მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას დაჰპირდა გახარია კლინიკებს და რა დავალება მიიღო ეკატერინე ტიკარაძემ პრემიერისგან

5de7ccc260304
თელარა გელანტია
04.12.19 19:09
14026
პრემიერ-მინისტრსა და 30-მდე კლინიკის წარმომადგენელს შორის მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებული შეხვედრა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც ესწრებოდა დასრულდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ზაზა ლაზარაშვილმა განუცხადა, შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ტარიფიკაციაზე იმუშავებს.

მისივე თქმით, კონკრეტული დავალება მიიღო ჯანდაცვის მინისტრმა.

„კონკრეტულდ 520-ე დადგენილების გადავადებაზე იყო უარყოფითი დამოკიდებულება იმ მოტივით, რომ პროგრამა უნდა განვითარდეს, მაგრამ პრემიერი დაგვპირდა, რომ უმოკლეს ვადაში, რამდენიმე დღეში ორ პრინციპულ საკითხს განიხილავს. ასევე დავალება მიეცა ჯანდაცვის მინისტრს, რომ უმოკლეს ვადებში, საუბარია დღეებზე, ის უზუსტობები და შეცდომები რაც არის თვითონ ამ ტარიფებში, გასწორდეს.

მეორე თემა შეეხებოდა პაციენტთა ჩართულობის საკითხს და მათი ინფორმირებულობის და სურვილის შემთხვევაში, თანამონაწილეობის თემას და ამ შემთხვევაშიც პრემიერმა განაცხადა, რომ 2-3 დღეში ამ საკითხზე იმსჯელებენ და გარკვეულ დასკვნებს გააკეთებენ“, - განაცხადა ლაზარაშვილმა.

კითხვაზე - თანახმაა თუ არა მთავრობა, რომ 520-ე დადგენილებით დამტკიცებული ტარიფები დაკორექტირდეს, ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „მათი (მთავრობის) პოზიციაა ესეთი, რომ იქ სადაც არის კაზუსები და ჩვენ ვთვლით, რომ პრინციპულად არის შეცდომები, მათ განაცხადეს, რომ ეს, რა თქმა უნდა, უნდა შეიცვალოს და ლოგიკური ტარიფები უნდა დაიდოს“.

რაც შეეხება ეკატერინე ტიკარაძის როლს ამ შეხვედრაში, ლაზარაშვილმა თქვა, რომ „მინისტრმა მიღო დავალება“.

„როგორც ჩვენ მივხვდით, ხვალიდან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ამ ტარიფების დახვეწისთვის და გასწორებისთვის. სამუშაო ჯგუფში არ ვიცი ვინ შევა სამინისტროს მხრიდან, მაგრამ კლინიკების მხრიდან იქნებიან ფინანსისტები, ასევე დარგობრივი ასოციაციები... ჩემი კოლეგებიც ეთანხმებიან და ჩემი პირადი მოსაზრებაცაა, რომ არასწორი განფასება არის შედეგი იმ არასწორი პირველად განფასების, რაც უნდა განფასებულიყო და აქ იყო ძაღლის თავი დამარხული“, - განაცხადა ლაზარაშვილმა.