მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ჰპირდება მთავრობა "აცრილ ტურისტულ ობიექტებს"? - მინისტრთან შეხვედრა დასრულდა

60929ce75dd65
ინგა მურუსიძე
05.05.21 17:37
625
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც მინისტრმა შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა, შეხვედრა სამუშაო ფორმატის იყო და ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე ისაუბრეს.

"გუშინ უწყებათშორისმა საბჭომ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფებს ტურიზმის ინდუსტრია დაემატა. სულ რამდენიმე ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ამ პრაქტიკას მიმართავს და საქართველო პირველია რეგიონში, რომელიც აცხადებს, რომ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია იქნება ყველაზე უსაფრთხო. ასევე ამბობს, რომ მზად არის აცრილი თანამშრომლებით უმასპინძლოს საერთაშორისო ტურისტებს. დღეს სამუშაო ხასიათის შეხვედრა გვქონდა, რომელშიც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მონაწილეობდა. ვისაუბრეთ, როგორ უნდა ჩავატაროთ ეს პროცესი სწრაფად და როგორ უნდა იყოს  ის კომფორტული, რადგან ტურისტული სეზონი უკვე მოსულია", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის სარგებელი, რომელსაც ის ობიექტები მიიღებენ, ვისაც აცრილი თანამშრომლები ეყოლება. კერძოდ, საუბარია საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიებში მათ ჩართვაზე.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაქცინირებულ სასტუმროებს და რესტორნებს ვთავაზობთ, საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიებში მონაწილეობას, თან ჩვენი ძალებით. თითოეული ასეთი ობიექტის შესახებ ინფორმაცია მსოფლიოში ძალიან ფართოდ გაჟღერდება, რადგან დღეს საერთაშორისო ტურისტები ეძებენ ქვეყნებს, სადაც ტურისტული, სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია არის უსაფრთხო და საქართველო სწორედ ასეთი ქვეყანა იქნება", - განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმითვე, სასტუმროებმა და რესტორნებმა დღევანდელ შეხვედრაზე ინიციატივა მოიწონეს.

"დავინახეთ მზადყოფნა; ბევრმა დამსწრე სასტუმრომ და რესტორანმა აიტაცა ეს ინიციატივა. ისინი იმუშავებენ თავიანთ თანამშრომლებთან და კონსულტაციებს გამართავენ. პროცესი ნებაყოფლობითი იქნება. იყო საუბარი დეტალებზე, თუ რამდენი პროცენტი უნდა აიცრას თანამშრომლების, რომ სასტუმრო ან რესტორანი ჩაითვალოს უსაფრთხოდ, საინტერესო იდეები მოვისმინეთ. მათგან წინადადებები წამოვიდა, რომ ეს პრიორიტეტული ვაქცინაცია შეიძლება გავრცელდეს არა მხოლოდ სექტორის თანამშრომლებზე, არამედ მათი ოჯახის წევრებზეც, სურვილის შემთხვევაში და ამ თვალსაზრისით დახმარება აღვუთქვით", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას განმარტებით, ვაქცინაციის პუნქტები რეგიონებშიც მოეწყობა.

"პროცესი იწყება და თითოეული ობიექტი თანამშრომლებთან ერთად გადაწყვეტს ჩაერთვება თუ არა პროცესში", - განაცხადა ნათია თურნავამ.