20.თებერვალი .2020 09:40

რას გულისხმობს აგროტურიზმის რეგულირების კანონპროექტი?

views 1209
უკან

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ აგროტურიზმის რეგულირების კანონპროექტზე მუშაობა 7 თვის წინ, იტალიაში ვიზიტის შემდეგ დაიწყო და დღეს უკვე ქართულ რეალობაზე მორგებული ჩარჩო-დოკუმენტი განსახილველად პარლამენტის აგრარულ კომიტეტშია შეტანილი.

ამის შესახებ BM.GE-ის ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნინო ზამბახიძემ განუცხადა.

როგორც 18 თებერვალს პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა 2020 წელს პარლამენტი „აგროტურიზმის მარეგულირებელ კანონმდებლობაზე იმუშავებს, რომელიც სოფლის მეურნეობას და ტურიზმს დააკავშირებს ერთმანეთთან, რითაც მეტი სინერგია იქნება ფერმერებს და ტურიზმის ინდუსტრიას შორის“.
 
რას გულისხმობს, ვის შეეხება და რა სახის რეგულირებას მოიცავს კანონპროექტი - ამ კითხვებით BM.GE-მ, ამ კუთხით საკანონმდებლო ჩარჩო დოკუმენტის ავტორს - ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელს ნინო ზამბახიძეს მიმართა, რომელმაც აღნიშნა, რომ პროცესი არის გრძელვადიანი, თუმცა იმისთვის, რომ ქვეყანაში აგროტურიზმი განვითარდეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უნდა დაიწყოს.

„ფერმერთა ასოციაციამ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, გავაკეთეთ სასწავლო ტური იტალიაში და ვნახეთ, რომ აგროტურიზმის ხელშეწყობის კუთხით მათ აქვთ საკანონმდებლო ბაზა, რომელიც არ ავითარებს მხოლოდ ტურიზმს, არამედ ავითარებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებასა და სხვადასხვა მეწარმეობას, იმიტომ რომ ადგილწარმოშობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ეს კანონი გამოვითხოვეთ და ამის მიხედვით საქართველოს რეალობასთან დაახლოებული საკანონმდებლო პირველადი დოკუმენტი გავაკეთეთ და აგრარულ კომიტეტში შევიტანეთ. აგრარული კომიტეტი და ოთარ დანელია იქნებიან ინიციატორები ამ კანონპროექტის, რომელიც მოსმენებისა და კონსულტაციების შემდეგ საბოლოო სახეს მიიღებს.

დოკუმენტში საუბარია როგორც საშეღავათო მიდგომებზე, ასევე გარკვეული გადასახადებიდან გათავისუფლებაზე, აგროტურიზმის ობიექტისთვის, რომელსაც მაგალითად აქვთ არა უმეტეს 5 დასაძინებელი ადგილი. ეს შეეხება მხოლოდ აგროტურისტულ იბიექტებს და მოხდება დეფინიცია რა არის აგროტურისტული ობიექტი - ეს არის მხოლოდ კვების ობიექტი, თუ საოჯახო ტიპის სასტუმრო, ამაზე დაიწყება კონსულტაციები. პროცესში ჩართულია ეკონომიკის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ტურიზმის სააგენტო“, - განმარტა ნინო ზამბახიძემ.

როგორც ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, მსოფლიოში აგროტურიზმის მიმართულებით ინტერესი სულ უფრო იზრდება და საქართველომ უნდა შეძლოს ფეხი აუწყოს იმ მოთხოვნას, რომელიც ბაზარზეა.

„ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაცია ამბობს, რომ დღიურად 700 მლნ ადამიანი გადაადგილდება  ტურისტულ ობიექტებში, რომელთა მეოთხედი მოდის აგროტურიზმზე. ჩვენ ქვეყანაში ეს უფრო მზარდია, იმიტომ რომ თუ ნახავთ ტენდენციას ტურისტები დიდ ქალაქებსა და სასტუმროებში აღარ ჩერდებიან და მიდიან სხვადასხვა რეგიონებში. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დროს ხარისხი და სერვისია, იმიტომ, რომ მოგზაურს უნდა დახვდეს ის რისი წარმოდგენაც აქვს მას. ამისთვის ჩვენ დავიწყეთ პროექტი „აგროსტოპი“, - აღნიშნა ფერმერთა ასოციაციის თავმჯომარემ.

ნინო ზამბახიძემ იმ ბენეფიტებზეც ისაუბრა, რასაც საკანონმდებლო ბაზა კერძო სექტორს მოუტანს და აღნიშნა, რომ ეს არ იქნება მარტივი პროცესი.

„ვფიქრობ, რომ ამის რეგულირება კერძო სექტორის წამომადგენლებს მოტივაციას რამდენიმე მიმართულებით მისცემს: პირველი არის ის, რომ საგადასახადო შეღავათი ყოველთვის კარგია და ბიზნესისთვის საშუალებაა, რომ სწორად განვითარდეს, მეორე იქნება ის, რომ ის მხოლოდ თავის მეურნეობას კი არ განავითარებს, არამედ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებისა და იქ წარმოებულ პროდუქციის განვითარებას დაეხმარება, იმიტომ რომ ის მხოლოდ მაშინ მიიღებს შეღავათებს საგადასახადო კუთხით, თუ ის ადგილობრივ პროდუქციას გამოიყენებს.

კიდევ ის არის მნიშვნელოვანი, რომ სტანდარტიზაცია იქნება. მთავრობამ უკვე მიიღო, ვიტყოდი რომ დაგვიანებულად, კანონი არაორგანიზებულ ბაზართან დაკავშირებით, რაც კარგი პირობაა იმისთვის, რომ ყველაფერი ერთად განვითარდეს.

მქონია შემთხვევა, როდესაც ტურისტს უთქვამს, რომ ყაზბეგში ერთ-ერთ საოჯახო ტიპის სასტუმროში დახვდა გაყინული ქათამი და "ლიფტონის" ჩაი. ადამიანი რომ მიდის მთაში - სოფელში განცდა აქვს, რომ იქ ყველაფერი ადგილობრივი წარმოების უნდა იყოს, ჩვენს მოსახლეობას კი განცდა აქვს, რომ თუ გინდა რომ ადამინს პატივი სცე, სუპერმარკეტში ნაყიდი პროდუქტით უნდა გაუმასპინძლდე, რაც ძალიან მცდარია“, - უთხრა BM.GE-ის ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა