მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გულისხმობს და როდიდან ამოქმედდება გადახდისუუნარობის შესახებ კანონი?

5eddfbfdd0693
ინგა მურუსიძე
08.06.20 21:40
1341
იუსტიციის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ მომავალ წელს ქვეყანაში გადახდისუუნარობის შესახებ კანონი ამოქმედდება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, კანონპროექტის მიზანი არის იმ ინტერესების დაცვა, რომელიც ფინანსური სიძნელეების მქონე საწარმოებს ექნებათ, ასევე განსაზღვრავს ყველა იმ საკითხს და რეგულაციას, რომელიც აუცილებელია ამ მდგომარეობაში მყოფი ყველა საწარმოსთვის.

„კანონპროექტით გათვალისწინებულია მისი შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში ამოქმედება. ბუნებრივია საკანონმდებლო აქტის შემდეგ საჭირო იქნება რიგი მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამოქმედება, რისთვისაც რამდენიმეთვიანი პერიოდი იქნება საჭირო. ვფიქრობთ, რომ მომავალი წელს საქართველო შეხვდება ამ ძალიან კარგი საკანონმდებლო აქტით მომზადებული“, - განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ: იუსტიციის სამინისტრომ გადახდისუუნარობის მასშტაბურ რეფორმაზე მუშაობა ჯერ კიდევ თებერვალში წარადგინა.

„გადახდისუუნარობის შესახებ არსებული კანონი საკმაოდ მოძველებული იყო. არაერთხელ უსისტემოდ შეტანილმა ცვლილებებმა მექანიზმი საკმაოდ მოუხერხებელი გახადა. გადახდისუუნარობის სფეროს გაუმჯობესების აუცილებლობაზე მეტყველებს სტატისტიკური მონაცემებიც. მაგალითისთვის, 2016 წელს გახსნილი 41 გადახდისუუნარობის საქმის წარმოებიდან რეაბილიტაციით დასრულდა მხოლოდ 2 საქმე, ხოლო 2017-2018 წლებში რეაბილიტაციის მაჩვენებელი ნულია. რაც შეეხება გასულ წელს, 1-ლი ივნისის მდგომარეობით, გადახდისუუნარობის საქმე გაიხსნა 19 სუბიექტის მიმართ და გადახდისუუნარობის რეჟიმად არცერთ შემთხვევაში არ არის განსაზღვრული რეაბილიტაცია.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი უპირატესობას ანიჭებს საწარმოს რეაბილიტაციას გაკოტრების პროცედურასთან მიმართებით. ის ორიენტირებულია, მისცეს პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა ცალკეულ ბიზნესს, რომლებსაც შექმნილი აქვთ ფინანსური სიძნელეები; პარალელურად, პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება კრედიტორთა ინტერესების კოლექტიური დაკმაყოფილება“, -ამბობენ იუსტიციის სამინისტროში.