მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას პასუხობს ჯანდაცვის უწყება სამედიცინო სფეროს იმ ნაწილს, ვინც სამუშაო შეხვედრებს ითხოვს

5df0f0c9090eb
ინგა მურუსიძე
11.12.19 17:35
1410
უნივერსალური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საბჭო  ჯანდაცვის სამინისტროში მომავალი კვირიდან ამოქმედდება, - ამის შესახებ bm.ge-ის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განუცხადა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ჯგუფში გაერთიანებული იქნება როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ისე წარმომადგენელი პარლამენტიდან და სამედიცინო ასოციაციებიდან.

„ექიმებთან შეხვედრის პრობლემა არანაირად არ არის, პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ჩვენ ვესაუბრეთ არაერთ ექიმს, ვისაუბრეთ არაერთი კლინიკის წარმომადგენელთან არაერთ ფორმატში. ამ პროცესს სჭირდება ლეგიტიმაცია და ჯგუფს, რომელიც ჩამოყალიბდება, უნდა ჰქონდეს საფუძველი, მუშაობის ჩარჩო და მის გადაწყვეტილებებს უნდა ჰქონდეს აღიარება. ამ პროცესის ლეგიტიმაციის მიზნით, სამინისტრო ჩამოაყალიბებს უნივერსალური ჯანდაცვის საბჭოს, რომელიც არის ჩვენთვის მექანიზმი მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებების მიღების და ჩართულობის უზრუნველყოფისთვის. საბჭო გააერთიანებს ყველა დაინტერესებულ მხარეს; როცა ინდივიდუალური პირების მიერ იქმნება მცირე რიცხოვანი ჯგუფი, ეს ტოვებს იმის რისკს, რომ ამაში ყველა მხარე ვერ მოხვდება. საბჭოს წევრები იქნებიან როგორც კლინიკების, ისე ასოციაციების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის და პარლამენტის წარმომადგენელი, პაციენტის წარმომადგენელი, ასევე, საერთაშორისო ორგანოების წარმომადგენლები. თავის მხრივ, საბჭოს ფორმატში შეიქმნება მცირე სამუშაო ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ კონკრეტულ საკითხებზე.

რაც შეეხება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების წერილს (იგულისხმება აღნიშნული წერილი), ის ჩემთან მოხვდა გუშინ საღამოს; საბჭო შეისწავლის აღნიშნული ჯგუფის და სხვა მცირე ჯგუფების ჩამოყალიბების საკითხს. შემდეგ უკვე ამ ლეგიტიმაციის ფორმატში ეს სამუშაო გაგრძელდება. ეს არის ჩვენი მექანიზმი იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ საყოველთაო ჩართულობა, რაზეც აქამდე პრობლემა შეიქმნა, რომ თითქოს ეს არ შედგა“, - განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება საბჭოს ეფექტურობას და რისკს იმის შესახებ, რომ პროცესი დროში გაიწელება და შედეგად, კლინიკები წაგებაზე გავლენ, მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ აღნიშნული რისკი არ არის, ვინაიდან საბჭო დროულ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

„ეს საბჭოს იქნება ეფექტური, რადგან მასგავსი მექანიზმები სამინისტროს უკვე აქვს და ეფექტურად მუშაობს. პირადად მე ამის დიდი გამოცდილება მაქვს, თუ როგორ უნდა მოხდეს აღნიშნულ ფორმატში ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება და რაც მთავარია დროულად. მანამდე რაც იყო ძალიან სასწრაფო და რა საკითხებიც კლინიკებს ჰქონდათ დასაზუსტებელი, ამაზე გარკვეული პასუხები გაიცა როგორც გუშინ, ისე დღეს და ეს ხდება მუდმივად“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

Bm.ge მინისტრის მოადგილისგან დაინტერესდა, თუ როგორია ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია ზოგიერთი კლინიკის ხელმძღვანელის განცხადებაზე, რომლებიც ამბობენ, რომ 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ გეგმურ ოპერაციებს არ აკეთებენ და მხოლოდ სასწრაფო ოპერაციებით შემოიფარგლებიან, რათა წაგებაზე არ წავიდნენ.

„დადგენილება განსაზღვრავს პირობებს სერვისის მიწოდების თაობაზე, სოციალური მომსახურეობის სააგენტოსა და კლინიკას შორის. ჩვენ რომელიმე კლინიკიდან არ მიგვიღია შეტყობინება იმის თაობაზე, რომ რომელიმე სერვისს ვერ ახორციელებს. მე აქ საუბარი მაქვს კლინიკის ადმინისტრაციაზე; კონკრეტულ ექიმებთან აღნიშნული მიმართულებით კომუნიკაცია არ გვაქვს და არ ვიცით, რომ რომელიმე კლინიკა წყვეტს რაიმე სახის მომსახურეობას. ის წუხილი რომ აქვთ ექიმებს ტარიფთან დაკავშირებით, საბაჟო ფასებთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით და ა.შ. ჩვენ უკვე ამ ყველაფერს გადავიტანთ საბჭოს ფორმატში და იქ განვიხილავთ“, - განაცხადა გაბუნიამ.