მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ნიშნავს ნამახვანჰესის პროექტისთვის 9 თვიანი მორატორიუმი?

6097ced1969e5
ელენე გოგბერაშვილი
09.05.21 19:10
1167
მთავრობის გადაწყვეტილებით, ნამახვაჰესის კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის ვადით მორატორიუმია გამოცხადებული, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება.

როგორც ENKA-ს ქართველი დირექტორი მერაბ ლომინაძე აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილების გამო ინვესტორმა ძირითადი სამუშაოების განხორციელების გეგმა შეცვალა, თუმცა ახლა რიონის ხეობაში პროექტის წინამოსამზადებელი საუშაოები ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

„ჩვენ ვაგრძელებთ წინამოსამზადებელ სამუშაოებს, ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა უნდა მომზადდეს, რომ აიგოს ძირითადი ნაგებობები: იგივე კაშხალი, რომლის მშენებლობა გადაიდო. ახლა ვასრულებთ მხოლოდ წინამოსამზადებელ სამუშაოებს, თუმცა ესეც კი აფერხებს იმ საინვესტიციო საქმიანობას, რომელსაც ჩვენი კომპანია ეწევა ანუ ამას იქით ვერ მივდივართ.

ჩვენ გავაკეთეთ გეგმების გადახედვა და ძირითადი სამუშაოები გადავწიეთ. ეს ის პერიოდია, რაც საკმარისი იქნება ერთის მხრივ ვალიდაციის დასასრულებლად და მეორეს მხრივ ამის საფუძველზე იმ კონსესუსის მისაღწევად, რომელიც გარდაუვალია. საუბარია იმაზე, რომ ექსპერტთა კონსიულიუმი შეიკრიბოს და მათი მსჯელობის საფუძველზე გახდეს ცვლილებები საჯარო ჩვენთვის გასათვალისწინებლად, ჩვენ ამ მზაობას ვაცხადებთ დღესაც და ხვალაც მზად ვიქნებით. დიალოგი არის ის პროცესი, სადაც ორი მხარე უნდა იყოს ჩართული.

იმედია, მეორე მხარე გადმოდგამს შემხვედრ ნაბიჯს და საგნობრივი დისკუსია დაიწყება. მე არ მომისმენია არცერთი კონკრეტული რეკომენდაცია, მოსაზრება ამა თუ იმ დასკვნასთან დაკავშირებით, თუნდაც ხელშეკრულებასთან მიმართებით, რომ ვთქვათ ესა თუ ის პუნქტი აჯობებს სხვაგვარად, მე ამას ვერ ვხედავ. იმპულსური ერი ვართ და გვიხარია ხოლმე სადღეგრძელოების მოსმენა, ეპითეტების მოსმენა, ამის ანგაჟირება... ამით ჩვენ მხოლოდ საქმეს ვაზიანებთ“-აცხადებს ლომინაძე Forbes-კვირასთან ინტერვიუში.

მან უპასუხა ასევე წამყვანის კითხვას, თუ რა ხდება მაშინ, თუ ჰესის ძირითად ნაგებობების მშენებლობაზე გამოცხადებული მორატორიუმის პერიოდში დიალოგი ვერ შედგა და საზოგადოება დარჩა იმ პოზიციაზე, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს...

„მაშინ ღრმად უნდა ჩავწვდეთ პრობლემას და იდენტიფიკაცია გაუკეთოთ, ვთანხმდებით თუ არა იმაზე, რომ ჩვენ ეს ქვეყანა გვიყვარს, ვთანხმდებით თუ არა, რომ ჩვენ ამ ქვეყნის მომავალს ვხედავთ იმ დასავლურ ღირებულებებზე დაყრდნობით, რომელიც დღეს არის ევროპაში, არის აშშ-ში, რისი ფუნდამენტიც და ქვაკუთხედიც გახლავთ საბაზრო ეკონომიკა, ქვეყნის პოლიტიკური სუვერენიტეტი, თუ ამაზე შევთანხმდებით დღის წესრიგში დადგება მეორე საკითხის განხილვა, თუ რა უზრუნველყოფს ჩვენი პოლიტიკური სუვერენიტეტის მდგრადობას, ეს საკითხი ცდება კომპანიის ინტერესებს, თუმცა ამაზე ვსაუბრობ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და ვამბობ იმას, რომ თუ ჩვენ გვინდა პოლიტიკური სუვერენიტეტი, ჩვენ ეკონომიკურადაც უნდა ვიყოთ დამოუკიდებლები.

ჩვენ თუ გვინდა ეკონომიკური დამოუკიდებლობა ენერგეტიკა არის ის ფუნდამენტი, რაზეც დღეს ეწყობა ეკონომიკა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ელექტროენერგიის 35-40% არის იმპორტი ან იმპორტირებულ გაზზე გენერირებული ელექტროენერგია, მაშინ ზედმეტია რაიმე დამოუკიდებლობაზე საუბარი. მაშინ ქართველობას დღეს არა, ხვალ წაგვართმევენ 200-300 წლით.

ჩვენ ამაზე თუ არ შევჯერდით, არ არის საუბარი ენკაზე, არ არის საუბარი ნამახვანის პროექტზე, აქ არა არის საუბარი ამა თუ იმ დასკვნაზე, აქ არის საუბარი ქვეყნის მომავალზე“.