მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ელოდებიან ინვესტორები ხელისუფლებისგან ენერგეტიკის სექტორში?

61b1c59b2bb09
დავით ჯალაღონია
09.12.21 22:30
656
USAID-ის ორგანიზებით გამართულ სემინარზე ენერგეტიკული პროექტების საინვესტიციო რისკები განიხილეს. ღონისძიებაზე ასევე, განახლებადი ენერგიების განვითარების ტენდენციებსა და დეზინფორმაციის რისკებზე იმსჯელეს, რაც ენერგოპროექტების განვითარებას ხელს უშლის.

სემინარს კერძო სექტორიდან საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ინვესტორები ხელისუფლებისგან მკაფიო გზავნილებს და ხედვებს ელოდებიან, რათა სამომავლო პროექტები დაგეგმონ.

"მთავარი არის, ზუსტად გავიგოთ ენერგეტიკული პოლიტიკის ამოცანები რა უნდა იყოს. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ამოცანა არის მხოლოდ საბოლოო მომხმარებლისთვის ტარიფის შემცირება, ეს იმას გამოიწვევს, რომ ჩვენ ინვესტიციები არ გვექნება, მაგრამ თუ ვამბობთ, რომ ჩვენი მიზანია ერთდროულად ინვესტიციების წახალისება და ეკონომიკისთვის დამატებითი სტუმულის მიცემა უცხოური ინვესრტიციების მოზიდვის კუთხით, მაშინ ამ ამოცანას ცოტა სხვანაირი დანახვა სჭირდება, რადგან მე რასაც ვხედავ, ჯერჯერობით მთავარი ამოცანა არის საბოლოო მომხმარებლისთვის ფასის შემცირება, მაგრამ ამან შეიძლება საშუალო და მით უმეტეს, გრძელვადიან პერსპექტივაში მოგვცეს ის, რომ საერთოდ საკუთარი ელექტროენერგიის წარმოება აღარ გვქონდეს, რადგან თუ ინვესტიცია არ განხორციელდა, იმ გაზრდილ მოთხოვნას, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით და რასაც ვხედავთ, მით უმეტეს ტექნოლოგიების განვითარება ისე მიდის, რომ ორჯერ, სამჯერ გაიზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზე უახლოეს პერიოდში, თუ ამას დროულად არ ვუპასუხებთ, ხვალ ან ზეგ სერიოზული პრობლემა გვექნება და ეს უნდა იყოს პოლიტიკის მთავარი არსი", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

მან ასევე ელექტროენერგიის ბაზარზე დაგეგმილ სიახლეებთან ადაპტაციის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

"სიახლეებთან შეგუება თანაბრად, ბაზრის ყველა წევრს არ შეუძლია. ნებისმიერ სიახლეს გარკვეული გარდამავალი პერიოდი სჭირდება და ეს მტკივნეულია, როგორც ერთი მხარისთვის, რომელიც ელექტროენერგიას ყიდულობს, ასევე მეორე მხარისთვის, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და ბაზარს აწვდის. ამიტომ ჩვენ გვგონია, რომ ამ ერთწლიან შეგუების პერიოდში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს იყოს შედარებით გადატანადი და ამისთვის მაქსიმალურად უნდა ვუსმენდეთ კომპანიებს.

ეს გარკვეულწილად მტკივნეული იქნება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მეტნაკლებლად შევამსუბუქოთ ის პრობლემები, რაც შეიძლება ბაზარზე 2022 წლის პირველი მარტიდან წარმოიშვას", - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის დაწყება, ორჯერ გადავადების შემდეგ, 2022 წლის 1 მარტიდან იგეგმება.