მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას შეცვლის კაპიტალის ბაზარზე "სეკიურიტიზაციის" ინსტრუმენტის გამოჩენა?

647de175f0f8d
ელენე გოგბერაშვილი
06.06.23 20:20
925
კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში ადგილობრივი ობლიგაციების ბაზრის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას სეკიურიტიზაციის სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება წარმოადგენს, რომელიც პარლამენტში ახლა საკომიტეტო განხილვებს გადის. სეკიურიტიზაციის გარიგება კომპანიებისთვის დამატებითი კაპიტალის მოზიდვის ალტერნატიული წყარო იქნება.

„სეკიურიტიზაცია თავისი შინაარსით გულისხმობს, რომ გააფასიანქაღალდოს ფულადი ნაკადები, რაც კომპანიას გააჩნია. თუ კომპანიას ფიზიკური აქტივები გააჩნია და ამასთან აქვს სტაბილური შემოსავლები და ეს განჭვრეტადია, კომპანიას შეუძლია ეს ფულადი ნაკადები გააფასიაქაღადოს და ამგვარად მოიზიდოს სახსრები. ის რეალურად გაყიდის თავისი საბალანსო უწყისიდან ასეთ მომავლის შემოსულობებს, რომელსაც შეიძენენ ინვესტორები.

სახეზე გვაქვს ის, რომ კომპანიებმა კონკრეტული დისქაუნთის სანაცვლოდ, მიიღონ კაპიტალი დღეს. ეს ხდის კაპიტალს უფრო ხელმისაწვდომს. ეს პროდუქტი სტრუქტურული ფინანსირების კუთხითაა ცნობილი და იაფი პროდუქტი არ არის“,-აცხადებს ეკონომიკის სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსი გიორგი გურგენიძე.

მისი თქმით, ამ ინსტრუმენტის ამოქმედება დამოკიდებულია როდის მიიღებს "სეკიურიტიზაციის შესახებ" კანონს პარლამენტი და როდის შევა ის ძალაში. „იმედია წლის ბოლოსკენ მომავალი წლის დასაწყისში იქნება რყევები ამ მიმართულებით“,-ამბობს გურგენიძე.

„ეს ზრდის წვდომას დაფინანსებაზე სხვადასხვა ბიზნეს თუ ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან. რამდენად იმუშავებს, ეს დამოკიდებულია, რამდენად სწრაფად და ეფექტურად მივაწვდით ინფორმაციას ამ კანონის შესახებ იმ სუბიექტებს, ვისაც მათი გამოყენება შეუძლია.

მეორე მხარეა ინვესტორების მხარე, რომლებმაც ინვესტირება უნდა მოახდინონ ასეთ ფინანსურ ინსტრუმენტებში. აქაც მნიშვნელოვანია შეიქმნას ახალი ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიცაა აქტივების მმართველები. ასევე არის საპენსიო ფონდი, რომელიც უკვე მუშაობს და მნიშვნელოვანია საპენსიო ფონდსაც ჰქონდეს მანდატი, რომ შეეძლოს ასეთი ტიპის ინსტრუმენტებში ინვესტირება.

ჩვენ „ფორსაიტ კაპიტალი“, როგორც აქტივების მმართველები რა თქმა უნდა დაინტერესებული ვიქნებით ფინანსური ინსტრუმენტებით და ჩვენთვის ეს ხელსაყრელია, რადგან ზრდის იმ ინსტრუმენტების სპექტრს, სადაც ინვესტირება ჩვენი ინვესტორების სახელით შეგვეძლება“,-აცხადებს რატი მორჩილაძე, „ფორსაით კაპიტალის“ საინვესტიციო ოფიცერი.


რა არის სეკიურიტიზაცია? - კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით:


"სეკიურიტიზაციის გარიგება წარმოადგენს დაფინანსების მაძიებელი სუბიექტისათვის საბანკო დაფინანსების ერთ-ერთ ალტერნატიულ წყაროს. საქართველოში დაფინანსების მოპოვების მსურველი სუბიექტები, დაფინანსების სხვა წყაროების სიმწირის გამო, დაფინანსების მთავარ წყაროდ განიხილავენ კომერციული ბანკების სესხებს, თუმცა კაპიტალის ბაზრის განვითარებასთან ერთად ნელ-ნელა იზრდება სასესხო ფასიანი ქაღალდის გამოშვების მიმართაც ინტერესი. სეკიურიტიზაციის ტრანზაქციის განხორციელებით, ინიციატორი - სუბიექტი, რომელსაც საბაზისო აქტივი საკუთარი საბალანსო უწყისიდან გადააქვს სპეციალურ მიზნობრივ ერთეულში, ამ საბაზისო აქტივების გადატანის ნაცვლად იღებს ფულად სახსრებს.

აღნიშნული საბაზისო აქტივი წარმოადგენს საკრედიტო პოზიციას - კერძოდ ინიციატორი სუბიექტის ნებისმიერ სამომავლო შემოსულობას, რომელიც განჭვრეტადია და წარმოქმნილია ხელშეკრულებიდან, მოთხოვნის უფლებით მესამე პირების მიმართ, წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით".