მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ითვალისწინებს DRG კლინიკებში VIP-მომსახურების მიღების შემთხვევაში? - განმარტება

636127055ef4f
ინგა მურუსიძე
01.11.22 18:37
571
დღეიდან, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების რეფორმა ძალაში შედის. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებთან ანგარიშსწორება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელით მოხდება. DRG სისტემით, ავტომატურად გამოითვლება ის ფასი, რასაც სახელმწიფო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. ახალი სისტემა დღეიდან ორი თვის განმავლობაში სატესტო რეჟიმით იმუშავებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც როგორც პაციენტებს, ისე კლინიკების წარმომადგენლებს გაუჩნდათ იყო, თუ როგორ მოხდება დაფინანსება იმ შემთხვევაში, თუკი მოქალაქეს საყოველთაო ჯანდაცვით შეთავაზებულ პირობებთან ერთად, მაგალითად VIP-მომსახურების მიღება სურთ.

როგორც აღმოჩნდა, ამ დროისთვის არსებული მოდელით, თუკი პაციენტს იმაზე მეტის მიღება სურს, ვიდრე დაფინანსებით არის განსაზღვრული, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ერთჯერადად დატოვებს და მომსახურების მიღების შემდეგ, კვლავ პროგრამაში იქნება.

აღნიშნულ საკითხზე "საქმის კურსის" ეთერში ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მაია მახარაშვილმა ისაუბრა:

„საუბარია პაციენტის საყოველთაო ჯანდაცვის სისტემიდან ერთჯერად გამორთვაზე იმისთვის, რომ პაციენტი არ დარჩეს დაზღვევის და ყველანაირი მომსახურების გარეშე. სავარაუდოდ, ეს ერთეული შემთხვევები იქნება და ისიც გეგმური მიმართულებით. პაციენტს რჩება არჩევანის უფლება. მაგალითისთვის არიან ქირურგები, რომელთა შორისაც არსებობს გრადაცია, გამოცდილებით, რეგალიებით და ა.შ. პაციენტს სურს კონკრეტული ქირურგის მიერ ჩატარებული ოპერაცია, რომლის ანაზღაურებაც დაფინანსებას ცდება. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში პაციენტი ერთჯერადად სრულად გადაიხდის მომსახურების ღირებულებას და შემდეგ კვლავ პროგრამაში ჩაერთვება“, - ამბობს მაია მახარაშვილი, თუმცა აქვე განმარტავს, რომ ჯერჯერობით სისტემა დაკვირვების რეჟიმში იმუშავებს.

თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაურმაც დღეს განმარტა, რომ „თუ პაციენტი გადაწყვეტს, რომ კონკრეტული მომსახურების მიღება სურს, შეუძლია ერთჯერადად გაეთიშოს საყოველთაო პროგრამას და სერვისის დასრულებისთანავე, მეორე დღიდანვე კვლავ პროგრამაში ჩაერთოს“.