მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ვყიდით და სად ვყიდით - ქართული ექსპორტის პრობლემები

5db081c934b53
ირაკლი მაკალათია
24.10.19 09:35
2885
2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ექსპორტის მოცულობამ $2.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 11.1%-ით მეტია. 2019 წლის მესამე კვარტალში 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.6%-ით , ხოლო 2019 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტი 0.5%-ით გაიზარდა.

2019 წლის იანვარ-სექტემბერში მთლიან სავაჭრო ბრუნვაში იმპორტის წილმა 70,4% შეადგინა. რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველო იმპორტზე მკვეთრად დამოკიდებული ქვეყანაა.

შესაბამისად, ეროვნული ვალუტის ყოველი გაუფასურება განსაკუთრებით დოლარისა და ევროს მიმართ კიდევ უფრო აძვირებს იმპორტირებულ პროდუქტს და იწვევს ადგილობრივ ბაზარზე ფასების მატებას. დადებით ტენდენციას წარმოადგენს ამ პროცენტული წილის შემცირება წლების განმავლობაში (2014წ. – 70.0%; 2015 წ. – 76.8%; 2016წ. – 77.5%; 2017წ. – 74.4%; 2018წ. – 73.1%). ევროკავშირის მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 50%-მდეა, ხოლო ქვეყნების ეკონომიკური განვითარების კლების პარალელურად ეს მაჩვენებელიც იზრდება.

ექსპორტში ყველაზე მაღალი წილი უჭირავს რუსეთს (13.6%); შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი (13.1%), სომხეთი (9.6%), ბულგარეთი (7.5%), უკრაინა (6.7%). ბოლო წლებში განსაკუთრებით იზრდება საქართველოს რუსეთზე სავაჭრო დამოკიდებულება ( 2014წ. - 9.6%; 2015წ. – 7.4%; 2016წ. – 9.8%; 2017წ. – 14.5%; 2018 – 13.0%). ასევე, წლებია გვესმის, რომ საქართველოს სჭირდება ბაზრის დივერსიფიკაცია და რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება. ეს ,,კეთილი’’ სურვილები ვერ ასრულდება, თუ არ განვითარდა საქართველოს ეკონომიკა. კაპიტალის ნაკლებობა, დაბალი კაპიტალიზაცია და აქედან გამომდინარე დაბალი ფინანსური შესაძლებლობები ადგილობრივ კომპანიებს შედარებით მარტივი ბაზრებისკენ ამისამართებს, სადაც ხარისხზე მოთხოვნა დაბალია, ამავე დროს წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ეკონომიკური და პირადი ურთიერთობები კიდევ უფრო ამარტივებს რუსეთის ბაზარზე შესვლას. ბაზრის დივერსიფიკაციისკენ გადადგმული ნაბიჯი სწორედ ეკონომიკის სწრაფი განვითარება, კაპიტალისა და ფინანსური რესურსების ზრდაა. ფინანსურად ძლიერი კომპანიებისთვის მეტად არის შესაძლებელი ევროპის ბაზრის ათვისება, რუსეთში ექსპორტის კლება არა აბსოლუტური მაჩვენებლების, არამედ პროცენტული წილის შემცირებითა და მის ხარჯზე სხვა ქვეყნების ბაზრების წილის ზრდით უნდა მოხდეს.

რუსეთში ექსპორტირებული ძირითადი პროდუქტებია: ფეროშენადნობები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, მინერალური და მტკნარი წყლები. ეს მოცემულობა უკვე წლებია ტენდენციად იქცა და წარმოადგენს იმ ძირითად ნიშას რაც რუსულ ბაზარზე საქართველოს უჭირავს.

საქართველოდან მთავარი საექსპორტო პროდუქტებია: სპილენძის მადნები (17.5%), მსუბუქი ავტომობილები (16.7%), ფეროშენადნობები (8.8%) და ღვინო (5.6%). მათგან მსუბუქი ავტომობილები მთლიანად, ხოლო სპილენძის მადნების უდიდესი წილი რეექსპორტია.

რაც შეეხება რეექსპორტის წილს მთლიან ექსპორტში, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში 37.8% შეადგინა, 2018 წელს - 33.7 %; 2017 წელს -26.5%; 2016 წელს - 23.3%. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მატულობს რეექსპორტის მოცულობა, განსაკუთრებით იზრდება სამგზავრო მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი, რაც ცხადია გავლენას ახდენს ექსპორტის საერთო მოცულობის ზრდაზე.

იმპორტში ყველაზე მაღალი წილი უჭირავს თურქეთს (13.6%) შემდეგ მოდიან: რუსეთი (10.2%); ჩინეთი (10.0%); აზერბაიჯანი (6.2%); გერმანია (4.9%). რაც შეეხება იმპორტირებულ პროდუქტებს, ძირითადი წილი უჭირავს: ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს (8.4%); მსუბუქ ავტომობილებსა (7.5%) და სპილენძის მადნებს ( 6.4%).