მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას პასუხობს კომუნიკაციების კომისია ვენეციის კომისიის კრიტიკულ დასკვნას

605b14002b84c
შოთა ტყეშელაშვილი
24.03.21 14:21
1142
“ვენეციის კომისია ევროპულ კონტექსტში არ იცნობს კომუნიკაციების სფეროს სხვა რომელიმე მარეგულირებელს, რომლის ხელშიც ასეთი ფართო უფლებები აქვს მინიჭებული”, – ნათქვამია ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში 2020 წელს დაჩქარებული წესით მიღებულ ცვლილებებს აფასებს.

ელექტრონული კომუნიკაციების კანონი გასულ წელს შეიცვალა და შედეგად, კომუნიკაციების კომისიას კომპანიების სანქცირების სახით მათში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებები მიეცა. ცვლილებების მიზეზს “კავკასუს ონლაინთან” არსებული დავა წარმოადგენდა და კომისიამ ის 2020 წლის ოქტომბერში სწორედ ამ კომპანიის წინააღმდეგ გამოიყენა. ვენეციის კომისიის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების კანონში შეტანილი ცვლილებები რიგ პრობლემებს შეიცავს. ვენციის კომისია კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის რეკომენდაციას იძლევა და აღნიშნავს, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნით კომისიას კომპანიების აქციონერების საკუთრების უფლების დე ფაქტო ექსპროპრიაცია შეუძლია.

“კანონის მიერ კომისიისთვის მინიჭებული უფლებები არის იმდენად ფართო და ყოვლისმომცველი, რომ მათი მეშვეობით კომპანიის მესაკუთრეები რჩებიან კომპანიაზე ეფექტიანი საკუთრების განხორციელების მიღმა, შესაბამისად, მათ აღარ აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ კომპანიაში გადაწყვეტილებების მიღების ან სხვა პროცესებში”, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

დღეს კომუნიკაციების კომისიამ გაავრცელა განცხადება, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნასაც პასუხობს. კომუნიკაციების კომისია წერს, რომ მათი შეფასებით, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები "ევროპულ სტანდარტებთან არის შესაბამისობაში." ამასთან, კომისიის განცხადებაში არ არის აღწერილი ის თუ როგორ ხედავენ იმ პრობლემური საკითხების მოგვარებას, რაც ვენეციის კომისიამ საკუთარ გადაწყვეტილებაში ხაზგასმით აღნიშნა. 

"კომუნიკაციების კომისია ყურადღებით გაეცნო ვენეციის კომისიის მოსაზრებას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში 2020 წლის 17 ივლისს შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით. კომუნიკაციების კომისია ადასტურებს თავის ერთგულებას ვენეციის კომისიის მიერ დასკვნაში აღნიშნულ ფასეულობებთან მიმართებით. კომისია ყოველდღიურ საქმიანობაში სწორედ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობს და იღებს გადაწყვეტილებებს.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისია დასკვნაში თავად აღნიშნავს იმ მასშტაბურ პრობლემას და გამოწვევას, რომლის გადასაჭრელადაც კანონში ცვლილებები შევიდა.

მივესალმებით, რომ ვენეციის კომისია აცნობიერებს კანონში ცვლილების შეტანის მიზანს - სახელმწიფოს ჰქონოდა უფრო ეფექტიანი და ნაკლები ზიანის მომტანი ინსტრუმენტი, ვიდრე ავტორიზაციის შეჩერება/ლიცენზიის გაუქმება და მილიონობით აბონენტის ინტერნეტის და სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გარეშე დატოვება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის მიერ გაწეული ძალისხმევა და ის გარემოება, რომ ვენეციის კომისია ნათლად ხედავს საკითხის სენსიტიურობას და ცვლილების შეტანამდე არსებულ საკანონდებლო ხარვეზს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრება არ ვრცელდება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში 2020 წლის 17 ივლისს შესულ ყველა ცვლილებაზე. ვენეციის კომისიის დასკვნა მხოლოდ კონცენტრაციის დარღვევის ნაწილში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილებას და აღნიშნული გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ აღსრულებას ეხება. ვენეციის კომისიას არ შეუფასებია კომისიის სხვა გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი, ისევე, როგორც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე პირებისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში სპეციალური მმართველის დანიშვნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიას მიაჩნია, რომ მისი ყველა გადაწყვეტილება ერთიან ევროპულ სტანდარტს უნდა ექვემდებარებოდეს, კერძოდ კი კომისიის ყველა გადაწყვეტილების რევიზია, მათ შორის გადაწყვეტილების შეჩერება უნდა ხდებოდეს სასამართლოს მიერ და არა ავტომატურად, რომელიმე ავტორიზებული პირის სარჩელის საფუძველზე. კომისიის, როგორც მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მათი დაუბრკოლებლად აღსრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მის მიერ რეგულირებადი სფეროს სწორად განვითარებისთვის. კომისიის გადაწყვეტილებების მხოლოდ სასამართლოს მიერ შეჩერება გარანტირებულია ასოცირების შესახებ შეთანხმებით. აღნიშნული ევროპული მიდგომა არც თავად ვენეციის კომისიას დაუყენებია ეჭვქვეშ. ვენეციის კომისიის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ კომისიის ყველა სხვა გადაწყვეტილებასთან მიმართებაში სწორია, რომ სასამართლოს მიერ ხდებოდეს გადაწყვეტილების შეჩერება, გარდა სპეციალური მმართველის დანიშვნისა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოხატვის თავისუფლებას ეხება. მნიშვნელოვანია, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით არ რეგულირდება. ვენეციის კომისია თავად აღნიშნავს, რომ კანონში ცვლილებების მიზანი არ ყოფილა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მაგრამ მაინც აუცილებლად მიგვაჩნია განვმარტოთ, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ შესახებ საქართველოს კანონით და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით," - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.