მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ელოდებიან მსხვილი ენერგოპროექტების ინვესტორები საქართველოსგან

5ddce5ca2507b
დავით ჯალაღონია
27.11.19 09:20
1116
მსხვილი ენერგოპროექტების ინვესტორები მოლოდინის რეჟიმში არიან - ამის შესახებ Gross Energy Group-ის ფინანსურმა დირექტორმა ირაკლი ტყებუჩავამ ჰიდროელექტროსადგურების პროექტების განხორციელების ტემპებზე საუბრისას განაცხადა.

"ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფომ, როცა 515-ე დადგენილებაში ცვლილება მიიღო, ძალიან დიდი ხელშეწყობის მექანიზმი მისცა PPA-ის გარეშე ჰიდროელექტროსადგურებს, როდესაც ერთ მეგავატზე მშენებლობის გარანტია 100 ათასიდან 10 ათას აშშ დოლარამდე შემცირდა. ამან უკვე ჰპოვა ასახვა ჰესების ინვესტორებზე. ველოდებით, რომ სხვა წამახალისებელი მექანიზმიც იქნება ჰიდროელექტროსადგურების და ამ დარგის მიმართულებით.

ჯერჯერობით, დიდი პროექტების ინვესტორები მოლოდინის რეჟიმში არიან ამ ცვლილებებთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი ტყებუჩავამ.

Gross Energy Group-ი, რომელიც ელექტროსადგურების პროექტების საინჟინრო-საკონსულტაციო მომსახურებაზე მუშაობს, ამ ეტაპზე განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, 34 პროექტს განიხილავს.

"ჰესების პროექტები, რასაც განვიხილავთ, ჯამურად დაახლოებით, 300 მეგავატამდე დადგმულ სიმძლავრეს მოიცავს, ინვესტიცია 500 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. სულ 34 პროექტია და მათგან რამდენიმე მშენებლობის ეტაპზეა, ზოგი სანებართვო პროცესებს გადის, ორი პროექტი უშუალოდ მშენებლობის პროცესშია და დანარჩენი - ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის", - განაცხადა ირაკლი ტყებუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ ჰიდროელექტროსადგურების და ზოგადად, განახლებადი ენერგიების ათვისებითვის წამახალისებელი მექანიზმები მთავრობამ ახალი კანონის - "განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ კანონის" საფუძველზე უნდა დანერგოს, თუმცა დოკუმენტი პარლამენტს ჯერ არ დაუმტკიცებია. კანონპროექტი პარლამენტში ჯერ მეორე მოსმენით განხილვის ეტაპზეა, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე აღებული ვალდებულებების მიხედვით, გასულ წელს უნდა დამტკიცებულიყო.

აღსანიშნავია, რომ ამ კანონის მიღებას საქართველოს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანებაც ავალდებულებს, რომლის წევრიც საქართველო 2017 წელს გახდა. დედლაინის დარღვევის გამო კი, ამ ევროპული ორგანიზაციის სამდივნოს დირექტორმა 15 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მთავრობა გააკრიტიკა.