მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გულისხმობს ევროკომისია დეოლიგარქიზაციაში და ვინ არის ოლიგარქი? - ჰარცელის პასუხი

62aca1e0e32ec
თელარა გელანტია
17.06.22 19:55
22658
ევროკომისიამ დღეს უკრაინისა და მოლდოვისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. საქართველომ კი ევროკომისიისგან მხოლოდ კანდიდატობის პერსპექტივა მიიღო. კომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს EU-ს მიერ განსაზღვრული მოთხოვნები, რათა ქვეყანამ მომავალში მაინც შეძლოს კანდიდატის სტატუსის მიღება. რამდენიმე პირობას შორის ერთ-ერთია - „უნდა განხორციელდეს „დეოლიგარქიზაციის“ სტრატეგია - ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში უნდა აღმოიფხვრას ზედმეტი გავლენა“.

დღესვე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა EU-ს წარმომადგენლობის ოფისში პრესკონფერენცია გამართა, სადაც tv “ფორმულას“ ჟურნალისტმა ევროპელ დიპლომატს ჰკითხა, რას გულისხმობს ევროკავშირი დეოლიგარქიზაციაში და მოიაზრებენ თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რადგან სახელისუფლებო პარტიის ლიდერების მტკიცებით, ქვეყანაში ოლიგარქები დავით კეზერაშვილი და მიხეილ სააკაშვილი არიან.

ევროკავშირის ელჩმა ევროკომისიის დასკვნიდან დეოლიგარქიზაციაზე რეკომენდაცია კიდევ ერთხელ წაიკითხა და კითხვას კონკრეტული პასუხი არ გასცა.

„მთავარია არ იყოს ზემოქმედება ქვეყნის დემოკრატიასა და საბაზრო ეკონომიკაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ქვეყანაში გამოწვევები განსხვავებულია, ამ გამოწვევებთან გასამკლავებლადაც მიდგომები განსხვავებულია“, - თქვა ჰარცელმა.

დეოლიგარქიზაციისთვის საჭირო გზებზე კითხვა ევროკავშირის ელჩს tv “პირველმაც“ დაუსვა, მაგრამ კარლ ჰარცელმა ისევ დიპლომატიური პასუხი გასცა.

"ეს <დეოლიგარქიზაცია> ფუნდამენტური პრინციპია ჯანსაღი დემოკრატიისთვის და ჯანსაღი საბაზრო ეკონომიკისთვის, რათა ინტერესთა ჯგუფებს არ ჰქონდეთ გავლენა ამ პროცესებზე. კონკრეტულად ამ მოსაზრებებში არაა გაწერილი, რა უნდა გაკეთდეს. სამივე ქვეყანას განსხვავებული მიდგომა აქვს“, - თქვა კარლ ჰარცელმა.