მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას მიიჩნევს საქართველოს ეკონომიკის სისუსტედ გაეროს მუდმივი კოორდინატორი?

5ef05be8427ab
ინგა მურუსიძე
23.06.20 10:15
1265
"კოვიდის პერიოდში ვხედავთ ქართული ეკონომიკის მოდელის გარკვეულ სისუსტეებს, მაგალითად: ტურიზმზე დამოკიდებულება",  - ამის შესახებ საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა ლუიზა ვინტონიმ BMG-ის გადაცემა „ქალების ნარატივის“ ეთერში განაცხადა.

ის მიიჩნევს, რომ კოვიდის დროს გამოჩნდა, ასევე, სხვა სისუსტეებიც, რამაც შესაძლოა, არგუმენტები გააჩინოს ეკონომიკის მეტი დივერსიფიკაციისთვის, მათ შორის ფულად გზავნილებზე დამოკიდებულება და სიღარიბის მაღალი დონე.

„ვფიქრობ, უნდა განვსაზღვროთ, რომ გვაქვს ცხოვრება კოვიდამდე და კოვიდის შემდეგ, რეფორმები კოვიდამდე რეალობის ნაწილია, რომ საქართველოს რეპუტაცია საკმაოდ ამაღლდა, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების თუ ძლიერი ინსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბების გზით, მაგრამ შესაძლოა, გარკვეული საკითხები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, პოლიტიკური რეალობის გართულებასთან ერთად. მიუხედავად ძალიან ძლიერი რეფორმებისა, მათ შორის ძლიერი საბაზრო რეფორმებისა, კოვიდის პერიოდში ვხედავთ ქართული ეკონომიკის მოდელის გარკვეულ სისუსტეებს, მაგალითად: ტურიზმზე დამოკიდებულებას ანუ თუ ამ ტოლობიდან ამოვიღებთ ტურიზმს, რაც პრინციპში კოვიდმა გააკეთა, შესაძლოა, გამოჩნდეს არგუმენტი ეკონომიკის მეტი დივერსიფიკაციისთვის, ასევე, ფულად გზავნილებზე დამოკიდებულება, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა გარდამავალი ქვეყნის ეკონომიკისთვის, მაგრამ რისკ ფაქტორს წარმოადგენს, ასევე, სიღარიბის მაღალი დონე“, - განაცხადა გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა.

ის, ასევე, მიიჩნევს, რომ კოვიდთან დაკავშირებით საქართველოს უმაღლესი მაჩვენებელი აქვს, ამაზე არავინ კამათობს, მათ შორის გასულ წელს მიმდინარე მოვლენებთან შედარებით, რაც არის დემონსტრაციები, აზრთა სხვადასხვაობები და ა.შ. 

„კოვიდთან დაკავშირებით საქართველოს უმაღლესი მაჩვენებელი აქვს, მით უმეტეს, თუ შევადარებთ გასულ წელს მიმდინარე მოვლენებს, დემონსტრაციებს, აზრთა სხვადასხვაობას, პანდემიის პერიოდში პოლიტიკური და სამთავრობო სისტემები შეთანხმებულად მოქმედებდნენ, იღებდნენ მეცნიერულ გადაწყვეტილებებს, შემდეგ აცნობდნენ ხალხს და საზოგადოებაც თანხმდებოდა მითითებების შესრულებას, რაც ბევრგან პრობლემა იყო. კოვიდზე წარმატებული რეაგირება, ვფიქრობ, პირველი ნაბიჯია საქართველოს ეკონომიკის რესტარტისთვის, საქართველო წინ უსწრებს ბევრ ქვეყანას. როდესაც ტურიზმი ასე მნიშვნელოვანია, საჭიროა ბევრი ფიქრი, გაიხსნას თუ არა საზღვრები, რამდენი ტურისტი შემოვიდეს. ვფიქრობ, საქართველომ ბევრი რამ უნდა გადატვირთოს, ასევე, ბევრი რამის მიმართ უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება კოვიდის შემდეგ, ეს მთლიანად გაეროს განვითარების პროგრამის მოსაზრებაა. ნაცვლად იმისა, რომ გავაგრძელოთ, რასაც ვაკეთებდით, სჯობს ჩავუღრმავდეთ პრობლემებს და გავაუმჯობესოთ არსებული.

მოდით, ნუ გადავდებთ გვერდზე გარემოს დაცვას, კლიმატის ცვლილებას ნუ ვიტყვით, რომ ახლა ამის დრო არ არის, ახლა მთავარია ადამიანები სამუშაო ადგილებზე დავაბრუნოთ; მოდით, გამოვიყენოთ კოვიდი როგორც გაუმჯობესების შანსი - ვიზრუნოთ ბუნებაზე, ვიმუშაოთ კლიმატის ცვლილებაზე, ეს ყველასთვის უდიდესი საფრთხეა; ასევე ვიმუშაოთ არსებულ უთანასწორობებზე, სისუსტეებზე სოციალურ სტრუქტურაში, რაც თითქმის ყველა ქვეყნის პრობლემაა განვითარების პროცესებს მიღმა რჩებიან ადამიანები, ღარიბები, უმცირესობები, ცენტრიდან მოშორებით მცხოვრებნი. კოვიდის პერიოდში ვნახეთ, რომ სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები დიდი რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ, ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ეს დრო და შევიმუშაოთ პოლიტიკა, რომლის მეშვეობით ყველა ადამიანს ექნება სოციალური დაცვა და უხელფასოდ დარჩენილი არაფორმალურად დასაქმებულები არ იბრძოლებენ გადარჩენისთვის; ასევე, უნდა ვიზრუნოთ გარემოზე, ანუ ეს არის ჩვენი უმაღლესი დღის წესრიგი ახლა. სწორედ რადიკალურად აზროვნების დროა, მოდით, დავრჩეთ სახლში და ვიფიქროთ პრობლემების გადაჭრის ახლებურ გზებზე“, - აღნიშნა ლუიზა ვინტონიმ.