მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას აპირებს პირბადეების მწარმოებელი "რესპირატორი" პოსტპანდემიურ პერიოდში?

5f537218efd07
ლიკა გურაბანიძე
06.09.20 16:30
1608
"პანდემიამდე მთელ საქართველოში თვეში მაქსიმუმ 1 მლნ პირბადე იყიდებოდა, ხოლო ახლა მხოლოდ ჩვენი წარმოება თვეში 5-6 მლნ-ია,” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” საწარმო “რესპირატორის” დამფუძნებელმა სერგო გალუსტიანმა განაცხადა.

როგორც გალუსტიანმა განმარტა, როდესაც პანდემიის შემდგომ რესპირატორებზე მოთხოვნა კვლავ 1 მლნ-იან ნიშნულს დაუბრუნდება, ქვეყანას ისევ მხოლოდ ერთი საერთაშორისო მომწოდებელი ეყოლება.

“ერთი პირბადის თვითღირებულება დაბალი იქნება და დამატებით ის, რომ იმაზე 6-ჯერ უფრო ნაკლების წარმოება მოგიწევს, ვიდრე წარმადობის შესაძლებლობა გაქვს, სავარაუდოდ, ასეთ შემთხვევაში, ხელფასების ხარჯებსაც ვერ დაფარავ. სწორედ ამიტომ, ქვეყნისთვის რესპირატორების კვლავ ერთი საერთაშორისო მომწოდენელი დარჩება. 1 მლნ ჩვენთვის მხოლოდ 7 დღის სამუშაოა", - აღნიშნა “რესპირატორის” დამფუძნებელმა.

მისივე თქმით, დღეს განსხვავებული ვითარებაა, რადგან ის რესპირატორები, რაც ახლა იწარმოება, საქართველოსთვის არასაკმარისია.

“რასაც ვაწარმოებთ საქართველოსთვის, არასაკმარისია; საქართველო უფრო მეტ რესპირატოორს მოიხმარს, ამიტომ ჩინეთიდან პროდუქტი ისევ შემოდის. ჩინეთი ნედლეულის ყველაზე მსხვილი მომწოდებელიცაა და ნედლეულის ფასი ყოველთვიურად იკლებს. დღეს რესპირატორებზე მოთხოვნა გაზრდილია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც იდენტური მდგომარეობაა - მათ წარმადობები დაამატეს. მოთხოვნა პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე თუ დღეში რამდენი ადამიანი ინფიცირდება და მოხდა თუ არა რომელიმე რეგიონის ჩაკეტვა. თუ რომელიმე რეგიონი ჩაიკეტა, ფარმაცევტული კომპანიები ან სამედიცინო დისტრიბუტორები მარაგების შეძენას იწყებენ და მოთხოვნა იზრდება",  - განმარტა გალუსტიანმა.

შეგახსენებთ, რომ საწარმო “რესპირატორს” ამ დროისთვის 12 მლნ-ზე მეტი პირბადე აქვს შეკერილი. მის შექმნაში, ჯამში, დაახლოებით, 2 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელდა. “რესპირატორი” ყოველდღიურად 200-დან 250-ათას ცალ პირბადეს აწარმოებს, რომელსაც ფარმაცევტულ კომპანიებს, ბანკებს, მსხვილ კომპანიებს, ასევე, სხვადასხვა ტიპის დისტრიბუტორებს აწვდის.