მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას მოაგვარებს სვანეთში უფასო ელექტროენერგიაზე ლიმიტის დაწესება?

61cdbd594aee1
დავით ჯალაღონია
31.12.21 13:10
1954
ენერგეტიკოსი გია არაბიძე მიიჩნევს, რომ სვანეთში მოსახლეობისთვის უფასო ელექტროენერგიის მაქსიმალური მაჩვენებელი უნდა განისაზღვროს, რომლის გადაჭარბების შემთხვევაშიც, მათ თანხის გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ არაბიძემ BMG-სთან დაბა მესტიაში ელექტროენერგიის არასტაბილური მიწოდების გადაჭრის გზებზე საუბრისას განუცხადა.

საქმე იმაშია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, მესტიაში მოსახლეობის ნაწილი კრიპტოვალუტას აწარმოებს, ანუ მაინინგის პროცესშია ჩართული, რაც საყოფაცხოვრებოსთან შედარებით, უფრო ჭარბ ელექტროენერგიას მოითხოვს. ამ მზარდ დატვირთვას კი ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები ვერ უძლებენ, რამაც ადგილზე დენის მომარაგებაში პრობლემები შექმნა. ელექტროენერგია რამდენიმე დღის წინ სასტუმროებსა და საბაგიროებსაც შეუწყდა, რამაც კოვიდ-პანდემიით შეზღუდული ზამთრის ტურისტული სეზონი კიდევ უფრო დაამძიმა.

"ამ პრობლემას ძალიან სწრაფად უნდა მოგვარება და მისი დროში გაწელვა ძალიან ცუდი იქნება. ორი ძირითადი პრობლემაა. პირველი - ჩვენ უნდა ვიშოვოთ 4-5 ჯერ გაზრდილი ელექტროენერგიის რაოდენობა და მეორე - ეს ელექტროენერგია მოსახლეობამდე უნდა მივიტანოთ ანუ არ გვაქვს საკმარისი ენერგია და ამ ენერგიის მიტანა გართულებულია ხაზების ტექნიკური მდგომარეობის გამო, ვინაიდან იქ არსებულ ტექნიკურ ინფრასტრუქტურას არ ძალუძს, გაატაროს სამჯერ-ოთხჯერ მეტი სიმძლავრეები. აქედან გამომდინარე, ძალიან ცუდი სიტუაციაა. ადგილობრივ მოსახლეობას, რომლიც უფასოდ იღებს ელექტროენერგიას, არ აქვს სრულფასოვანი ელექტრომომარაგება და ყველაზე მთავარი ისაა, რომ სვანეთი, როგორც ტურისტული ზონა, თანდათანობით კარგავს მიმზიდველობას, რომ იქ ავიდეს ტურისტი და ელექტროენერგიის უქონლობის გამო, არცერთი ტურისტული ობიექტი სრულყოფილად ვერ მუშაობს. საჭიროა, სასწრაფოდ ამ საკითხის მოგვარება.

ის, თუ რატომ არ იხდის მესტიის მოსახლეობა ელექტროენერგიის საფასურს, ეს სხვა საკითხია და მიმაჩნია, რომ სწორია სახელმწიფო, როცა მაღალმთიან რაიონებს უწესებს გარკვეულ შეთავთებს და მათ იქ დამკვიდრების საშუალებას აძლევს. სხვა შემთხვევაში შესაძლოა, სხვა რეგიონების მსგავსად დაიცალოს", - განაცხადა გია არაბიძემ და პრობლემის გადაჭრის საკუთარი ხედვა ჩამოაყალიბა.

"მე მინდა, პარალელი გავავლო მესტიასა და ყაზბეგს შორის. ალბათ, გახსოვთ 90-იან წლებში, რომ რუსეთიდან შემოსული გაზის ძალიან დიდი რაოდენობა რჩებოდა ყაზბეგში და დანიშნულების ადგილამდე ვერ აღწევდა. სახელმწიფო პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოებისა და თვითმმართველობის დახმარებით, ყაზბეგის თითოეულ მაცხოვრებელს განესაზღვრა, რა რაოდენობის მინიმალური და მაქსიმალური გაზის რაოდენობა უნდა ჰქონოდა მიწოდებული უფასოდ, რათა მათ იქ დამკვიდრება და საქმიანობა შეძლებოდათ. მასზე მეტი მოხმარების შემთხვევაში კი მათ გადასახადი უნდა გადაეხადათ.

ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზად მესახება, რომ თვითმმართველობასთან, "ენერგო-პრო ჯორჯიასთან", ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ის მინიმალური და მაქსიმალური ელექტროენერგიის ხარჯის რაოდენობა განისაზღვროს, რომელიც იქ მაცხოვრებელ ოჯახებს თანხის გადახდის გარეშე მიეწოდებათ. ამ განსაზღვრული ლიმიტის ზემოთ მოხმარებული ელექტროენერგიის გადახდა აუცილებლად უნდა მოხდეს. "ენერგო-პრო ჯორჯიამ" უნდა მოახერხოს და გააკეთოს 100%-იანი გამრიცხველიანება, რომ ვიცოდეთ კანონიერად და უკანონოდ მოხმარებულ ელექტროენერგიას შორის სხვაობა და ამ ღონისძიების გატარება არ არის პრობლემა, ამას სჭირდება სერიოზული ძალისხმევა სამართალდამცველი ორგანოებისა, ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან, ასევე - სახელმწიფოს პოლიტიკური ნება. ამ ღონისძიებების გატარების მერე შევძლებთ, რომ დარეგულირდება მესტიის ელექტრომომარაგება ისე, რომ კმაყოფილი იქნება ადგილობრივი მოსახლეობა, ბიზნესი და თუ ვინმეს აქვს მაინინგის პროცესის განცხორციელების საშუალება და სურვილი, კეთილი ინებოს, გადაიხადოს და ისე განახორციელოს მაინინგი. ამ ღონისძიებით დავარბილებთ და შეიძლება, მთლიანად აღმოვფხვრათ ეს პრობლემები.

ამ ქვეყანაზე უფასო არაფერია. ყველაფერს თავისი ფასი აქვს და ყველაფრის ფასის გადახდა ხდება, გააჩნია, ვის და რის მიერ იქნება ეს ფასი გადახდილი. სახელმწიფო რომ სუბსიდირებას აკეთებს და იხდის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ელექტროენერგია იქ უფასოა. ეს უფასოა კონკრეტული მომხმარებლისთვის. შესაძლოა, ამ იდეოლოგიის გადახედვა სხვადასხვა ვარიანტებით, მაგრამ მე მგონია რატომღაც, რომ ის მინიმალური ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა უკვე განაპირობებს იმას, რომ მოსახლეობას გაუჩნდება სურვილი, რაც შეიძლება მინიმალური დახარჯოს, კვოტას არ გადააჭარბოს, რომ გადასახდელი არ ჰქონდეს. ის, რომ რამდენსაც მინდა, მოვიხმარ და მე ამაში არაფერს გადავიხდი, ძალიან ცუდია. მან უნდა იცოდეს, რამდენის მოხმარება შეუძლია უფასოდ", - განაცხადა გია არაბიძემ.

შეგახსენებთ, რომ სვანეთის ელექტრომომარაგების პრობლემას "ენერგო-პრო ჯორჯიაც" გამოეხმაურა. კოპანიის ხელმძღვანელობა განმარტავს, რომ ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის სრულად გამართვას 4-5 წელი მაინც დასჭირდება. აქვე, "ენერგო-პროში" აღნიშნავენ, რომ წლების განმავლობაში ამ რეგიონის უფასო დენით მომარაგების შედეგად, კომპანიის მიუღებელი შემოსავალი 45 მილიონი ლარია, თუმცა პრობლემის გადაჭრის კონკრეტულ გეგმაზე ვრცლად, არც კომპანია საუბრობს.