მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ცვლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ქონების აღსრულებასთან დაკავშირებით

5def7fa4a8b0c
შოთა ტყეშელაშვილი
10.12.19 16:12
2418
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 14 ნოემბერს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნო "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 75-ე მუხლის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ქონებაზე, "თუ დადგენილი წესით ჩატარებული აუქციონი, რომელიც შედგება პირველი აუქციონისა და ორი განმეორებითი აუქციონისაგან, უშედეგო აღმოჩნდა და ქონება არ გაიყიდა, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან."

აუდიტორული კომპანია Delloitte-ის მიერ გამოქვეყნებული იურიდიული მიმოხილვის მიხედვით, სადავო ნორმის მიხედვით, სამ აუქციონზე ქონების რეალიზაციის შეუძლებლობის შემთხვევაში ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და ამ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოება აღარ განხორციელდება.

"ქონების ყადაღისგან გათავისუფლება შესაძლებლობას აძლევს მის მესაკუთრეს თავისუფლად განკარგოს იგი, მათ შორის გაასხვისოს სხვა პირზე. სასამართლოს შეფასებით, სადავო ნორმა ფაქტობრივად გამორიცხავს კრედიტორის მიერ ამ ქონების სამომავლოდ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოყენებას, მათ შორის იმ შემთხვევაში, როდესაც აშკარად გაზრდილია ქონების შეძენის მიმართ ინტერესი და მისი რეალიზაციის შანსი. ამ თვალსაზრისითაც, სადავო ნორმა იმაზე ფართო შეზღუდვას აწესებს, ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არის საჭირო. სასამართლოს აზრით, კანონმდებელს შეეძლო შეემუშავებინა უფლების ნაკლებად მზღუდავი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მხედველობაში იქნებოდა მიღებული ქონების გარკვეული ვადის შემდგომ რეალიზაციის შესაძლებლობა და უვადოდ არ გამოირიცხებოდა კრედიტორის მიერ საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ამ ქონების გამოყენება.

სასამართლოს მოსაზრებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა იმაზე ფართოა, ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არის ობიექტურად საჭირო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-8 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სამი აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში მოვალის ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებას და ამ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან სააღსრულებო წარმოების განხორციელების აკრძალვას, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით- ნათქვამია", - Delloitte-ის იურიდიულ მიმოხილვაში.