მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას სთავაზობს მომხმარებელს ონლაინბაზარი ebazaar.ge?

61c03e9466f51
ლიკა გურაბანიძე
20.12.21 22:00
834

ebazaar.ge არის აგრარული ონლაინ ბაზარი, რომელიც შეიქმნა იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის ზრდას მდგრადი ციფრული ბაზრის განვითარებით. კომპანიის დირექტორი თამარ ბუაძე “საქმიან დილაში” საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს არის კლასიკური ბაზრის კონცეფცია ონლაინ სივრცეში, სადაც პროდუქციით ვაჭრობა და მისი შეძენა შესაძლებელი ციფრული ხელსაწყოებით იქნება. “ორი ტიპის მომხმარებელი გვყავს: ერთი ეს არის ფერმერი, რომელიც სოფლის პროდუქტებს აწარმოებს, ხოლო მეორე მომხმარებელი, რომელიც ამ პროდუქტებს შეიძენს.

ორივე ტიპის მომხმარებლისთვის ebazaar.ge ბენეფიტების მთელ ჩამონათვალს იძლევა: ფერმერებისთვის ეს პირველ რიგში სრულყოფილი ციფრული გაყიდვების არხია. მათთვის იქმნება სახელობითი ონლაინ საჯარო სივრცე, სადაც მარტივად იდენტიფიცირებისთვის ფერმერები თავისი ფოტოსურათით და აღწერილობით არიან წარმოდგენილები და აქვე საჯარო სივრცეში ფერმერებისთვის იხსნება ციფრული დახლების ულიმიტო რაოდენობა, სრულიად უსასყიდლოდ. რომელ სეზონზე რა პროდუქტსაც აწარმოებს ფერმერი, შეუძლია ატვირთოს და მისი რეალიზაცია მოახდინოს.

გარდა საჯარო სივრცისა, სადაც მომხმარებელი შეიძენს ფერმერის პროდუქტებს, ფერმერებს ebazaar.ge წვდომას აძლევს სამუშაო ადმინისტრაციულ პანელზე, რომლის მეშვეობითაც ფერმერები აკონტროლებენ ატვირთული პროდუქტების მარაგებსა და ფასებს; იღებენ და ადასტურებენ შეკვეთებს და ასევე კომენტარებს უწერენ მომხმარებლის მიერ მინიჭებულ შეფასებებს. მომხმარებლებისთვის ebazaar.ge არის პლატფორმა, სადაც ისინი აღმოაჩენენ სასურველ ქართულ პროდუქტებს მათთვის საინტერესო რეგიონებიდან შუამავლების გარეშე, პირდაპირ მწარმოებელთან.

პროდუქტი ტრანსპორტირების ყველა ეტაპზე არის სათანადოდ შეფუთული და ყოველთვის იმყოფება საჭირო ტემპერატურის პირობებში. ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ფერმერისგან შეკვეთილი პროდუქტების წამოღებამდე ხდება მათი ვიზუალური დათვალიერება ჩვენი რეგიონალური კონსულების მიერ. „პროდუქტებს კიდევ ერთხელ ვწონით და ვიზუალურად ვათვალიერებთ თბილისის საწყობში, შეკვეთის კურიერთან გადაცემამდე", - აღნიშნა თამარ ბუაძემ.