მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას მოიცავს არაგვის დაცული ლანდშაფტისა და მოსახლეობის მდგრადი განვითარების პროგრამა? - ბიუჯეტი 2.3 მლნ ევროა

61b9f3ab792fd
თამთა ჯიჯავაძე
15.12.21 20:40
724
არაგვის დაცული ლანდშაფტისა და ადგილობრივი მოსახლეობის მდგრადი განვითარების მიზნით ჩეხეთის, ავსტრიის და სლოვაკეთის ელჩებს, ასევე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრსა და დუშეთის მერს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. პროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის გზით, ასევე რეგიონში განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას და კარგი მმართველობისა და გარემოსადმი მეგობრული მართვის პრაქტიკის დახვეწას ტყეების მდგრადი განვითარების ჩათვლით.

პროგრამა 2018-2024 წლებში ხორციელდება და მისი საერთო ბიუჯეტი 2.3 მილიონი ევროა, რომლის 61%-საც ჩეხეთის განვითარების სააგენტო დაფარავს, ხოლო 30%-ს - ავსტრიის განვითარების სააგენტო. სლოვაკეთის რესპუბლიკა საერთო ბიუჯეტის 9%-ს დაფარავს, ხოლო საქართველოს მხრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დუშეთის მერია პროგრამას ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას გაუწევენ.

პროგრამა ნაწილობრივ უკვე დაწყებულია და აქტივობები ხორციელდება რამდენიმე მიმართულებით, როგორიცაა ახლადშექმნილი არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის გადამზადება მდგრად მართვასა და ბიომრავალფეროვნების დაცვაში, საგრანტო კონკურსები ადგილობრივი მცირე ბიზნესისთვის, რომლებსაც ფიფლ ინ ნიდი ახორცილებს და ტყის აღრიცხვისა და მდგრადი გამოყენების ინიციატივა, რომელიც ასევე წვლილს შეიტანს არაგვის დაცული ლანდშაფტის ეფექტიან მართვაში.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს პეტრ მიკისკამ, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ტომას მიულმანმა, ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, პაველ ვიზდალმა, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა და მაცაცო ნარიმანიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა.

„ეს პროგრამა დაიწყო ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობის მიმართულების ფარგლებში, როგორც მოკრძალებული ინიციტივა ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ტერიტორიების განვითარების მხარდასაჭერად, თუშეთის დაცულ ტერიტორიებში ჩვენს წინა წარმატებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. დროთა განმავლობაში პატარა პროექტი გადაიზარდა მულტისექტორულ ინიციატივაში, რომელსაც მხარს უკვე რამდენიმე დონორი უჭერს. მართალია პროგრამა ჩვენს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პრიორიტეტში ჯდება, ჩვენ ვცდილობთ, რომ მას გადაკვეთა ჰქონდეს სხვა მიმართულებებთანაც, რომლებსაც ასევე მხარს ვუჭერთ რეგიონში, როგორებიცაა პირველადი ჯანდაცვის სექტორის განვითარების მხარდაჭერა, მცირე საგრანტო პროექტები (არაგვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის პროექტი)და სხვა დაგეგმილი აქტივობები სოციალური ინკლუზიისა და კატასტროფების რისკის შემცირების (მეხანძრეთა გადამზადება) მიმართულებით“, - განაცხადა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, პეტრ მიკისკამ.