30.სექტემბერი .2019 14:45

რას ჰპირდება ფინანსთა მინისტრი 2020 წელს ბიზნესს

views 324
უკან

"ბიზნესს ყველაფერ კარგს ვპირდებით",  - ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მთავრობის რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ BM.GE-ს ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, როგორი ბიზნეს გარემო იქნება 2020 წელს?

როგორც მაჭავარიანი განმარტავს, ეკონომიკის ძირითადი ნაწილი და მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიზნესია. მინისტრის განცხადებით, მას სჯერა, რომ ბიზნეს რეიტინგებში ქვეყანა უფრო წინ წაიწევს.

"ის, რომ სოციალური მიმართულებით ხარჯი გავზარდოთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კარს ხსნის იმისათვის, რომ სამომავლოდ რეფორმები გავატაროთ, რომელიც ქვეყანაში ასე გვჭირდება. ასევე ინფრასტრუქტურული ნაწილიც იმ წინაპირობას ქმნის, რომ ბიზნესი განვითარდეს.

რას ვპირდებით ბიზნესს 2020 წელს? – ჩვენ ვპირდებით, რომ გარემო კიდევ უფრო პროგნოზირებადი იქნება და სიურპრიზები არ იქნება. ბიზნესთან გაცილებით მეტი ღია კონტაქტი და კომუნიკაცია იქნება.

კონკრეტულად ჩვენი უწყების შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურება კიდევ უფრო სერვისზე ორიენტირებული იქნება, რომ კიდევ უფრო ციფრული იყოს. ეს ხარჯების დაზოგვის მიზნით ჩვენთვის ეფექტურია, ხოლო მომხმარებლისთვისაც უფრო ეფექტურია, რადგან პრევენცია და შეცდომებისგან დაზღვევა მოხდება. ასევე გადახდის უუნარობის კანონის მიღება, დარწმუნებული ვარ, ამ შემოდგომაზე მოხდება, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს გარემოს", - განაცხადა მაჭავარიანმა.