02.აგვისტო .2021 17:10

რას ურჩევს აშშ-ს მთავრობა საქართველოში მოგზაურობის მსურველებს?

რას ურჩევს აშშ-ს მთავრობა საქართველოში მოგზაურობის მსურველებს?
views 2622
უკან

აშშ-ის მთავრობა მოქალაქეებს საქართველოში ვიზიტისგან თავის შეკავებას ურჩევს. „არ იმოგზაუროთ საქართველოში Covid 19-ის გამო. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საქართველო მე-4 დონის საფრთხის შემცველ სამოგზაურო ქვეყნად გამოაცხადა, რაც ქვეყანაში ინფიცირების ძალიან მაღალ დონეზე მიუთითებს. თქვენი COVID-19–ით დაინფიცირების და მძიმე სიმპტომების განვითარების რისკი შეიძლება იყოს უფრო დაბალი, თუ თქვენ სრულად ხართ აცრილი FDA–ს ავტორიზებული ვაქცინით. საერთაშორისო მოგზაურობის დაგეგმვამდე, გთხოვთ გადახედოთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციფიკურ რეკომენდაციებს სრულად აცრილ და არავაქცინირებულ მოგზაურთათვის“, - წერია ინფორმაციაში, სადაც მოქალაქეებისთვის ასევე გაცემულია რეკომენდაცია, არ იმოგზაურონ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ე.წ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში დანაშაულის, სამოქალაქო არეულობისა და ნაღმების რისკის გამო.

გარდა ამისა, საქართველოში მოგზაურობის მსურველთათვის განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში დამნაშავეებმა შესაძლოა, უცხოელებზე რაიმე ფორმით იძალადონ. ამის თავიდან არიდების მიზნით, გაცემულია რეკომენდაცია, რომ აშშ-ის მოქალაქეებმა თავდაცვის მიზნის შესაბამისი ზომები მიიღონ, რათა მსხვერპლი არ გახდნენ. გაფრთხილებაში წერია:

„საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღი ხელმისაწვდომია და სწორედ ამიტომ, შესაძლოა, თავდამსხმელები შეიარაღებულნი იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღით. ქვეყანაში ალკოჰოლის მოხმარების სიჭარბეა, რაც ასევე შეიძლება, გახდეს მცირე დავების წარმოშობის ან/და გამწვავების მიზეზი. ასევე, კაფე-ბარებსა და რესტორნებში უცხო ქვეყნის მოქალაქეს თაღლითური გზით უკიდურესად მაღალ გადასახადს სთხოვენ და, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ფიზიკური ძალადობით ემუქრებიან. ვიზიტორები ასევე აცხადებენ საქართველოში მომხდარი არაერთი სექსუალური ძალადობის შესახებაც. ამიტომ მოერიდეთ ღამით გარეთ მარტო სიარულს. სიფრთხილე გამოიჩინეთ მარტო ტაქსებსა და სამარშრუტო ტაქსებში მგზავრობის დროს. არასოდეს ატაროთ დიდი ოდენობის თანხა და შეეცადეთ, ქუჩაში ყურადღება არ მიიქციოთ. თუკი თქვენ გარშემო საეჭვო ავტომობილებს ან პირებს შენიშნავთ, რაც შეიძლება სწრაფად აცნობეთ აშშ-ის საელჩოს. გაფრთხილდით ბანკომატებით სარგებლობისას. მოერიდეთ საჯარო WIFI ქსელების ან ინტერნეტ ტერმინალების გამოყენებას, რათა უკანონოდ არ მოხდეს თქვენი პირადი ინფორმაციის და მონაცემების გამოყენება. ასევე, უცხოელი ტურისტები იუწყებიან ქართული სასტუმროების ჩაკეტილი ოთახებიდან ნივთების დაკარგვის შესახებ“, - წერია ვებ-გვერდზე.

ამას გარდა, ვებ-გვერდზე 11 ივლისიდან დღემდე ხელმისაწვდომია ინფორმაცია საქართველოში 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობრივი ქმედებების შესახებ, რასაც თბილისში არაერთი საპროტესტო აქცია მოჰყვა რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის პარლამენტის და მთავრობის ადმინისტრაციის შენობებთან. საელჩოს ვებ-გვერდის მიხედვით, არსებობს მოლოდინი, რომ საზოგადოებრივი პროტესტი შესაძლოა, კვლავ გაჩნდეს, რის გამოც საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს უსაფრთხოების დაცვის მიზნით ურჩევს, თბილისში ყოფნის შემთხვევაში, საინფორმაციო საშუალებებს გაეცნონ და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტონ ქალაქში გასვლა.

ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს შესახებ დანაშაულის და უსაფრთხოების ანგარიში 2020 წლის ნოემბერში გამოაქვეყნა, სადაც ასევე დაწვრილებით აღწერილია, თუ რა საფრთხეები შეიძლება შეექმნას პირს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ი სხვა ქვეყნებში მოგზაურობის მსურველთათვისაც აქვეყნებს რჩევებს, რაც მათმა მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ.