მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას აკეთებს და რამდენს ხარჯავს ხელფასებზე სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტი?

5ddc081947d76
BM.GE
25.11.19 21:55
2734
სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტში, რომელიც 2018 წელს შეიქმნა, ამჟამად 14 ადამიანია დასაქმებული. როგორც bm.ge-ისთვის ოფიციალურად მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, დეპარტამენტმა თანამშრომლების შრომის ანაზღაურებისთვის 2019 წლის პირველი ათი თვის მდგომარეობით, 325 260 ლარი დახარჯა. რაც შეეხება გასულ წელს, მან ხელფასებისთვის 387 146 ლარი დახარჯა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ბიუჯეტი როგორც 2018, ასევე 2019 წელს 500 000 ლარს შეადგენს.

რას აკეთებს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი?
როგორც სახელმწიფო ენის დეპარტამენტში აცხადებენ, სსიპ-ისმიზნებია სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვა,მისი პოპულარიზაცია, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენა და დამკვიდრება და სახელმწიფო ენის განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება/ხელშეწყობა.

რაც შეეხება პროექტების სიას, რომლებზეც სახელმწიფო ენის დეპარტამენტს ამ დრომდე უმუშავია, შემდეგნაირად გამოიყურება:

• მომზადდა და გამოიცა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის პირველი ბიულეტენი − „გავრცელებულ ენობრივ შეცდომათა ლექსიკონი“; მისი ელექტრონული ვერსია განთავსდა დეპარტამენტის ვებგვერდზე;
• სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ მხარდაჭერით შეიქმნა სატელევიზიო პროექტი „ილაპარაკე ქართულად!“. პროექტის ფარგლებში იქმნება ვიდეორგოლები შემდეგ თემებზე: ცნობილი გამონათქვამების ისტორიები; მოგზაური სიტყვები; შემოჩვეული ბარბარიზმები; ვწეროთ და ვიმეტყველოთ სწორად.

• სახელმწიფო დეპარტამენტმა ლიდზის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გამოსცა ორი სასწავლო ტიპის ლექსიკონი, რომლებიც აგებულია სიხშირული ლექსიკონების შექმნის პრინციპით: ქართულ-აფხაზურ-ინგლისური და ქართულ-ოსურ-ინგლისური სიხშირული ლექსიკონები;

• თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტთან ერთად შეიქმნა: ფერეიდნული დიალექტის კორპუსული ლექსიკონი; იმერული დიალექტის კორპუსული ლექსიკონი; თუშური დიალექტის კორპუსული ლექსიკონი. წიგნები წარდგენილი იყო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე;

• ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარდგენილი იყო სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი გამოცემა _ პროფ. თინათინ ბოლქვაძის ინგლისურენოვანი მონოგრაფია „საქართველოს ენები“;

• შეიქმნა ქალაქ თბილისის ქუჩების დაწერილობის ინგლისური თარგმანების უნიფიცირებული ბაზა (2000-ზე მეტი დასახელება), რომელიც ექსპერტთა კომისიის დასკვნის საფუძველზე უნდა წარედგინოს თბილისის მერიას ქუჩების სახელების ინგლისურენოვანი თარგმანების უნიფიცირებისათვის. ამასთან ერთად, შემუშავდა პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს ამგვარ უნიფიკაციას და სავალდებულოა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გასავრცელებლად;

• ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით დეპარტამენტმა მოამზადა მსოფლიოს საფეხბურთო ნაკრებთა შემადგენლობების სწორი დაწერილობების სარეკომენდაციო ცხრილი, რომელიც წარედგინა სპორტის ჟურნალისტებს;

• საქართველოში სუმოს პოპულარობის გამო, გადაწყდა ჯერ კიდევ არ დამკვიდრებული სუმოს ტერმინოლოგიის ქართული შესატყვისობების დადგენა და გავრცელება, ქართული სუმოს ქომაგებთან, იაპონურის ენის სპეციალისტებთან ერთად დეპარტამენტი ამზადებს გამოსაცემად სუმოს ქართულ ტერმინოლოგიას.