07.ივლისი .2020 16:12

რამდენმა მოქალაქემ მიიღო 200 და 300 ლარიანი კომპენსაცია - 7 ივლისის სტატისტიკა

რამდენმა მოქალაქემ მიიღო 200 და 300 ლარიანი კომპენსაცია - 7 ივლისის სტატისტიკა
views 2184
უკან

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 7 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 188 363 პირი, მათგან 115 719 პირმა 300 ლარიანი კომპენსაცია უკვე მიიღო. მათივე ინფორმაციით, სულ 34 715 700 ლარი გადაირიცხა.  ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-იმ დასაქმების სააგენტოდან გამოითხოვა.

რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია 129 237 პირს ჩაერიცხა. გადარიცხული თანხა 25 847 400 ლარია და ის ეტაპობრივად ირიცხება.

სარეგისტრაციო პორტალის ეკონომიკური საქმიანობის ტიპების ჩამონათვალშია: ბაზრობის მოვაჭრე/სხვა მოვაჭრე; მძღოლი/ლიცენზირებული ტაქსის მძღოლი; ძიძა/მომვლელი; რეპეტიტორი/პედაგოგი; დამხმარე პერსონალი: რესტორნის დამხმარე, სასტუმროს დამხმარე, მცხობელი; სილამაზის სალონის პერსონალი, ტუროპერატორი/გიდი; მუშა; ხელოსანი; მშენებლობის სპეციალისტი და სხვა. პანდემიის პერიოდში დაზარალებული კომპენსაციის მიმღებ პირთა რეგისტრაცია 2020 წლის 1 ივლისს დასრულდა.

ამასთან, როგორც ცნობილია, 26 ივნისიდან კომპენსაციის მიმღებ ბენეფიციართა წრე გაფართოვდა. ეკონომიკური საქმიანობის ტიპის ჩამონათვალში დაემატა ახალი გრაფა - საზღვრის კვეთა.

"26 ივნისის, საქართველოს მთავრობის #388 დადგენილების თანახმად, „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

ცვლილების თანახმად, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვითდასაქმებულები იყვნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ, რაც დასტურდება 2019 წელს 60-ჯერ ან/და 2019 წლის მარტის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში 30-დან 120 კალენდარულ დღემდე საზღვრის კვეთით, ეძლევათ შესაძლებლობა, დარეგისტრირდნენ კომპენსაციის მიმღებ პირებად ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე ( https://compensation.moh.gov.ge/  ).

საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციის პროცესი სარეგისტრაციო პორტალზე დაწყებულია აღნიშნული დადგენილების ცვლილებიდან. ის დასაქმებულები, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში საქმდებოდნენ სახელმწიფოსგან დახმარებას ერთჯერადი სახით, 300 ლარის ოდენობით მიიღებენ. სარეგისტრაციო პორტალზე რეგისტრირებისას აღნიშნულ პირებს სხვა დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ ესაჭიროებათ.

კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული პირების განაცხადების მიღება და დამუშავება გრძელდება. რეგისტრაციის პროცესი 2020 წლის 15 ივლისს სრულდება“, - ნათქვამია დასაქმების სააგენტოს ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა