25.ნოემბერი .2020 14:39

რას გულისხმობს რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დამტკიცებული პროგრამა? - ოფიციალური თბილისის პოზიცია

რას გულისხმობს რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დამტკიცებული პროგრამა? - ოფიციალური თბილისის პოზიცია
views 721
უკან

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 23 ნოემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის დამტკიცების შესახებაა საუბარი.

„აფხაზეთის პრეზიდენტისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრის შედეგად, რომელიც 2020 წლის 12 ნოემბერს გაიმართა, აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის საფუძველზე რუსეთსა და აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა დამტკიცდა.

აღნიშნული დოკუმენტი 2014 წლის 24 ნოემბერს რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს.

პროგრამის მიზანია, საჭირო პირობების შექმნა, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ ინიცირებულ და განხორციელებულ ინტეგრაციულ პროცესებში აფხაზეთის სრულფასოვან ჩართულობას უზრუნველყოფს. ღონისძიებების განხორციელების ვადები 2-3 წელზეა გათვლილი. ამ დროის განმავლობაში იგეგმება კანონმდებლობის ჰარმონიზაცია: ეკონომიკისა და ფინანსების (საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკა, შიდაეკონომიკური და საბანკო საქმიანობის, ინვესტიციების დაცულობის), საბაჟო კანონის, ენერგეტიკის და სოციალური სფეროს (მედიცინა, განათლება, სოციალური დაცვა) მიმართულებით, რაც გააძლიერებს აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობას, გააუმჯობესებს მოქალაქეების კეთილდღეობას და სოციალური დაცვის დონეს“, - წერია ოკუპირებული ტერიტორიის არაღიარებული პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გუშინ გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის დამტკიცება დე-ფაქტო ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი უკანონო ნაბიჯია.

უწყება რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს „შეწყვიტოს დესტრუქციული მოქმედებები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ მიმართული უკანონო ნაბიჯები“.

„რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცება წარმოადგენს დე-ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს, რომელიც საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ეტაპობრივად ინტეგრაციას ემსახურება.

რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის 2014 წლის ნოემბერში დადებული ე.წ. „ხელშეკრულება“ მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისევე, როგორც მის ფარგლებში შემუშავებული ყველა ე.წ. „შეთანხმება“, „მემორანდუმი“ თუ „პროგრამა“ უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯებითა და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებით რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობას და უსაფრთხოებას.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს დესტრუქციული მოქმედებები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ მიმართული უკანონო ნაბიჯები, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას”, - წერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.