მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გვთავაზობს Microsoft-ი განახლებული Windows 11-ით?

60db523905b26
BM.GE
30.06.21 00:31
1748
Microsoft-ის ახალი ოპერაციული სისტემა Windows 11 წლის ბოლოს უკვე ხელმისაწვდომი იქნება. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, განახლებულ სისტემაში Windows-ის ძირითადი ელემენტები შენარჩუნდება, თუმცა, ამავდროულად, პოსტპანდემიურ პერიოდში კომუნიკაციისა და მუშაობის შეცვლილ სტილზე მეტად მორგებული გახდება.

ოპერაციული სისტემის განახლება ერთგვარი პასუხიცაა Windows-ის საბაზრო წილის ვარდნაზე. 2020 წლიდან მიმდინარე წლის პირველ კვარტალამდე აღნიშნული მონაცემი 80%-დან 75%-მდე შემცირდა. საბაზრო მაჩვენებლების ამგვარი ვარდნა მრავალგვარი მიზეზითაა განპირობებული: მათგან ერთ-ერთი პანდემიის შედეგად გამოწვეულ მიწოდების შეზღუდვას უკავშირდება, სხვანი კი თავად კომპანიის გამოწვევას -მომხმარებლის მოთხოვნებზე მეტად კონცენტრირებას.

ამ გამოწვევების საპასუხოდ, კომპანია ოპერაციულ სისტემას რამდენიმე მახასიათებელს ამატებს:

Start Menu-ს შეცვლილი მდებარეობა

განახლებულ ვერსიაში Start Menu-ს ღილაკი მარჯვნივ, ცენტრალურ ნაწილში, აპლიკაციების გვერდით გადაინაცვლებს (თუმცა სისტემა, სურვილის შემთხვევაში, მის თავდაპირველ ადგილზე დაბრუნების შესაძლებლობას მოგცემთ).

გარდა ამისა, Windows-ი ხედვის სამუშაო ვერსიებს ანახლებს და აფართოებს. ერთდროულად რამდენიმე აპლიკაციის გახსნისას სისტემა თავად შემოგთავაზებთ ხედვის სასურველ ვერსიებს. აღარაა აუცილებელი, სამუშაო ფანჯრები ვერტიკალურად, გვერდიგვერდ განლაგდეს. შესაძლებელი იქნება რამდენიმე ფანჯრის სხვადასხვა სასურველ ზომაზე მორგება.

Windows-ის App Store-ს ანდროიდის აპლიკაციებიც დაემატება

Windows 11-ზე ანდროიდის აპლიკაციების ჩამოტვირთვა და გახსნა შესაძლებელი გახდება. ამგვარი სიახლე იმ მომხმარებლებისთვის, ვინც აპლიკაციების გამოყენებას ვებით ამჯობინებს, დიდი შეღავათი იქნება. თუმცა აპლიკაციების ჩამოტვირთვისას სისტემის უსაფრთხოების შესახებ კითხვები კვლავაც ღიად რჩება. სავარაუდოა, რომ დეტალების შესახებ საბოლოოდ მხოლოდ კომპანიებს შორის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გავიგებთ.

ონლაინრეჟიმში განახლებადი Widget-ები

სისტემაში განახლებული Widget-ებიც იქნება ინტეგრირებული. ამ ფორმით მომხმარებლებს, მაგალითად, ამინდის, აქციების ფასების, კალენდრის გამოყენება შეეძლებათ. Widget-ების ახალ ეკრანზე ახალი ამბებისა და სტატიების განყოფილებაც დაემატება, რომელიც დაახლოებით Facebook-ის ალგორითმის მსგავსად იმუშავებს. Microsoft-ის განცხადებით, მომხმარებლის პრეფერენციების დასადგენად, სტატიებისა და ახალი ამბების სექციაში, ხელოვნური ინტელექტის სისტემას გამოიყენებენ.

ვიდეოკომუნიკაციისათვის TEAMS-ი ინტეგრირდება

პოსტპანდემიურ პერიოდში საკომუნიკაციო ვიდეოსაშუალებები ყველაზე გამოყენებად აპლიკაციებად იქცა. ამის გამო კომპანიამ გადაწყვიტა, Teams-ი ოპერაციული სისტემის განახლებულ ვერსიაშიც ჩაერთო. Microsoft-ის განცხადებით, Teams-ში დამატებულ მომხმარებლებთან მიმოწერისა და ვიდეოზარის განხორციელება შესაძლებელი იქნება. ხოლო მათ, ვინც ჯერ კიდევ არაა Teams-ის მომხმარებელი, ტელეფონის საშუალებით, SMS-ით დაუკავშირდებიან (მიუხედავად ამისა, საბოლოო დეტალები ამ საკითხის თაობაზეც დასაზუსტებელია).

Windows 11-ის დაყენება წლის ბოლოსთვის უკვე შეგეძლებათ

კომპანიის განცხადებით, სისტემის განახლება წლის ბოლოსთვის უკვე შესაძლებელი იქნება, თუკი თავად მომხმარებლები Windows 11-ით სარგებლობისათვის კონკრეტულ ტექნიკურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. კერძოდ კი 1-გიგაჰერციანი 64-ბიტიანი 2-ბირთვიანი პროცესორი, 4-გიგაბაიტიანი ოპერაციული მეხსიერება, 64-გიგაბაიტიანი ან უფრო დიდი მოცულობის გარე მეხსიერება იქნება საჭირო.

Microsoft-ის განცხადებით, თუკი სისტემას არ განაახლებთ, Windows 10-ით სარგებლობა მხოლოდ 2025 წლის 14 ოქტომბრამდე შეგეძლებათ.

Forbes.ge