მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გააკეთებს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო - ახალი სსიპ ეკონომიკის სამინისტროში

5dcbe2854a01e
დავით ჯალაღონია
13.11.19 15:11
3740
2020 წლიდან საქართველოში ახალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტომ უნდა დაიწყოს მუშაობა. ამ სიახლეს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომლის ავტორიც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროა.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამია, ახალი უწყება უკვე მოქმედი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციების ნაწილს შეითავსებს.

"თავისი არსით განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე ნებართვის გაცემა და მშენებლობის ზედამხედველობა, ასევე ექსპლუატაციაში გაშვებული მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ინსპექტირება არსებითად განსხვავდება პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობისგან. ფაქტობრივად ამჟამად სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უწევს ერთმანეთისგან არსობრივად განსხვავებული ფუნქციების შესრულება. საერთაშორისო პრაქტიკაც მოწმობს, რომ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო არცერთ ქვეყანაში არ გასცემს მშენებლობის ნებართვებს და ეს სფეროები ცალსახად გამიჯნულია ერთმანეთისგან", - განმარტავენ კანონპროექტის ავტორები იმის დასასაბუთებლად, თუ რატომ უნდა შეიქმნას ახალი უწყება ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში.

ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო პროდუქტის ზედამხედველობას დოკუმენტური, ან/და ტექნიკური შემოწმებით განახორციელებს. ეს უწყება არ დაფარავს ისეთი პროდუქტების ზედამხედველობის საკითხებს, რომლებზეც "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" მოქმედება ვრცელდება.

ახალი სსიპ-ის ზედამხედველობას მაგალითად, არმატურა, ცემენტი, ელექტროკაბელები, ან პლასტმასის მილები დაექვემდებარება.

"ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს იმ პროდუქტის ნიმუშის/ნიმუშების მისთვის გადაცემა, რომლის თაობაზედაც მას აქვს ინფორმაცია ან/და საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროდუქტი შესაძლოა შეიცავდეს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, საკუთრებისა და გარემოსთვის", - წერია კანონპროექტში.

ეკონომიკური ოპერატორის მიერ სააგენტოსთვის ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ხელის შეშლა ან პროდუქციის რეალიზაციის შეჩერების შესახებ მარეგულირებლის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა 1000-დან 7000 ლარამდე ჯარიმებს ითვალისწინებს.

კანონპროექტი ახალი სსიპ-სთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას ითვალისწინებს. ამისთვის, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში 1 200 000 ლარია გათვალისწინებული.

"ამასთან, აღსანიშნავია, რომ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ასიგნება 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შეადგენდა 1 900 000 ლარს, თუმცა ვინაიდან ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციების ნაწილი გადადის ახალი სააგენტოს ფუნქციებში, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის ასიგნება შემცირდება 1 638 000 ლარამდე. რაც შეეხება საშტატო რიცხოვნობას, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში 2020 წლისთვის გათვალისწინებულია 45 საშტატო ერთეული (ნაცვლად დღეს არსებული 62-ისა), ხოლო ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოში − 35 საშტატო ერთეული", - წერია კანონპროექტში.