მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას აკეთებს საქართველო შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტის დაჩქარებისთვის?

63adb2997c876
თელარა გელანტია
29.12.22 23:55
762
შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტი, რომელიც აზერბაიჯანის- საქართველოს - რუმინეთისა და უნგრეთის ელექტროსისტემებს დააკავშირებს, აქტიურ ფაზაში გადადის. იდეა, რომელიც წლების წინ გაჩნდა და შორეულ პერსპექტივად მიიჩნეოდა, დღის წესრიგში დაბრუნდა. ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროების ძიების ფონზე ევროკავშირში პროექტის მიმართ ინტერესი გაიზარდა. 12 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ EU Global Gateway Board-ის შეხვედრაზე განხილული იქნა ევროკავშირისა და საქართველოს დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელის პროექტიც. ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, ამ ეტაპზე აღნიშნულ პროექტში 2.3 მილიარდი ევროს ინვესტირება განიხილება. სწორედ ეს თანხა განისაზღვრა 2020 წელს, მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული წინასწარი კვლევის თანახმად პროექტის ბიუჯეტად. პროექტთან დაკავშირებით ბევრი დეტალი ჯერ კიდევ უცნობია. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იტალიური CESI -ის მიერ მიმდინარეობს და 2023 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას წამყვანმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ჰკითხა - რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტის განხორციელების დაჩქარებისთვის, რათა ის ინტერესი, რომელიც არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ევროპას გააჩნია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ და შავ ზღვაში აშენდეს ელექტროკაბელი, რომლითაც საქართველოდან ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტი გახდება შესაძლებელი.



ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს პროექტი საქართველოს მიერ არის ინიცირებული და შესაბამისად, საქართველო უნდა იყოს და არის კიდეც წამყვანი. აღნიშნულის არგუმენტად ლევან დავითაშვილმა მოიყვანა ე.წ. Feasibility კვლევები, რომელიც მიმდინარე წლის მაისში სწორედ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დაკვეთით დაიწყო.

„რაც შეეხება კითხვას - რას ვაკეთებთ პროექტის განხორციელების დაჩქარებისთვის, მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ დროს არ ვკარგავთ. პირიქით, ბოლო შეხვედრაზე წარმოდგენილი გეგმის ასწრაფება მოვითხოვე კონსულტანტებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ Feasibility კვლევის პარალელურად, (რომელიც მომავალი წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს), მოვითხოვე სხვა საჭირო კვლევების ჩატარება, რომელიც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგების შემდეგ იყო დაგეგმილი - ვგულისხმობ შავ ზღვაში გეოლოგიური კვლევების ჩატარებას. მომავალი წლის იანვარში ალბათ გვექნება კონკრეტული ტექნიკური დავალება, რომლის მიხედვითაც, უნდა შევარჩიოთ კონტრაქტორი, ვინც შავი ზღვის ფსკერს გამოიკვლევს. ეს უნდა მოხდეს ზაფხულში ანუ სწორ დროს და უკვე 2023 წლის სექტემბერში, გვინდა, გვქონდეს სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რათა პროექტის განხორციელების ეტაპზე გადავიდეთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა და დასძინა, რომ შავ ზღვის ფსკერის კვლევისთვის საქართველო ისევ მსოფლიო ბანკისგან იღებს სესხს, რომლის მოცულობა 30 მლნ ევროა.

„დღეს, ჩვენ არ ველოდებით ფულის მოზიდვას ან შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტისთვის ახალი კომპანიიის შექმნას, სტრუქტურირებას, როგორი ფორმით განხორციელდება პროექტი“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას - როგორ შეიძლება გადანაწილდეს 2-3 მლრდ ევრო, რომელიც შავ ზღვაში ელექტროკაბელის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულებაა, ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი, ჯერჯერჯობით, ღიაა, თუმცა ეს საქართველოს ხელს არ უშლის საჭირო კვლევების ჩატარებაში, რადგან პროექტი ეკონომიკურად გამართლებულია.