მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას აკეთებენ ელჩები ინვესტიციების მოსაზიდად? - "დიპლომატიური კორპუსი არის მობილიზებული..."

6024efab4cc3c
ინგა მურუსიძე
11.02.21 12:47
887
საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი ეკონომიკურ დიპლომატიაზე საუბრობს და იმ ნაბიჯებს უსვამს ხაზს, რომელიც მისი თქმით, საზღვარგარეთ მყოფმა ქართველმა დიპლომატებმა პანდემიის დროს გასწიეს.

BM.GE დაინტერესდა, რა ახალი დავალებები აქვთ მიღებული დიპლომატებს საზღვარგარეთ ეკონომიკური დიპლომატიის განვითარების კუთხით, რათა ქვეყანამ კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდში ინვესტიციების მოზიდვა შეძლოს.

„პანდემიის პირობებში ყველა დიპლომატიური მისია იყო ჩართული ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოსთვის მხარდაჭერის მიღების მიზნით. ეს ის ეკონომიკური მხარდაჭერაა, რომელიც საქართველომ მოიპოვა, იგივე დონორი ორგანიზაციების მხრიან, მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის მხრიდან, ეს ყველაფერი განხორციელდა ჩვენი დიპლომატიური სამსახურის აქტიური ჩართულობით. თუნდაც იგივე PCR-ტესტების შემოტანის საკითხზე, ვაქცინების საკითხზე, ყველა ჩვენი დიპლომატიური მისია არის ამაში ჩართული. უპრეცედენტო ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა საქართველომ...

ურთულესი სიტუაციაა მსოფლიოში. ჩვენ ვმუშაობთ კონკრეტული მიმართულებით ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. პრემიერმა ბოლო ვიზიტის დროს, ბრიუსელში, ხაზგასმით ისაუბრა შავი ზღვის მნიშვნელობაზე და შავი ზღვის, როგორც ევროკავშირთან ჩვენი დამაკავშირებელი კორიდორის, მნიშვნელობის წამოწევაზე. შავ ზღვას ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იგივე სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების განვითარების და შესრულების თვალსაზრისით. ყველა ამ ძირითად მიმართულებებზე ჩვენი დიპლომატიური კორპუსი არის მობილიზებული.

ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამერიკელ პარტნიორებთან. მხარდამჭერი აქტი, რომელიც ხაზს უსვამს თავისუფალი ვაჭრობის კუთხით ამერიკასთან მოლაპარაკების გახსნას - ესეც არის შესაძლებლობა, ამიტომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ამ მიმართულებით საქმიანობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მან ასევე მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, ცენტრალური და სამხრეთ აზიის ქვეყნებთან, ასევე სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა.

როგორც ზალკალიანი ამბობს, ის უახლოეს მომავალში ვიზიტებს გამართავს სხვადასხვა ქვეყანაში და ექნება პრეზენტაციები, საიდანაც შესაძლებელია საქართველოს გავლით დამატებითი ტვირთების მოზიდვა.