მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ნიშნავს კონტრციკლური ბუფერის 1%-მდე გაზრდა ბანკებისა და მომხმარებლისთვის?

6412de789943a
გიორგი არონია
16.03.23 13:33
1051
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერის საბაზისო განაკვეთის 1%-ზე დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. თუკი ნორმალურ დროს კონტრციკლური ბუფერი ნულის ტოლი იყო და ჭარბი დაკრედიტების შემთხვევაში იზრდებოდა, ამიერიდან ბუფერის განაკვეთი ნორმალურ პირობებში 1% იქნება. კონტრციკლური ბუფერი ჭარბი დაკრედიტების პერიოდში გაიზრდება, ხოლო სტრესულ პერიოდში შემცირდება. მარეგულირებლის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება თანხვედრაშია ბაზელის კომიტეტის რეკომენდაციებთან.

რეალურად, კონტრციკლური ბუფერის დაწესება არც თუ ისე მარტივი საკითხია, რომელსაც ახსნა სჭირდება. მარტივად რომ ვთქვათ, კონტრციკლური ბუფერი მარეგულირებლის მიერ ბანკებისთვის დაწესებული დამატებითი სარეზერვო მოთხოვნაა, რომელიც ბანკების ეკონომიკური აქტივობის ციკლზე არის დამოკიდებული. კიდევ უფრო რომ გავამარტივოთ, ბანკებისთვის დაწესებული დამატებითი სარეზერვო მოთხოვნა იზრდება მაშინ, როცა ბანკის აქტივების ღირებულება იზრდება და მცირდება მაშინ, როცა აქტივების ღირებულება მცირდება. ძალიან რომ განვაზოგადოთ, კონტრციკლური ბუფერით, მარეგულირებელი, ბანკს აიძულებს, ბანკისთვის კარგ დროს უფრო დიდი მოცულობის კაპიტალი შეინახოს და ამ თანხით, ცუდი დრო გადააზღვიოს.

კონტრციკლური ბუფერის 0-დან 1%-მდე გაზრდით, ქვეყანაში მოქმედ კომერციულ ბანკებს კაპიტალის მოზიდვა გაუძვირდებათ. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ბანკებს მათ მიერ მოზიდული სახსრებიდან უფრო მეტი თანხების დარეზერვება მოუწევთ, რაც, ცხადია, ნაკლებ საბრუნავ კაპიტალს და შესაბამისად, ნაკლებ გაცემულ კრედიტს და ზრდას ნიშნავს. ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტს, ალეკო ძნელაძეს დავუკავშირდით, რომლის თქმით, ახალი მოთხოვნა კომერციულ ბანკებს დამატებითი კაპიტალის მოზიდვის ვალდებულებას დააკისრებს. მისივე თქმით, კომერციულ ბანკებს იმედი ჰქონდათ, რომ კონტრციკლური ბუფერი არ დაწესდებოდა.

“კონტრციკლური ბუფერის კიდევ ერთი პროცენტით გაზრდა, რაც მოზიდული სახსრებისა და საკრედიტო პორტფელის მიმართ არის მოთხოვნილი, კიდევ ერთხელ აწვება კაპიტალს, ანუ კომერციულ ბანკებს დამატებითი კაპიტალის მოზიდვის ვალდებულებას უქმნის. ამ თემაზე გარკვეული მსჯელობა გვქონდა ეროვნულ ბანკთან და იმედი გვქონდა, რომ დღეს, კონტრციკლური ბუფერი არ ამოქმედდებოდა”, - აღნიშნავს ალეკო ძნელაძე.

კონტრციკლური ბუფერის დაწესების თაობაზე, თიბისის მთავარ ეკონომისტს, ოთარ ნადარაიასაც ვესაუბრეთ, რომელმაც გაიხსენა, რომ ასეთი პრეცედენტი საქართველოში 2008 წელსაც დაფიქსირდა, როცა ბაზელის კომიტეტის ამგვარი მოთხოვნა ჯერ არ ჰქონდა დაწესებული. გამოდის, რომ კონტრციკლური ბუფერის დაწესება ქართული საბანკო ინდუსტრიისთვის არც თუ ისე ახალი მოვლენაა.

“იცით, რომ 2008-2009 წლები მარტივი არც საქართველოსთვის ყოფილა - გვახსოვს, როგორც გლობალური კრიზისის ზეგავლენა, ასევე სამხედრო კონფლიქტი რუსეთთან. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს, კონტრციკლური ბუფერი ამ ფორმით არ არსებობდა, მაშინ, საქართველოში ეს მიდგომა იქნა გამოყენებული. კაპიტალის მოთხოვნები, რომელიც 2006-2008 წლებში ძალიან მაღალი იყო, კრიზისის დროს შემცირდა და შემდეგ, 2010-2011 წლებში, ეტაპობრივად აღდგა”, - ამბობს ოთარ ნადარაია.

საბანკო მარეგულირებლის მიერ დაწესებული დამატებითი ლიმიტები, როგორც წესი, საბანკო პროდუქტების ფასზე აისახება. ამგვარად, კიდევ ერთი კითხვა, რომელიც საბანკო ასოციაციასთან გვქონდა, შემდეგი იყო: გააძვირებს თუ არა კონტრციკლური ბუფერის დაწესება სესხებს, თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საშუალო საპროცენტო განაკვეთი საქართველოში ისედაც საკმაოდ მაღალია.

“ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ კაპიტალთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ბოლო დროს იქნა მიღებული, მათ შორის მოგების გადასახადის გაზრდა, კონტრციკლური ბუფერის დაწესება და სხვა მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები კაპიტალის დამატებით მოთხოვნაზე აისახება, რაც, შეასუსტებს ზრდის ტემპს და იმ პროდუქტების ფასში აისახება, რომლებიც შეთავაზებულია საბანკო სექტორის მიერ”, - აღნიშნავს საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, ალეკო ძნელაძე.

საბანკო სექტორისთვის დამატებითი ბუფერების დაწესების აუცილებლობის ფონზე, ჩნდება შეკითხვა: აქვთ თუ არა ბანკებს ბუფერის შევსების რესურსი და საერთოდ, რა მოცულობის თანხას გულისხმობს სებ-ის მიერ დაწესებული 1%-იანი ბუფერი? თუ გავითვალისწინებთ, რომ გასულ წელს, ქართულმა ბანკებმა ორ მილიარდ ლარზე მეტი მოცულობის მოგება ნახეს, კონტრციკლური ბუფერის შევსების პრობლემა მათ ნამდვილად არ აქვთ, რასაც საქართველოს საბანკო ასოციაციაშიც ადასტურებენ. თუმცა, კონკრეტულად რა თანხას გულისხმობს 1%-იანი ბუფერი, ამ ეტაპზე უცნობია, რადგან ის არატრადიციული ბუფერია და კაპიტალს მიბმული არ არის. როგორც ალეკო ძნელაძემ ამბობს, დათვლა უკვე მიმდინარეობს.

“საუბარი იმაზე, თუ რამდენად დიდი ტვირთი იქნება [კონტრციკლური ბუფერი] საბანკო სექტორისთვის, დღეს, ნაადრევია, რადგან, მაღალი მოგების მაჩვენებლის ფონზე, ბანკებს აღნიშნული ბუფერის შევსება უპრობლემოდ შეუძლიათ. უკანასკნელი ინფორმაციით, ამ ბუფერის შევსებასთან დაკავშირებით პრობლემა არც ერთ ბანკს არ ექნება. ერთადერთი, რაზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ისაა, თუ რამდენად მტკივნეულად აისახება ეს ზრდაზე და მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ ფასებზე", - აღნიშნავს საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, ალეკო ძნელაძე. 

კონტრციკლური ბუფერის 1%-მდე გაზრდის გარდა, საქართველოს საბანკო ასოციაციაში საუბრობენ კომერციული ბანკებისთვის, ბოლო დროს დაწესებულ სხვა შეზღუდვებზეც. ამ შემთხვევაში, ალეკო ძნელაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია ვადიანობა, რომელიც კომერციულ ბანკებს სამომხმარებლო სესხებისა და უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხების მიმართულებით შეუმცირდათ. საქართველოს საბანკო ასოციაცია ამ თემებზე მარეგულირებელთან საუბრის გაგრძელებას გეგმავს, რადგან, როგორც ალეკო ძნელაძე ამბობს, ეს შეზღუდვები, ისევე, როგორც კონტრციკლური ბუფერის განაკვეთის ზრდა აისახება მოთხოვნაზე, რაც მაღალი საპროცენტო განაკვეთის პირობებში, ბანკებისთვის ნაკლებად სასიამოვნოა.

“ამ საკითხთან ერთად, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმ შეზღუდვებზე, რომლებიც 2022 წელს შემოვიდა, რადგან მნიშვნელოვანია გავიგოთ, 2023 წლის განმავლობაში შეზღუდვები შემსუბუქდება, თუ არა. ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სამომხმარებლო სესხების ვადიანობაა, რომელიც სამ წლამდე შემცირდა და ასევე იპოთეკური სესხების უცხოურ ვალუტაში არსებული ვადიანობა, რომელიც ათ წლამდე შემცირდა”, - ამბობს ალეკო ძნელაძე.

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული განცხადებით ირკვევა, კონტრციკლური ბუფერის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ბანკებს 12-თვიანი ვადა განესაზღვრათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუფერის დაწესების მოთხოვნა უკვე ძალაშია და მის შესავსებად ბანკებს ერთი წელი აქვთ.