მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას მოუტანს ავტომფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა საქართველოს? - ექსპერტი

645f5c12adab0
გიორგი არონია
13.05.23 16:01
1696

“თუ საქართველოს სურს ევროკავშირის წევრი გახდეს, ავტომფლობელთა მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევის შემოღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული მანქანები ევროკავშირში ვერ ივლიან”, - ასე ეხმიანება KU Leuven-ის პროფესორი და დაზღვევის საერთაშორისო ექსპერტი, კარელ ვან ჰულე საქართველოში ავტომფლობელთა მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევას, რომლის შემოღება საქართველოში 2024 წლისთვის იგეგმება. მისივე თქმით, სამართლიანია არსებობდეს სოლიდარობის ისეთი ფინანსური მოდელი, რომელიც დაზარალებულ ადამიანებზე თანხას გადაანაწილებს.

ამასთან, დაზღვევის ამ მოდელზე საუბრისას, კარელ ვან ჰულე მის სოციალურ მხარეს უსვამს ხაზს და ამბობს, რომ ზარალის ანაზღაურების საერთო სისტემა შექმნა სამართლიანი ნაბიჯია.

“ევროპაში ძალიან ცოტა სავალდებულო დაზღვევაა, მაგრამ ავტომფლობელთა მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევა ერთ-ერთი მათგანია. ევროპული ხედვის თანახმად, მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა დაზღვეული ხარ. მოქალაქეებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ავტომობილის მართვა ყველას სურს, მაგრამ სადაზღვევო პრემიის გადახდა - არავის. ავტოსაგზაო შემთხვევით, შესაძლოა, ადამიანს დიდი ზარალი მიადგეს, ასე რომ სამართლიანია, არსებობდეს ისეთი საერთო სისტემა, რომელიც ფინანსდება იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევებში მონაწილეობენ და მოგვიანებით, ეს ფული ნაწილდება ავტოსაგზაო შემთხვევაში დაზარალებულ ადამიანებზე. ეს ერთგვარი სოლიდარობაა და ქართველებისთვის, ის აუცილებელია. თანაც, აუცილებელია არა ხვალ, არამედ დღეს, რადგან ადამიანი, რომელსაც მანქანა დაეჯახება, უნდა იცოდეს, რომ კომპენსაციას მიიღებ”, - ამბობს კარელ ვან ჰულე.

შეკითხვაზე, თუ რა დრო დასჭირდება საქართველოში დაზღვევის ამ სისტემის ინიციირებას, დაზღვევის ექსპერტი ამბობს, რომ ცვლილება ერთ დღეში ვერ მოხდება, რადგან რისკის დასათვლელად დიდი მოცულობით მონაცემები არის საჭირო. “ეს ცვლილება, ერთ დღეში ვერ მოხდება, რადგან ავტოდაზღვევის პრემიის დათვლა რთულია. ამ საკითხს, ალბათ, დეტალურად უნდა ჩავუღრმავდე. სადაზღვევო ბიზნესში არსებობს ბმა რისკსა და პრემიას შორის და რაც უფრო მაღალია რისკი, მით უფრო მაღალია პრემია. რისკის აღსარიცხად გვჭირდება მონაცემები, მაგრამ საქართველოში მონაცემები არ გაქვთ, რადგან ამ მხრივ სავალდებულო დაზღვევა არ ფუნქციონირებს. ამგვარად, იქნება გარდამავალი ეტაპი, რომლის დროსაც შეიქმნება საერთო სისტემა, რომელსაც დავაკვირდებით, მონაცემებს შევისწავლით და გარკვეული დროის შემდეგ, ავტოსადაზღვევო ბაზარს გავხსნით. ეს არის მოდელი, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთის ქვეყნებმა წარსულში უკვე დანერგეს. ეს მარტივი არ არის და საზედამხედველო ორგანოს ლიდერობის გამოვლენა დასჭირდება, რათა სადაზღვევო ინდუსტრიასთან თანამშრომლობით, ყველაფერი კარგად წარიმართოს. თუმცა, გადასვლა აუცილებელია და საბოლოო ჯამში, შეუერთდებით სისტემას, რომელიც მთელ მსოფლიოში არსებობს და გექნებათ მწვანე ბარათი, რომელიც საშუალებას მოგცემთ ევროპასა და მსოფლიოში იმოგზაუროთ, სადაც ყველა სიხარულით დაგხვდებათ, რადგან თქვენ დაზღვეული ხართ”, - აღნიშნავს კარელ ვან ჰულე, bmg-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ: ავტომფლობელთა მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონპროექტი პარლამენტში ჯერ კიდევ 2018 წლის 31 დეკემბერს დარეგისტრირდა, თუმცა, შემდგომ მისი განხილვა შეჩერდა. აღნიშნული კანონის მიღება ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში აუცილებლად შესასრულებელი მოთხოვნაა. იგეგმება, რომ ზემოხსენებული დაზღვევის ფლობის ვალდებულება ძალაში 2024 წლიდან შევა, მაგრამ ზუსტ თარიღს საქართველოს მთავრობა დაადგენს.