მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რანჩო ვარიანმა“ ახალი დასასვენებელი სივრცე - "სოფელი თანა" გახსნა

63108f0635fe6
თათია კაკიაშვილი
01.09.22 23:30
2306
„რანჩო ვარიანმა“ ახალი დასასვენებელი სივრცე - "სოფელი თანა" გახსნა. როგორც BMG-ის რანჩოს თანადამფუძნებელმა ნატალი კანდელაკმა უთხრა, ახლად გახსნილ სივრცეში 20 კოტეჯი, ღია საცურაო აუზი და კაფე-ბარი ფუნქციონირებს.

„თავდაპირველად აქ არაფერი იყო და მამამ რანჩოს მშენებლობა 1 ქვის ფაცხით დაიწყო. რანჩო, ფაქტობრივად, ყოველდღიურად ვითარდება, სულ ახალ-ახალი სივრცეები ემატება. სწორედ ახლა „რანჩო ვარიანმა“ ახალი დასასვენებელი სივრცე - "სოფელი თანა" გახსნა, რომელშიც 20 კოტეჯია დასრულებული. ასევე, „რანჩო ვარიანი“ დამსვენებლებს სათევზაო კლუბს სთავაზობს, რომელიც თევზაობისთვის განკუთვნილი ყველა ინსტრუმენტითაა აღჭურვილი. რანჩოში საცხენოსნო კლუბიცაა, რომელიც ჯირითის მოყვარულ დამსვენებელს განსაკუთრებით იზიდავს. გარდა ამისა, ქართველ და უცხოელ ტურისტებს „რანჩო ვარიანის“ სხვადასხვა მომსახურება იზიდავს, კერძოდ ქართული და იტალიური რესტორნები, ბილიარდი, ჩოგბურთი, კომპიუტერული თამაშები, წყლის ველოსიპედებით სეირნობა და თევზაობა ხელოვნურ ტბაში“, - უთხრა BMG-ის „რანჩო ვარიანის“ თანადამფუძნებელმა ნატალი კანდელაკმა.

მისივე თქმით, „რანჩო ვარიანის“ სამომავლო გეგმებში გაფართოება და არსებული 42 ჰექტრის ათვისება შედის.

„რანჩოს მშენებლობა-მოწყობაში მამაჩემმა გიორგი კანდელაკმა 18-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა. ჩვენ მხოლოდ 20 კოტეჯზე არ ვჩერდებით, ასევე ვაპირებთ, რომ აქ სასტუმროც ავაშენოთ. ასეთი იდეა გვაქვს: იყოს სხვადასხვა სოფლები, როგორც ამჯერად გახსნილია სოფელი თანა და შუაში, სადაც არის რესტორნები, გასართობი სივრცე, იყოს პატარა ქალაქის ცენტრივით, რომლის გარშემოც სხვადასხვა სოფელი იქნება გაშენებული“, - თქვა ნატალი კანდელაკმა.

ცნობისთვის: გორის რაიონის სოფელ ვარიანში, „რანჩო ვარიანი“ დამსვენებლებს 2017 წლიდან მასპინძლობს. იგი 42 ჰექტარზეა გაშენებული, სადაც ჯერ მხოლოდ 14 ჰექტარია ათვისებული. “რანჩო ვარიანში” დასვენება წელიწადის ნებისმიერ სეზონზეა შესაძლებელი და მომხმარებელს კოტეჯებში განთავსება დღე-ღამეში საშუალოდ 250-350 ლარი დაუჯდებათ. ფასი დამოკიდებულია კოტეჯის ფართობზე და ღირებულებაში კვების გარდა, ყველა სერვისი შედის.