მოქალაქემ აიღო უკვე დაგროვებითი პენსია? - სტატისტიკა

5ec0444ad9be3
თელარა გელანტია
17.05.20 00:01
4301
2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული დაგროვებითი საპენსიო სისტემის ფარგლებში, პენსია 297-მა პენსიონერმა მიიღო.
აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ საპენსიო სააგენტოდან გამოითხოვა. 

როგორც ირკვევა, 297 ფაქტიდან პენსიის დანიშვნის საფუძველი 152 შემთხვევაში ასაკი იყო, 123 შემთხვევაში - ჯანმრთელობის მდგომარეობა (შშმპ), 1 შემთხვევაში დაგროვებითი პენსიის მიღების საფუძველი საქართველოს დატოვება გახდა, ხოლო 21 შემთხვევაში დაგროვებითი პენსია გარდაცვლილი მოქალაქეების მემკვიდრეებმა მიიღეს.

297 შემთხვევაში გაცემული პენსიის ჯამური თანხა 188,897 ლარია, საიდანაც მონაწილეების მიერ შეტანილია 60,872 ლარი.

11 მაისის მდგომარეობით, საპენსიო ფონდის ჯამური ზომა 736 მილიონ ლარს შეადგენს. ჯამურად ფონდში ყოველთვიურად საშუალოდ 45-50 მილიონი ლარი ირიცხება. არსებული მდგომარეობით, ძირითადი საფინანსო აქტივი, რომელშიც მოქალაქეთა პენსიები არის განთავსებული, ქართული ბანკების მიერ გამოშვებული სადეპოზიტო სერტიფიკატებია.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ბოლო სხდომის ოქმის მიხედვით, ჯამურად პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა (აქტიური წევრების რაოდენობა) 1,003,162 ადამიანს შეადგენს, რაც მთლიანად ქვეყნის მოსახლეობის 27%-ია.

სახელმწიფო საპენსიო სისტემა საკუთარი განცხადების საფუძველზე 165,713-მა ადამიანმა დატოვა. ეს კი ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 4.4%-ია. კანონმდებლობის მიხედვით, სისტემიდან გასვლის უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებიც რეფორმის ამოქმედების დროისთვის უკვე იყვნენ 40 წლის.

ჯამურად სისტემაში ჩართულია 63,881 კომპანია. მათი რაოდენობა ყოველთვიურად დაახლოებით, 700 კომპანიით იზრდება.
ცნობისთვის: მას შემდეგ რაც საპენსიო სააგენტოს 5 წლით დამტკიცებულმა დირექტორმა ლევან სურგულაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, მის მოვალეობას მოადგილე გიორგი ჭიჭინაძე ასრულებს. ახალი დირექტორის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის შედეგები, ჯერჯერჯობით, უცნობია.

რა პრინციპით მიიღებენ მოქალაქეები დაზოგილ თანხებს:

კანონის მიხედვით, მოქალაქეეები თანხებს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, საბაზისო პენსიასთან (დღეს 220 ლარი) ერთად მიიღებენ. თანხა მათ ერთიანად ან დადგენილი გრაფიკის მიხედვით გადაეცემათ. თუმცა, ერთიან გადახდასთან დაკავშირებით გარკვეული მინიმალური შეზღუდვაც იარსებებს, რადგან საპენსიო სააგენტო ადგენს (დაადგენს) იმ მინიმალური თანხის ოდენობას, რომლის მიღებაც ერთიანი გადახდით იქნება შესაძლებელი.

თუ მოქალაქე პენსიის დადგენილი გრაფიკით გატანას აირჩევს, საპენსიო სააგენტო მოქალაქის საპენსიო ასაკის მიღწევისას შეადგენს სპეციალურ კალენდარს, რომლითაც პენსიას გასცემს. დაზოგილი თანხა გაიყოფა საპენსიო ასაკში ყოფნის საშუალო მოსალოდნელ წლებზე.

ამასთანავე, სქემის მონაწილე უფლებამოსილია შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსია მიიღოს საპენსიო ასაკის (კაცისთვის 65 წლის, ქალისთვის 60 წლის) მიღწევამდე, თუ მას მიენიჭება სათანადო სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თუ საპენსიო სისტემის მონაწილე გარდაიცვალა, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი თანხა გადაეცემა მის მემკვიდრეს (მემკვიდრეებს). საპენსიო აქტივების გადაცემა შეიძლება ერთიანი გადახდით ან საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანით, მემკვიდრის არჩევანის შესაბამისად. მონაწილის მემკვიდრის მიერ ერთიანი გადახდის არჩევის შემთხვევაში მისთვის გადასაცემი თანხა დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.