22.აგვისტო .2019 11:49

რას გულისხმობს ხაზარაძე–ჯაფარიძისთვის ბრალის დაზუსტება

views 768
უკან

"თიბისი ბანკის" საქმეზე პროკურატურამ კომპანიების "სამგორი თრეიდისა" და "სამგორი M"-ის მეწილე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი წაუყენა.

პროკურატურა წერეთელს "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებთან მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება.

როგორც BM.GE–ს პროკურატურაში განუცხადეს, წერეთელი უწყებაში დღეს, 18:00 საათზეა დაბარებული. ამასთან, საგამოძიებო უწყებაში ბრალის დაზუსტების მიზნით, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს, 19:00 საათზე დაიბარეს.

რას გულისხმობს ბრალის დაზუსტება, ამ საკითხის გასარკვევად BM.GE ხაზარაძე–ჯაფარიძის ადვოკატს ზვიად კორძაძეს დაუკავშირდა.

"ეს ტექნიკური საკითხია. იქიდან გამომდინარე, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ავთანდილ წერეთელსაც წაუყენეს ბრალი, ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის წარდგენილი ბრალის დადგენილებაშიც ამ ფაქტს ჩაამატებენ", – განმარტა ზვიად კორძაძემ.

"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება ჯგუფის სხვა წევრის მიმართ.

კერძოდ, გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით).

ავთანდილ წერეთელი დღეს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით, რის შემდეგაც საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე", – განაცხადა პროკურორმა.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა