მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენმა თვითდასაქმებულმა აიღო 300-ლარიანი დახმარება - უახლესი სტატისტიკა

5fca19469c9e2
თელარა გელანტია
04.12.20 15:07
1908
1 დეკემბრის მდგომარეობით, 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაცია, ჯამში, 248 817 პირმა მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოდან გამოითხოვა, რომლის ცნობითვე, 300-ლარიანი დახმარების მისაღებად სულ 251 167 ბენეფიციარი დარეგისტრირდა.

რაც შეეხება თანხის ჯამურ მოცულობას, 1 დეკემბრის მონაცემებითვე, სულ 248 817 პირს 74 645 000 ლარი გადაერიცხა.

„დანარჩენი ბენეფიციარის დოკუმენტაცია არ იყო წესრიგში და დაეგზავნათ შესაბამისი მოკლე ტექსტური შეტყობინებები“, - აცხადებენ სააგენტოში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულების ან თვითდასაქმებულების დახმარებისთვის 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 75 მლნ ლარი გამოიყო, რისი სრულად ათვისება, ფაქტობრივად, ხდება.

როგორც bm.ge-ის დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოში უთხრეს, იმ თვითდასაქმებულებს, რომლებმაც 1 ივლისამდე გაიარეს რეგისტრაცია, 300-ლარიანი კომპენსაციები დეკემბრის განმავლობაში დაერიცხებათ.

ცნობისთვის, ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის მიმღები პირები ძირითადად იყვნენ შემდეგი პროფესიების წარმომდგენლები:

• ბაზრის/ბაზრობის მოვაჭრე
• სხვა ტიპის მოვაჭრე
• ლიცენზირებული ტაქსის მძღოლი
• მძღოლი
• მუშა
• ხელოსანი
• მშენებლობის სპეციალისტი
• მცხობელი/კონდიტერი
• რეპეტიტორი
• რესტორნის დამხმარე პერსონალი
• სასტუმროს დამხმარე პერსონალი
• სხვა ტიპის დამხმარე პერსონალი
• სილამაზის სალონის პერსონალი
• ძიძა
• გიდი
• საზღვარგარეთ სეზონურად დასაქმებულები სხვადასხვა მიმართულებით.

შეგახსენებთ: იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე კვირით შეიზღუდა საცალო ვაჭრობა, ბაზრობები, მოლები, მაღაზიები და ამ სექტორში ბევრი მოქალაქეა დასაქმებული, მთავრობამ დაიწყო იმავე სახის სოციალური მიზნობრივი დახმარება, როგორიც იყო თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის პერიოდში - 300 ლარი ერთჯერადად. კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია 3 დეკემბერს დაიწყო. ამასთან, გიორგი გახარიას თქმით, 300-ლარიანი დახმარების გარდა, მთავრობა იღებს ვალდებულებას, ამ სექტორში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს, რომელსაც გააჩნია სესხი, სესხის გადავადებაში დაეხმაროს.