22.ივლისი .2020 23:40

რას ითხოვენ სადაზღვევო კომპანიები? – ონოფრიშვილის განმარტება

რას ითხოვენ სადაზღვევო კომპანიები? – ონოფრიშვილის განმარტება
views 639
უკან

სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის საკითხზე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური გადაწყვეტილებას დაახლოებით ერთი თვის ვადაში მიიღებს, ამის შესახებ აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ონოფრიშვილმა გადაცემა „საქმის კურსში“ ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო კომპანიების ნაწილი არ ეთანხმება კაპიტალის ზღვრის გაზრდას და პროცესის გადავადებას ითხოვს.

როგორც ონოფრიშვილმა აღნიშნა, დღეს შედგა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშგება, კერძოდ, უწყებამ სამეთვალყურეო საბჭოში მორიგი ტრადიციული შეხვედრა გამართა, რა დროსაც საუბარი მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის საკითხსაც შეეხო.

„ეს შეხვედრა არ ითვალისწინებს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას, ეს იყო ანგარიშის მოსმენა. ჩვენ შევეხეთ ბევრ საკითხს. ინფორმაციის დონეზე იყო საუბარი, რომ დღევანდელი მდგომარეობით კომპანიებმა უნდა გაზარდონ კაპიტალი 4.2 მლნ ლარიდან 7.2 მლნ ლარამდე. ანუ წლის ბოლომდე სამი მლნ ლარით. რიგმა კომპანიებმა უკვე მოგვმართეს და მათი აზრით, პანდემიის და სხვა გარემოებათა გამო, სასურველია რომ გაზრდა არ მოხდეს. ვნახოთ, ჩვენ უნდა შევაფასოთ პირველი ნახევარი წლის შედეგები, ვნახოთ რეალური მდგომარეობა.

თუ ბაზარი იზრდება, ესე იგი რისკებიც იზრდება, ამიტომ გარკვეული ზრდა უნდა მოხდეს. ვნახოთ, დამატებითი ზრდა მაინც და მაინც სამი მლნ ლარი უნდა იყოს თუ არა. ალტერნატივები არის, რომ დარჩეს ისე როგორც არის, ანუ გაიზარდოს, მეორე – რომ არ გაიზარდოს, და მესამე – რომ შუალედურად გაიზარდოს, ანუ სამი მილიონით არა, მაგრამ რაღაც ოდენობით“, – განაცხადა ონოფრიშვილმა.

მისივე თქმით, ამაზე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური გააგრძელებს მუშაობას, იმსჯელებს რისკებზე და კომპლექსურად მიიღებს გადაწყვეტილებას.

„წლის ბოლომდე არ გავწელავთ, ეს მიუღებელია, ბიზნესმა უნდა იცოდეს სახელმწიფო რა გადაწყვეტილებას იღებს. მაქსიმუმ ერთ თვეში გადავწყვეტთ“, – დასძინა ონოფრიშვილმა.