მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას უპირებს მთავრობა ანაკლიის პორტს? - თურნავასა და ცქიტიშვილის განსხვავებული განმარტებები

5fdb4ffe6a7a5
ვიქტორია მღებრიშვილი
17.12.20 18:41
965
"ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიის პორტისთვის, როგორც ახალი საინვესტიციო პროექტისთვის, უნდა მოამზადოს ახალი სატენდერო წინადადება", - ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დასმულ BM.GE-ის შესაბამის შეკითხვას.

საქმე იმაშია, რომ ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება უნდა განაახლოს.

კითხვაზე - რატომ ხდება საჭირო ხელახალი ეკონომიკური დასაბუთების შედგენა, როდესაც ეს ხარჯი უკვე გაწეულია და ეკონომიკური დასაბუთება უკვე გაკეთებულია, მაია ცქიტიშვილმა უპასუხა, რომ ნათია თურნავას განცხადება სწორად უნდა იყოს აღქმული და საუბარი არა ეკონომიკური დასაბუთების შედგენას, არამედ სატენდერო პირობების განახლებას შეეხებოდა.

„ეკონომიკის სამინისტრომ ახლა უკვე როგორც ახალ საინვესტიციო პროექტთან მიმართებაში ანაკლიისთვის უნდა მოამზადოს ახალი სატენდერო წინადადება და არა იმის თავიდან დასაბუთება, რამდენად საჭიროა პროექტი... ამაზე არაერთხელ აღვნიშნეთ მთავრობის წევრებმა, რომ ეს პროექტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. უბრალოდ, მნიშვნელოვანია, რომ განვაახლოთ სატენდერო პირობები, რომლის ფარგლებში გამოცხადდება ახალი ინტერესთა გამოხატვა. სხვა თუ არაფერი ძველი ტენდერის გამოცხადება 2014 წელს მოხდა, დღეს უკვე 2021 წელში შევდივართ და ბევრი რამ შეიცვალა იმ თვალსაზრისით, რომ გარკვეული სამუშაოები უკვე შესრულებულია ამ ტერიტორიაზე - ეს ყველაფერი უნდა აისახოს სატენდერო დოკუმენტაციაში. მათ შორის გარკვეული შეთანხმება, რომელიც მიღწეულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, გარკვეულ პირობებთან და რისკებთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი იმ მიმართულების გაგრძელებაა, რომელსაც ჩვენ ანაკლიის პორტთან მიმართებით ვახორციელებდით, არაფერი არ შეცვლილა და უბრალოდ სწორად უნდა გავიგოთ ეს კომენტარი", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის:2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალისა და რკინიგზის პროექტის განვითარებაში 10 მილიონი ლარის ჩადებას გეგმავს. ამავე პროექტის თანახმად, 2022-2024 წლებში გზასა და რკინიგზაზე 225 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.

ამასთანავე, ბიუჯეტის პროექტიდან ცნობილი ხდება ისიც, რომ "ანაკლიის კონსორციუმთან" საარბიტრაჟო დავის გამო, არსებობს რისკი, რომ პროექტზე გამოსაცხადებელი ახალი ტენდერი წარუმატებელი აღმოჩნდეს.

"არსებული მოცემულობის ფარგლებში, შესაძლო საარბიტრაჟო დავის გამო, შესაძლებელია ვერ შეირჩეს მაღალი რეპუტაციისა და გამოცდილების ინვესტორი", - ნათქვამია ბიუჯეტის პროექტში.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც როგორც კონსორციუმის, ასევე, მისი ერთ-ერთი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვა მოჰყვა. კონსორციუმი დავობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა დესტრუქციულმა ნაბიჯებმა ამ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება შეაჩერა, რამაც ინვესტორებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მოუტანა.