25.მაისი .2020 19:28

რას ელოდებიან და რა სჭირდებათ დეველოპერებს - "რედკოს" ხელმძღვანელი

views 406
უკან

საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ 19 მაისს სამშენებლო სექტორისთვის კვირის ბოლომდე „შთამბეჭდავი“ მხარდაჭერის პაკეტის პრეზენტაცია დაანონსა, თუმცა პრეზენტაცია გასულ კვირას არ გამართულა.

როგორც BM.GE-ისთან საუბრისას დეველოპერული კომპანია „რედკოს“ დირექტორი მალხაზ კუნელაური აცხადებს, გასულ კვირას მთავრობას დეველოპერებმა თავისი ხედვები და ის გამოწვევები გააცნეს, რომლის წინაშეც ისინი პანდემიამ დააყენა.

კითხვაზე - როდის ელოდებით მხარდაჭერის პაკეტის პრეზენტაციას, მალხაზ კუნელაური აცხადებს, რომ მოლოდინის რეჟიმში არიან. „ვართ მოლოდინის რეჟიმში, როგორც ყველა. ვიცოდით, რომ იყო წინა კვირაში პრეზენტაცია და... ვნახოთ, ამ კვირაში დაველოდებით“, - აღნიშნა მან.

„რედკოს“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ მთავრობის მხრიდან მხოლოდ იპოთეკური სესხების თანადაფინანსება დარგის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს და მათ კომპლექსური ხედვა სჭირდებათ, რომელიც როგორც სახელმწიფო უწყებებში გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფეს, ასევე, ბანკში შემოსავლების დადასტურების გამარტივებასაც შეეხება.

„ერთმნიშვნელოვნად ბიზნესისთვის სუბსიდირება - ბიუჯეტიდან გადახდილი ფული, რომ კარგია ორჯერ ორი ოთხია, მაგაზე არ არის საუბარი, თუმცა სექტორის წარმომადგენლებს გვქონდა კითხვები როგორი მიზნობრივი მიმართულება ექნებოდა ამ პროგრამას, რა კატეგორიის მყიდველები დასუბსიდირდება, თუ იპოთეკური სესხების სუბსიდირება შეეხება ყველას, ვინც გადაწყვეტს ბინის შეძენას; ასევე, რამდენი პროცენტით დაუფინანსდებათ სესხი; თუ სხვა ხელშეწყობა იქნება, რა გათვლები შეიძლება გავაკეთოთ - რა სტიმულის მიმცემი იქნება ეს ბიზნესისთვის, რადგან თუ ყველას დაუსუბსიდირდება სესხის პოცენტი, ვისაც ბინის ყიდვა უნდა, გაურკვეველი დარჩება რა წახალისება მისცა სესხის პროცენტის თანადაფინანსებამ სექტორს და მომხმარებელთა რამდენი პროცენტს მისცა ბინის ყიდვის მოტივაცია", - განაცხადა კუნელაურმა. 

მისივე თქმთ, უძრავი ქონების გაყიდვები და უძრავი ქონების ბიზნესი არ არის დამოკიდებული მხოლოდ ერთ კომპონენტზე. "რედკოს" დირექტორი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია საგადასახადო შეღავათებიც, კერძოდ ის, რომ საშემოსავლო გადასახადი გარკვეულ შემთხვევაში ბიზნესში ჩარჩება. "ასევე, ვიცით, რომ საბანკო რეგულაციები გადაიხედა და დაკრედიტება უფრო მარტივად ხდება, თუმცა სესხის გადახდამდე მისასვლელად ქონების შეძენის მსურველმა, უნდა დაადასტუროს შემოსავლები, რამაც თავის დროზე საბანკო რეგულაციების ამოქმედებისას თვითდასაქმებული მოქალაქეების შემთხვევაში შესყიდვები შეამცირა, ამ ნაწილსაც სჭირდება გადახედვა და კვლავ ბანკებმა უნდა მოახდინონ რისკების შეფასება და სესხების გაცემა", - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, მალხაზ კუნელაურის აზრით,  გამომდინარე იქიდან, რომ უძრავი ქონებაზე, განსაკუთრებით ტურისტულ რეგიონებში, დიდი აქტივობა უცხოელებზე მოდის და საზღვრების ჩაკეტვის გამო ბიზნესი გაურკვევლობაშია, საჭიროა, ნათელი და გასაგები გზავნილების გაკეთება ტურისტების მოსაზიდად.

"საინტერესოა, როგორი იქნება მწვანე დერეფანი, რა მოლოდინები არსებობს, რა მექანიზმებს სთავაზობს ქვეყანა უსაფრთხოების კუთხით ტურისტებს. გააჩნია რა პოლიტიკა გვექნება, როდის შეიძლება ტურისტული აქტივობის დაწყება იმისთვის, რომ ბიზნესმა შესაძლო შემოსავლების დათვლა და საჭირო განსათავსებელი ნომრების მოძიება შეძლოს. ამასთან, აუცილებელია გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე კონკრეტული პროექტების დამტკიცების კუთხით, რათა ბიზნესმა შეძლოს თავისი დაწყებული საინვესტიციო პროექტების განხორციელება და ინვესტიციების ეკონომიკაში ჩასხმა“, - აცხადებს მალხაზ კუნელაური სექტორის საჭიროებებზე საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა