მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ცვლის სებ-ის რეგულაციები მსესხებლებისთვის - ლუკა მიმინოშვილის ბლოგი

62f11b8ca5f96
BM.GE
08.08.22 20:00
4041
საქართველოს ეროვნულ ბანკზე, მის სტრუქტურაზე და მიზნებზე ბევრს არ ვისაუბრებ, საქმიანი საზოგადოებისა და BMG-ის მკითხველისთვის ეს ნაწილი ისედაც ცნობილია. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, სებ-ი ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში, ყველა დროსა და მმართველისას გამოჩნდება ხოლმე მისი პოლიტიკის დამცველი თუ გამკრიტიკებელი. გამონაკლისი არც ბოლო პერიოდია.

გაზრდილმა ინფლაციამ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთმა და სავალუტო ბაზრის მიმართულებით არსებულმა პროცესებმა კვლავ წინა პლანზე წამოწია კითხვები სებ-თან, ამას თან ერთვის თავად ეროვნული ბანკის ინიციატივები და რეგულაციები, რაც საზოგადოებაში დამატებით კითხვებს აჩენს.

მოქალაქეთა დიდი ნაწილი, ინფლაციისა და სავალუტო კურსის ცვლილებებისგან განსხვავებით, საბანკო რეგულაციათა მიმართულებით სიახლეებს მხოლოდ მაშინ იგებს, როცა პრაქტიკაში შეეხებათ ხოლმე. (ინფლაციასაც და სავალუტო ბაზრის მერყეობასაც ხომ ამიტომ ვაკვირდებით, რომ ეს მაჩვენებლები ჩვენს ყოველდღიურობაზე ახდენს გავლენას).

საბანკო რეგულაციათა თუ წესთა ცვლის ნაწილში გამონაკლისი არც 2022 წელი არაა.

2 მარტს სებ-ში ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა გაიმართა, აღნიშნულ სხდომაზე რამდენიმე საკითხის განხილვა და შეფასება მოხდა, თუმცა დღეს ორ მათგანზე ვისაუბრებ:

• ცვლილება PTI კოეფიციენტის ნაწილში
• ცვლილება ცვლადგანაკვეთიანი კრედიტის დაანგარიშების პირობაში

წარსულში უკვე ვისაუბრეთ  სებ-ის მიერ მიღებულ დაანგარიშების წესსა და კოეფიციენტებზე, აღნიშნული წეს-კანონი ჭარბვალიანობასთან ბრძოლის ფარგლებში იქნა შემოღებული. კოეფიციენტებმა ცვლილება რამდენიმეჯერ განიცადა.

2022 წლის 2 მარტის სხდომამ დადგენილ კოეფიციენტებს შორის ერთ-ერთი PTI (Payment to Income Ratio) კიდევ ერთხელ დააკორექტირა. საბოლოო ცვლილება 1 500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირთა დაკრედიტებას შეეხო. აქამდე არსებული წესის გათვალისწინებით თუ მსესხებლის შემოსავალი 1 000 ლარს აღემატებოდა, მაშინ ბანკს უფლება ქონდა შემოსავლის 50% დაეგეგმა სესხის ყოველთვიური სახდელისათვის, ცვლილების შემდეგ კი აღნიშნული შემოსავლის ზღვარმა 1 500 ლარამდე აიწია.

შედეგად, 1 500 ლარამდე შემოსავლის მქონეთ სესხის ყოველთვიურ სახდელად მხოლოდ შემოსავლის 25%-ის გამოყენება შეეძლებათ, 1 500 ლარს ზემოთ არსებული შემოსავლის შემთხვევაში აღნიშნული მაჩვენებელი 50% არის.


რა შეცვალა აღნიშნულმა წესმა 1 000-1 500-ლარიანი შემოსავლის მქონე მსესხებლისათვის?

თუ წესის ცვლილებამდე მსესხებლის განკარგვადი შემოსავალი 1 100 ლარი იყო, მას შეეძლო სამომხმარებლო სესხის სახით ესარგებლა ოთხ წლიანი კრედიტით, მაქსიმალური დასაგეგმი ყოველთვიური სახდელი კი შესაძლოა ყოფილიყო 550 ლარი, აღნიშნული სესხის 16%-ად სარგებლობის შემთხვევაში მაქსიმალური მისაღები თანხა შესაძლოა ყოფილიყო 19 500 ლარი.

წესის ცვლილების შემდეგ 1 100-ლარიანი შემოსავლის შემთხვევაში მაქსიმალური დასაგეგმი თანხა განისაზღვრა 275 ლარით, შესაბამისად იგივე ვადითა და პროცენტად კრედიტით სარგებლობის შემთხვევაში მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 9 750 ლარით.

ცვლილება თვალშისაცემია და აქედანვე ჩანს თუ რამდენად შემცირდა დაკრედიტების ლიმიტი მათთვის ვისი შემოსავალიც არ აღემატება 1500 ლარს.


რამდენ ადამიანს შეეხო აღნიშნული ცვლილება?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა მიხედვით, დასაქმებულთა უმეტესობის შემოსავალი არ აღემატება 1 500 ლარს, რაც საფინანსო ბაზარზე ჩართულ მოთამაშეთა შორის საკმაოდ დიდ რაოდენობას წარმოადგენს. გასათვალისწინებელია თუ რომელ სექტორებშია საშუალო ხელფასი ამ ზღვარს დაბლა, ესენია:

• სოფლის მეურნეობა
• დამამუშავებელი მრეწველობა
• ელექტროენერგია
• წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა
• ვაჭრობა
• ტრანსპორტი
• სასტუმროები და რესტორნები
• ადმინისტრაციული საქმიანობები
• განათლება
• ხელოვნება, გართობა და დასვენება

ეს ის სექტორებია, რომელი მიმართულებით მომუშავე ადამიანთა უმრავლესობასაც საჭიროებისა და პარალელური ვალდებულების არქონის შემთხვევაში მაქსიმუმ 9 750 ლარის მიღება შეუძლიათ, (ოთხწლიან სამომხმარებლო კრედიტად) ნაცვლად მანამდე არსებული 19 500 ლარისა, თუმცა ეს წესიც და დათვლაც მხოლოდ 15 აგვისტომდეა გამოსადეგი. რა იცვლება 15 აგვისტოს შემდეგ ამაზე ქვევით მოგახსენებთ.

PTI კოეფიციენტის გაზრდის მიზეზი კვლავ დაკრედიტების დონის სწრაფი ზრდა და ჭარბვალიანობის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკით იხსნება, თუმცა რეალურად რომ ვთქვათ, არსებობს სხვა ფანჯარაც, რომლიდანაც სხვა რეალობა შეიძლება დავინახოთ.

გაზრდილი ინფლაცია ზრდის მომხმარებელთა ყოველთვიურ ხარჯს აუცილებელი საჭიროების მხარეს, მომხმარებელს არ უმცირდება მოთხოვნა საკვებ პროდუქტზე, ტრანსპორტირების რაოდენობასა და საყოფაცხოვრებო ხარჯზე. იმ პირობებში კი როდესაც ყველა მიმართულებით მომსახურების მოცულობა მინიმუმ უცვლელია, იზრდება ერთეულის ფასი, იზრდება საკვები პროდუქტების, საწვავის, პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასი და ა.შ. ეს აჩენს რისკს რომ მანამდე არსებული წესი ვერ შთანთქავს ინფლაციის წილს და გაართულებს კრედიტის მომსახურებას, ამიტომ სებ-ი, ისე როგორც სხვა შემთხვევებში, აქაც ფაქტის დადგომამდე რეაგირებს, უბრალოდ რეაგირება მაშინ ხდება, როცა ეს გარდაუვალ რეალობად დგება ხოლმე.

არსებობს მოსაზრება, რომ რეგულაციები ეტაპობრივია და ნაკლებად აწვება საფინანსო სექტორის მოლოდინებსა და შედეგებს, თუმცა კომერციული ბანკის მესვეურთა ფრთხილი, თუმცა მაინც უკმაყოფილო განცხადებები დაგვარწმუნებს იმაში, რაც ისედაც ჩანს.

ჩანს შემდეგი: ქვეყნის, ბიზნეს სექტორისა და საცალო მომხმარებლის ფინანსური სტაბილურობა მნიშვნელოვანია როგორც სებ-ისთვის, ასევე კომერციული ბანკებისათვის, კომერციული ბანკები არსებული ბუფერებისა და შიდაპოლიტიკის მიხედვით წარმატებით ახერხებენ პორტფელის მართვას და ამას ადასტურებს საფონდო ბირჟაზე დალისტულ ბანკთა, რეგიონთან შედარებით უკეთესი მაჩვენებელი ე.წ. BETA .

ინფლაციის დონის ვერ შენარჩუნების ასახვა მომხარებლის მხარეს სების მხრიდან რამდენად სწორი ნაბიჯია ამას სხვანი შეაფასებენ.

ცვლად განაკვეთიანი სესხები და მასთან დაკავშირებული ცვლილებები, 2 მარტს განხორციელებული მეორე ცვლილება ცვლად განაკვეთიან სესხებს შეეხო.


სანამ უშუალოდ ცვლილებაზე გადავალთ მანამდე რა არის ცვლად განაკვეთიანი სესხი ?

საპროცენტო განაკვეთის ტიპის მიხედვით განარჩევენ სამი ტიპის სესხს, ესენია:

• ფიქსირებულ პროცენტიანი სესხი (სესხის სრული ვადის განმავლობაში პროცენტი ფიქსირებულია)
• მცურავ განაკვეთიანი სესხი (აღნიშნული სესხი ვალუტის შესაბამისად ძირითადად მიბმულია ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე)
• შერეული სესხი (აღნიშნული სესხი იძლევა საშუალებას გარკვეული პერიოდი ისარგებლოდ ფიქსირებული პროცენტით, ხოლო აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ სესხი მცურავ განაკვეთიან სესხად გარდაიქმნება)

ფაქტიურად ცვლილება ჩამოთვლილ სამს შორის ორს შეეხო, ცვლილებები მცურავგანაკვეთიან და შერეული სესხების შემთხვევაში მოხდა.
სებ-ის მიხედვით, ცვლილებათა მიზანი საპროცენტო რისკის შემცირება იყო, რომელიც მსოფლიო ბაზრებზე აშშ დოლარსა და ევროზე საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდის წინაპირობების გათვალისწინებით არის გამოწვეული.

სებ-ის განცხადებით აღნიშნული რისკის საპასუხოდ საჭირო ბუფერების არსებობისთვის, კომერციულმა ბანკებმა ცვლადგანაკვეთიანი კრედიტის გაცემისას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების დროს 3 პროცენტული პუნქტი საპროცენტო განაკვეთის შოკი უნდა გაითვალისწინონ.

ცვლად განაკვეთიანი და მცურავი ტიპის სესხების ჯამური რაოდენობა საკრედიტო პორტფელის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს, მიუხედავად იმისა რომ რედაქტირება არსებული სესხების შემთხვევაში არაფერს შეცვლის საგულისხმოა, რომ ახალი სესხის აღების შემთხვევაში თუ თქვენ უკვე სარგებლობთ ცვლადგანაკვეთიანი სესხით თქვენი სესხის მომსახურებაც 3%-იანი ნამატით დაითვლება, სამომავლოდ სესხის მოთხოვნის შემთხვევაში ეს ასევე შეამცირებს მისაღები კრედიტის ჭერს.ცვლილებები სებ-ის პოლიტიკით იხსნება.

სები მიყვება დედოლარიზაციის პოლიტიკას, ამასთან აღნიშნულს ხსნის მაკროეკონომიკური ფაქტორების სტაბილურობით ან/და მოქალაქეთა გადახდისუნარიანობის რისკის შემცირებით, თუმცა აღნიშნულ დროს თითქოს უგულებელყოფილი რჩება ყველაზე მნიშვნელოვანი ინფლაციური მაჩვენებელი.

ფაქტია, რომ გამყარებული ლარიც კი ვერ/არ ცვლის მოქალაქეთა დამოკიდებულებას აშშ დოლარისადმი, რადგან მოქალაქეთა შეფასებით ლარის გამყარება დროებითი ეფექტითაა გამოწვეული. თუმცა ბოლო მოვლენებზე დაკვირვება გვაფიქრებინებს რამდენად „დროებითია“ ეს ეფექტი და რამდენად არის მიბმული ის პოლიტიკურ გადაწვეტილებებზე. ეს ცალკე სასაუბრო საკითხია და ამაზეც აუცილებლად დავწერ.

რეგულაციების ახალი ტალღა, ვალდებულებების ლიმიტის ჭერის დაწევა და ასევე სავალუტო სესხების ვადის შემცირება, რაც 10 წლამდე ვადით შემოიფარგლა, ხელოვნური ბარიერების გაწევის მაგივრად, მოქალაქეებს აიძულებს ისარგებლონ უფრო დიდი წნეხის მქონე პროდუქტით. ასეთი წესები და რეგულაციები როგორც წესი შავ ბაზარს აცოცხლებს.

თითქოს ახალი ცვლილებების მოლოდინში არ უნდა ვყოფილიყავით, თუმცა სებ-მა დაიწყო საუბარი სავალუტო დაკრედიტების მიმართულებით სარეზერვო მოთხოვნის ზრდაზე (კომერციულ ბანკებს სესხის გაცემისა თუ მოზიდვისას უწევთ თანხის დარეზერვება, აღნიშნულმა უნდა უზრუნველყოს მათი ლიკვიდურობა და საბოლოო ჯამში მთლიანი ეკონომიკის სტაბილურობა) კომერციულ ბანკთა და ბიზნეს სექტორის წინააღმდეგობამ ასევე სებ-ის გადაუთქმელმა სურვილმა მოლაპარაკებაში ახალი ZOPA აპოვნინა მხარეებს.

ეს ნაპოვნი „ოქროს შუალედი“ კი 1-წლიანი წესია, არ მოგესმათ ეს ისეთ წესია, რომელიც ვიცით რომ განსაზღრული ვადით 1 წლით იმოქმედებს. (არადა 2021 წლის თებერვალში ვსაუბრობდით იმაზე რომ წესებს გარკვეული ვადები უნდა ჰქონდეს ან/და დათქმა რომ ამ მაჩვენებლის მიღწევის შემთხვევაში სხვა თანაბარ პირობებში წესი გაუქმდება.

რატომ ?

მოლოდინების და წინასწარ განსაზრული გეგმის გარეშე რთულია გრძელვადიანი გეგმის გაწერა, მოქალაქეებმა და დავიწყეთ გრძელვადიანი გეგმების დასახვა და მისკენ სიარული, რაში პარტნიორადაც სწორედაც საბანკო სექტორი გვევლინება. ამ პარტნიორობაში კი მნიშვნელოვანი ნაწილი ფულადი სახსრების ხელმისაწვდომობაა რასაც როგორც ბოლო რამოდენიმე წელმა აჩვენა სრულად სები განსაზღვრავს) ერთ წლიანი წესი სამომხარებლო სესხების ვადის შემცირებას გულისხმობს.

აგვისტოს სტარტზევე გავიგეთ რომ უგირავნო სამომხმარებლო სესხების ვადა 3 წლით განისაზღვრა.

ეს კი კიდევ უფრო ამცირებს ზევით მოცემულ დათვლებს, თუ რამდენად მოდით ერთად გადავითვალოთ.

1 100 ლარიანი შემოსავლის მქონე მოქალაქისათვის ზღვარი 25%-მდე შემცირდა, დასაგეგმი ყოველთვიური სახდელი 275 ლარით განისაზღვრა ვადა კი სამ წლამდე შემცირდა.
ამ ცვლილებებმა ჯამში მისაღები კრედიტის მოცულობა მანამდე არსებული 19 500 ლარის მაგივრად 7 800 ლარამდე შეამცირა.
ეს ის სექტორია, რომელიც აკვირდება ეკონომიკურ სურათს, აანალიზებს სცენარებს, უყურებს ფინანსურ მაჩვენებლებს, განსაზღვრავს საოპერაციო ნაწილს და ალბათ ნაფიქრიც აქვთ რას კარგავენ ამ ყველაფრით.

ის, რომ მოგება კვლავ ექნებათ, დაკრედიტება გაიზრდება და ა.შ. არ ნიშნავს რომ ნეგატიური სურათი არ არსებობს, ნეგატიური სურათია ის, რასაც ვერავინ ხედავს.

რა იქნებოდა რეგულაციამდე და რა იქნება ახლა რეგულაციის შემდეგ.


მეტი რეგულაციისგან განსხვავებული ხედვა

თუ გვინდა რომ შევამციროთ რისკი მოქალაქეთა მხარეს, ასევე შევამციროთ სავალუტო ცვლილების ნეგატიური ეფექტი ამისათვის შესაძლებელია, რომ ვალუტაში გაცემული სესხების ვადა კი არ შევამციროთ, არამედ გავზარდოთ.

შემცირებული ყოველთვიური სახდელის შემთხვევაში ვალუტის კურსის ცვლილების ეფექტი გაცილებით უფრო ნაკლები იქნება, ასევე ნაკლები იქნება წნეხი სესხის მომსახურებისათვის ვალუტის შეძენის ნაწილშიც, რადგან შესაძენი და გადასახდელი თანხა უფრო გრძელ ვადაზე გადანაწილდება.

ალტერნატიული ხედვა დღევანდელი რეგულატორისათვის საუკეთესო გამოსავლად მიმაჩნია, მიუხედავად ისტორიის თუ მდგომარეობის იდენტურობისა გვჭირდება არასტანდარტული ხედვა და ნაბიჯები, ეს კი ჩვენი შესაქმნელია.

რეგულაციების 6 წლის თავზე კი შედეგებს გაუმჯობესების არაფერი უჩანს, მინიმუმ ძირითადი სამიზნე ინდიკატორი (ინფლაციის მაჩვენებელი) უფრო მეტად ცდებოდა ვიდრე ედრებოდა მიზნობრივ მაჩვენებელს.

ამასობაში კი მოახლოვდა 2023 წლის მარტიც და ახალი ეკონომიკური ხედვებისა და ფილოსოფიის სებ-ის პრეზიდენტის მოლოდინში ვაკვირდებით მოვლენებს, რადგან რთულია დარჩენილ ვადაში რამე მნიშვნელოვნად შეიცვალოს ან/და ამ ცვლილებებმა მოქალაქეთათვის რაიმე სასიკეთო ასახვა ჰპოვოს.

ბოლო ცვლილებებს კი დაკრედიტების ჭერის მნიშვნელოვანი შემცირება და მოქალაქეთა სურვილთა თუ მოთხოვნილებათა ჩარჩოს მეტად დავიწროვება მოყვა, ის რაც ჯერ შედეგად არ გვინახავს მომავალ თვეებში კიდევ უფრო ნათლად აისახება შესაბამის ჯგუფებზე.



<ბლოგში მოცემული შეფასებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ ემთხვეოდეს BMG-ის რედაქციის პოზიციას>