მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?

62275176642df
მარიამ ადამია
09.03.22 00:45
30969

თებერვლის ბოლოს, უკრაინაში, რუსული ძალების შეჭრიდან რამდენიმე დღით ადრე, სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო და ფოტომასალა, სადაც ნაჩვენებია ტანკები, საკომუნიკაციო სატვირთო მანქანები და სარაკეტო დანადგარები, რომლებზეც „Z“-ი იყო გამოსახული. მოსახლეობამ დაიწყო ძიება და დისკუსია, თუ რას შეიძლება მიუთითებდეს რომაული ანბანით დაწერილი "Z".  სამხედრო ექსპერტები განმარტავდნენ "Z"-ს, როგორც "Za pobedy" ანუ რუსეთის "გამარჯვებისთვის" ან "Zapad" ანუ "დასავლეთისთვის". ზოგიერთი, მანქანას "ზოროს რაზმის" სიმბოლოს უწოდებს.

Bellingcat-ის მკვლევარმა რიკ ტოლერმა, რომელიც მას შემდეგ აკვირდება რუსეთის სამხედრო ოპერაციებს, რაც რვა წლის წინ, მოსკოვმა აღმოსავლეთ უკრაინაში ომი გააჩაღა, თქვა, რომ მკვლევრების ჯგუფს წარმოდგენაც არ აქვს, რას ნიშნავს "Z" სიმბოლო და  Twitter-ზე დაწერა, რომ ადრე ეს არ დაუნახავს ანუ იმ დღეებში, როცა მოსკოვმა უკრაინაზე სისხლიანი თავდასხმის ბრძანება გასცა, Z იდუმალი სამხედრო სიმბოლო გახდა. ამას ადასტურებენ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებიც, მათ შორის CNN; ასევე დამოუკიდებელი მკვლევარი და უილსონის ცენტრის ყოფილი თანამშრომელი კამილ გალეევი "ტვიტერზე" წერს, რომ ეს სიმბოლო, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გამოიგონეს, გახდა ახალი რუსული იდეოლოგიისა და ეროვნული იდენტობის გამომხატველი. 

და მაინც რას ნიშნავს „Z“, „V“, „X“ და სხვა ნიშნები რუსულ ტექნიკაზე. უკრაინის თავდაცვის საიმინისტრო განმარტავს, რომ Z – რუსეთის აღმოსავლეთ ძალებია, Z კვადრატში – რუსეთის ჯარები, რომლებიც განთავსებულია ყირიმში; O – ბელარუსში დისლოცირებული ჯარები; V – საზღვაო ქვეითები; X – კადიროველები; A – სპეციალური დანიშნულების რაზმები; რუსეთი და უკრაინა კი, პრაქტიკულად, მსგავს საბრძოლო ტექნიკას იყენებენ. ტექნიკაზე სიმბოლოების დატანა შესაძლოა, რამდენიმე მიზეზით აიხსნებოდეს, მათ შორის, საკუთარი ტექნიკის იდენტიფიცირებისთვის და ე.წ. „მეგობრული ცეცხლის“ თავიდან აცილების მიზნით. ეს გასაგებია, თუმცა მედიაში ჩნდება მოსაზრება, რომ კონკრეტულად "Z”-ს სხვა დანიშნულებაც აქვს. 

ამის თქმის საფუძველს იძლევა ისიც, რომ რუსეთის  ქალაქ ყაზანში, სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს სთხოვეს, თოვლში გარეთ გასულიყვნენ და "Z" სიმბოლო გამოესახათ, რათა გამოეხატათ მხარდაჭერა რუსეთის სამხედრო ოპერაციის მიმართ.  "Z" სიმბოლო ასევე გამოჩნდა რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის, დუმის წევრებს შორის.

სოციალურ ქსელებში კი ჩნდება კადრები, რომლებიც ასახავს რუსეთის მთავარ ქალაქებში მანქანების კოლონებს, რომელთა ფანჯრებზეც თეთრი „Z“-არის გამოსახული და უზარმაზარი რუსული დროშაც ფრიალებს; გარდა ამისა, დოჰაში, ყატარში, ტანვარჯიშის მსოფლიო თასზე, რუსი სპორტსმენი ივან კულიაკი, სწორედ ამ სიმბოლოთი იდგა მედლის მისაღებ პედესტალზე, უკრაინელი ილია კოვტუნის გვერდით. 

ასევე ვრცელდება რუსული პროპაგანდისტული ვიდეო, სადაც ახალგაზრდა რუსები, შავ მაისურებში Z წარწერითა და  ჰეშთეგით  #СвоихНеБросаем ანუ „ჩვენ არ ვტოვებთ ჩენებს“ და სკანდირებენ: "რუსეთისთვის, პრეზიდენტისთვის. რუსეთისთვის, პუტინისთვის!"

ამდენად, ზუსტად რას ნიშნავს სიმბოლო Z,  ჯერ კიდევ გაურკვეველია, მაგრამ ვარაუდია, რომ მას მხოლოდ სამხედრო დანიშნულება არ აქვს.