მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ცვლის გადახდის DRG-მეთოდზე გადასვლა კლინიკებისთვის? - განმარტება

634d2f0494777
ინგა მურუსიძე
17.10.22 14:37
685
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაურის განმარტებით, DRG-მეთოდის ამოქმედება კლინიკებისთვის და მოქალაქეებისთვის ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ დიაგნოზზე განსაზღვრული იქნება ტარიფი და ცალკეული მომსახურებისთვის კლინიკებს პაციენტებისთვის დამატებითი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ. მისივე თქმით, გადახდის ახალი მეთოდი მნიშვნელოვანი იქნება საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების მიმართულებით.

როგორც ის აცხადებს, ნებისმიერ დიაგნოზზე განსაზღვრულია ტარიფი და დადგენილებაში არის განსაზღვრული ამ ტარიფის თანაგადახდის მოცულობა(10%, 20%, ან 30%). ილია ღუდუშაურის განმარტებით, პაციენტს ეცოდინება ფასი და გარკვეული თანხის ზემოთ გადახდის მოთხოვნის უფლება კლინიკას არ ექნება.

„დღემდე საყოველთაო დაფინანსებით კონკრეტულ ჩარევასთან დაკავშირებით განსაზღვრული იყო ტარიფი, კონკრეტულ პაციენტს იმის მიხედვით უნაზღაურდებოდა თანხა, თუ რა ჩარევა დასჭირდებოდა. DRG-ის პრინციპი გულისხმობს იმას, რომ პაციენტს დაფინანსება დიაგნოზის მიხედვით უნაზღაურდება. შესაბამისად, კონკრეტულ დიაგნოზზე განსაზღვრული არის კონკრეტული ტარიფი, არ აქვს მნიშვნელობა, რა ჩარევა სჭირდება, ოპერაცია, რეანიმაცია თუ ა.შ. ყველა ეს ჩარევა უნდა გაკეთდეს და სახელმწიფო დიაგნოზის მიხედვით უხდის.

იცვლება მხოლოდ გადახდის პრინციპი. გადახდის პრინციპი არის ურთიერთობა კლინიკებსა და სახელმწიფოს შორის, პაციენტისთვის არაფერი იცვლება გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ადგენს ახალი თამაშის პირობებს კლინიკებისთვის. თუ დღემდე კლინიკას შეეძლო, რომ მოეთხოვა პაციენტისთვის თანაგადახდის გარდა დამატებითი დაფინანსება, მას შემდეგ, რაც ახალი მოდელი გაეშვება, ამის უფლება კლინიკას აღარ ექნება", - განაცხადა ღუდუშაურმა.