მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას შეცვლის თურქეთთან და ევროკავშირთან დიაგონალური კუმულაციის ამოქმედება? - განმარტება

602a4d0589262
ლიკა გურაბანიძე
15.02.21 21:44
1217

“ქვეყანაში თურქი ბიზნესმენების შემოსვლა და ამ კუთხით ინვესტიციების მოზიდვა ძალიან კარგია. ასევე კარგია ის, რომ ადგილობრივები დასაქმდებიან, საქართველოს ცნობადობა გაიზრდება.” - ამის შესახებ “ექსპორტის განვითარების ასოციაციის” ექსპორტის უფროსმა მრჩეველმა გიორგი გუდაბანძემ საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაციის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების კომენტირებისას გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა.

“ხელშეკრულება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას არ ითვალისწინებს, დანარჩენ სექტორს რაც შეეხება, ექსპორტზე ორიენტირებულ სექტორებად პირველ რიგში ტექსტილი და ავეჯის წარმოება გამოიყო. ამ ორ მიმართულებას ვფიქრობ, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ხელს ძალიან შეუწყობს. ორივე სექტორი წარმატებულია. მაგალითად ავეჯის და ტექსტილის წარმოების თვალსაზრისით ქვეყანაში ნედლეულის სიმწირეა და ყველაფერი იმპორტირებულია, დიაგონალური კუმულაციის ამოქმედების შემდეგ ვითარება ქვეყნის სასარგებლოდ შეიცვლება.” - განაცხადა გუდაბანძემ.

2021 წლის 10 თებერვალს თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის მიერ დიაგონალური კუმულაციის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება განხორციელდა, რომელიც, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, გაზრდის იმ პროდუქციის ასორტიმენტს, რომელთა გატანაც საქართველოდან ევროკავშირში იქნება შესაძლებელი. მისი თქმით, შეთანხმება ასევე წაახალისებს თურქეთიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაცია სრულად მას შემდეგ ამოქმედდება, რაც სათანადო ინფორმაციას საქართველოსა და თურქეთის შეტყობინების საფუძველზე ევროკომისია ოფიციალურ ჟურნალში გამოაქვეყნებს.

საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედების შემდეგ შესაძლებელი იქნება თურქეთიდან იმპორტირებული ინდუსტრიული ნედლეულის საფუძველზე დამზადებული პროდუქცია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნას შეტანილი ევროკავშირის ბაზარზე. სხვა სექტორებთან ერთად, აღნიშნული სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში ტექსტილის ინდუსტრიის შემდგომი განვითარებისათვის და ამ მიმართულებით ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის.