მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ფიქრობს მარიამ ქვრივიშვილი კურორტების სამართავად ახალი სსიპ-ების შექმნაზე

5e4a4193b0d83
ინგა მურუსიძე
17.02.20 11:42
1249
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი კურორტების მართვისთვის ახალი სსიპ-ების შექმნას მიზანშეწონილად მიიჩნევს.

როგორც ქვრივიშვილმა განაცხადა, ახალი სსიპ-ების სტრუქტურის შესახებ ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება ეფექტური იქნება.

„პრემიერმა დააანონსა ახალი ხედვა, თუ როგორ შეიძლება უფრო ეფექტურად იმართებოდეს კურორტები საქართველოში. ეს ეყრდნობა ძალიან სწორ მენეჯმენტ-გადაწყვეტილებას, რომელიც არის ერთიანი მართვის პრინციპი. რა ფორმით, როგორი სტრუქტურით იქნება წარმოდგენილი აღნიშნული უწყება, ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი ნაადრევია. ამაზე იმუშავებს ყველა ის უწყება, რომელიც პირდაპირ და არაპირდაპირ, გუნდურად არის დაკავშირებული კურორტებთან, მთასთან, ისე როგორც ტურიზმის ინდუსტრიასთან, თუმცა აქ მთელი ღირებულება არის ერთი - ის, რომ ჩვენ აღნიშნული ცვლილებით კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ სერვისები“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, „ეს არის ის პროცესი, რაც გააუმჯობესებს ჩვენს ზამთრის კურორტებზე მომსახურეობის ხარისხს და მეტად გაზრდის ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას, პოპულარიზაციას, ისევე როგორც იმ სერვისის მიწოდებას, რასაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული სტუმრები მიიღებენ“.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 24 იანვარს დავოსში დაანონსა, რომ კურორტების ეფექტურად სამართავად მენეჯმენტ-კომპანიები შეიქმნება. როგორც მოგვიანებით გაირკვა, პრემიერი გულისხმობდა ახალი სსიპ-ების შექმნას. აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე კანონ-პროექტში ცვლილებები შედის.