მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას მეუბნებით, რომ საკუთარ ხალხს დავუწესო სანქციები?! - პრემიერის არგუმენტები

621c8aadbf99d
ვიქტორია მღებრიშვილი
28.02.22 12:45
3837
საქართველოს პრემიერ მინისტრმა დღეს, მთვარობის სხდომის დაწყებამდე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას საქართველო არ აპირებს. მან მოსახლეობისთვის ამ გადაწყვეტილების განმარტებაც წარმოადგინა და აღნიშნა, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება, ნიშნავს საქართველოს მოქალაქეების სანქცირებას.

„უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველოს ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ?! მე ამის თაობაზე განცხადება გავაკეთე, რომ ვეფუძნებით რა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ვთქვით, რომ ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ. მინდა, ეს დასაბუთება და არგუმენტები ჩვენს მოსახლეობას ავუხსნა - მოკლედ და მარტივად...

ჩვენს მიერ წარმოებული გონივრული და ეროვნული პატრიოტული პოლიტიკის შედეგად, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო, მივაღწიეთ ყველაფერს - ევროპასთან ასოცირების შეთანხმებას, უვიზო რეჟიმს, თავისუფალ ვაჭრობას და სხვა უამრავ პროგრესს. ამასთან, ჩვენ მივაღწიეთ რუსეთის ბაზრის გახსნას.

მინდა, შეგახსენოთ, რას ნიშნავდა რუსეთის ბაზრის გახსნა:

2013-2021 წლებში საქართველოდან რუსეთში ჯამში 2 მლრდ დოლარის აგრო-სასურსათო პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა; სხვა პროდუქციის ჯამური ექსპორტი 3 მლრდ დოლარს შეადგენს, ეს 2.2 მლნ ტონაა; ჯამურად, ღვინის ექსპორტის ღირებულებამ 865 მლნ დოლარი შეადგინა.

ამის შემდეგ ტურიზმიდან ქვეყანამ შემოსავლის სახით ბოლო 5 წელიწადში 3 მლრდ დოლარი მიიღო და 5 მლნ-ზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა საქართველოში.

ფულადი გზავნილები... ნუ დაგვავიწყდება 1 მლნ ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს რუსეთში. ყოველწლიურად საშუალო გადმორიცხვების ღირებულება 500 მლნ დოლარს შეადგენს, რუსეთიდან ჩვენი მოქალაქეების მხრიდან თავისი ოჯახების დასახმარებლად და ზოგადად ინვესტიციების განსახორციელებლად ჯამურად ბოლო წლებში 3 მლრდ დოლარი შემოვიდა; რომ მოვთვალოთ 8 წელიწადში ჯამურად 12 მლრდ-ზე მეტი გამოდის.

ამიტომ კითხვას ვსვამ, როდესაც საუბარია სანქციების დაწესებაზე, რომელშიც ჩართულია მთელი მოსახლეობა - ათასობით მეღვინე, ფერმერი, რას მეუბნებით, რომ საკუთარ ხალხს დავუწესო სანქციები?! ეს შემოსავალი ვის მოაკლდება - ჩვენს ხალხს, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ეკონომიკას. დაიჩაგრება 1 მლნ თანამოქალაქე, რომელიც ფულის გადმორიცხვას ვეღარ შეძლებს, თუ ფინანსურ ოპერაციებს გავართულებთ. ამიტომ ზედმეტი ემოციები არაფრის მომცემია, პირიქით ეს ჩვენი ეროვნული ინტერესების საზიანოა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.