მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას სთხოვენ ჰოტელიერები სახელმწიფოს - შალვა ალავერდაშვილი

5e5cb74279052
ვიქტორია მღებრიშვილი
02.03.20 13:29
1203
"ერთადერთი, რაც სახელმწიფოს შეგვიძლია ვთხოვოთ, იქნებ გადაგვივადოს ქონების გადასახადის დაფარვის ვადა",  ამის შესახებ BM.GE-ის ჰოტელიერმა შალვა ალავერდაშილმა განუცხადა.

ამასთან, მან კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჰოტელიერებს facebook-ის პირადი გვერდიდან მოუწოდა, ხვალ 12:00 საათზე whindam Grand Tbilisi-ში შეიკრიბონ. 

როგორც თბილისში 6 სასტუმროს მენეჯერი ამბობს, სასტუმროები სტრესულ მდგომარეობაში არიან დედაქალაქში და ბანკებში არსებული დაუფარავი სესხების გარდა, მათ მაისისთვის ქონების გადასახადის დაფარვაც მოუწევთ, რაც რთულია იმ ფონზე, როცა საერთაშორისო ტურ-ოპერატორები ჯავშნებს ყველა მიმართულებიდან აუქმებენ.

„ყველას პრობლემას წარმოადგენს ის, რომ სასტუმროები მართვაში ბანკის სესხით გვაქვს აღებული, ამიტომ სესხის გადახდის პრობლემა საერთოა. ჩვენ ვერ განვიხილავთ ამ მდგომარეობას როგორც ფორს-მაჟორს, თუმცა ფულიც არ გვაქვს. ჩვენთვის დაუძლეველი წინაღობაა ეს მდგომარეობა. თბილისზე მაქვს საუბარი, რეგიონებს არ განვიხილავთ, თუმცა რეგიონებშიც პრობლემებია, მაგრამ არა - ასეთი“, - ამბობს შალვა ალავერდაშვილი.

მისი თქმით, შოკური მდგომარეობიდან გამოსავალი კერძო სექტორმა თავად უნდა მოძებნოს, თუმცა სახელმწიფოს შეუძლია, გარკვეულ დათმობაზე წავიდეს, მაგალითად, ქონების გადასახადის გადავადებით.

„ეკონომიკის მინისტრი ამ პერიოდისთვის არ იმყოფება საქართველოში და დაბრუნებისთანავე შევხვდებით მას. გვაქვს მინისტრთან კომუნიკაცია. ყველა დაძაბულია იმის გამო, რომ მარტსა და აპრილში რა თანხებიც შემოდიოდა, ის მიდიოდა 1 მაისს ქონების გადასახადის დასაფარად, თუმცა ახლა ისეთი მდგომარეობა გვაქვს, ამ გადასახადის გადახდას ვერ შევძლებთ. ერთადერთი, რაც სახელმწიფოს შეგვიძლია ვთხოვოთ, იქნებ გადაგვივადოს ქონების გადასახადის დაფარვის ვადა იმისთვის, რომ ეს სტრესი მაინც მოგვეხსნას. სხვა საკითხებზე ჰოტელიერებმა და ბანკებმა უნდა ვილაპარაკოთ და შევთანხდეთ“, - განმარტავს სასტუმროების მენეჯერი.