მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენს უხდიან კალათბურთელებს სარეკლამო Instagram პოსტებში?

5e49615279fa3
მარიამ ადამია
17.02.20 00:10
2067
NBA-ს კალათბურთელებს შორის ლებრონ ჯეიმსი ბევრ რამეშია პირველი, მათ შორის - "ინსტაგრამზე" სარეკლამო სახის პოსტის დადების ფასის მიხედვით. მაგალითად, ის ორი "ინსტაგრამ" პოსტით ორჯერ მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე NBA-ს ერთი თამაშით.

HopperHQ’s-ის ინფორმაციით, ლებრონის ინსტაგრამის გვერდზე ერთი სარეკლამო ხასიათის პოსტის განთავსება 300 850 დოლარი ღირს.

ლებრონ ჯეიმსის ფენომენალური კარიერა და უმაღლესი დონის კალათბურთის თამაში მას საშუალებას აძლევს, 35 წლის ასაკშიც იყოს ლიდერი როგორც სათამაშო მოედანზე, ასევე შემოსავლების კუთხით. სხვა შემოსავლებს რაც შეეხება "მეფე" არაერთი ბრენდის სახეა. მხოლოდ "ნაიკთან" დადებული უვადო ხელშეკრულება $1 მილიარდს უტოლდება.

"ლოს-ანჯელეს ლეიკერსში" გადასვლის შემდეგ კი უკვე ფილმშიც გადაიღეს და მისი წლიური ანაზღაურება გუნდში 35 მილიონ 650 ათასი დოლარია. წელს "ლეიკერსი" ნამდვილად ფავორიტია, მით უმეტეს, კობის გარდაცვალების შემდეგ.

მეორე ადგილზე გოლდენ სტეიტის სუპერვარსკვლავი სტეფ კარია, რომელიც ერთ პოსტში 155 100 აშშ დოლარს იღებს. "გოლდენ სტეიტ უორიორსის" გამთამაშებელი სტეფ კარი მსოფლიო კალათბურთისა და NBA-ს ისტორიაში შევა, როგორც ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი. 2017 წელს სტეფ კარიმ "გოლდენ სტეიტთან" მაქსიმალური კონტრაქტი გააფორმა და 5 წელიწადში ხელფასის სახით, 201 მილიონ დოლარს მიიღებს, წლევანდელი სეზონიდან კი NBA-ს ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება და ხელფასის სახით 40,2 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. 
 
Dwyane Wade დიდი კალათბურთიდან უკვე გააცილეს, მაგრამ მისი კარიერა არსად გამქრალა. ლეგენდარული ვეტერანის თითოეული პოსტი ინსტაგრამზე 83,600 აშშ დოლარი ღირს. როგორც Forbes წერს, მან 2018 წელს 31.8 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და 50 ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენებშიც მოხვდა. ის სამგზის NBA-ს ჩემპიონია 2006 წელს, როდესაც შაკილ ონილთან ერთად მოიპოვა ბეჭედი და 2012-13 წლებში უკვე ლებრონ ჯეიმსთან ერთად გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

სიაში კიდევ ერთი კალათბურთელი მოხვდა, ეს რასელ ვესტბრუკია, რომელიც 9-ჯერ იყო NBA All-Star-ის მონაწილე, ხოლო რეგულარული სეზონის MVP-დ 2016-17 წლის სეზონში დასახელდა. რასელი ასევე იყო NBA-ს პირველი გუნდის ხუთგზის წევრი. შედეგად კი, წარმატებულმა კარიერამ, შრომამ და გავლენამ თავისი ქნა და ინფლუენსერობაც შეითავსა, ამიტომაც დღეს მის მიერ დადებული პოსტი, 79 750 აშშ დოლარად არის შეფასებული, ამ მაჩვენებლით კი ათეულში მეოთხე ადგილს იკავებს.

კაირი ირვინგის გარეშე ეს სია ნამდვილად არ იქნებოდა სრულყოფილი. Uncle Drew, რომელიც არაერთ სარეკლამო რგოლშია გადაღებული საკუთარ ანგარიშზე Instagram-ის თითოეული პოსტიდან 74,800 დოლარს იღებს და რეიტინგში მე-5 პოზიციას იკავებს. წელს ის "ბრუკლინ ნეთსში" კევინ დურანტთან ერთად გადავიდა და მისი ყოველწლიური ხელფასი 31 მილიონი დოლარია.

კევინ დურანტის ანგარიშზე კი 64 350 აშშ დოლარი ირიცხება "ინსტაგრამის" ერთი პოსტის დადების შემდეგ, თუმცა მას, არც საკალათბურთო კარიერიდან აკლია შემოსავლები და 2019 წლის მონაცემებით, მისი საერთო შემოსავალი 65, 4 მილიონი დოლარია, აქედან ხელფასი - 30 მილიონ 400 ათასია, ხოლო სარეკლამო შემოსავალი 35 მილიონს უტოლდება. გარდა ამისა, აშშ-ის კალათბურთის ფედერაციამ ზაფხულის ოლიმპიადისთვის საკალათბურთო ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა გამოაქვეყნა. სიაში 44 კალათბურთელია, მათ შორის მოხვდა კევინ დურანტი, სხვა სუპერვარსკვლავებთან ერთად.

შარშანდელი MVP-ის, ჯეიმს ჰარდენის ერთი პოსტი "ინსტაგრამზე" 61,600 დოლარი ღირს, თუმცა Houston Rockets-ში მას ფული არასდროს აკლდა. სწორედ ამ გუნდის წყალობით ჰარდენი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი გახდა – 2020 წელს მხოლოდ ხელფასის სახით ის 38 მილიონ დოლარზე მეტს აიღებს. 
 
რიგით მერვე კალათბურთელ-ინფლუენსერი კრის პოლია, რომლის ერთი პოსტი 52 250 აშშ დოლარი ღირს. 2019 ერთი წლის განმავლობაში მის მიერ გამომუშავებულმა თანხამ ჯამში, 43 მილიონ 700 ათასი დოლარი შეადგინა, აქედან ხელფასები და ბონუსები 35 მიმლიონ 700 ათასია, ხოლო რეკლამებიდან 8 მილიონი დოლარი მიიღო.

პოლ ჯორჯი და ლონზო ბოლი რეიტინგის ბოლო ადგილებს დასჯერდნენ. მართალია, ისინი კარიერის აბსოლუტურად განსხვავებულ ეტაპზე იმყოფებიან, პოლ ჯორჯი ჩამოყალიბებული სუპერვარსკვლავია, ლონზო ბოლი კი ჯერ ახლა იწყებს კარიერას, თუმცა როგორც ჩანს, მათი ინსტაგრამი თითქმის თანაბრად ფასობს. ერთი 47 ათას დოლარს იღებს პოსტში, მეორე კი 40 ათას დოლარს.