მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას წაიღებს "ნამახვანის" ინვესტორი და რა დარჩება საქართველოს? - ინტერვიუ იურისტთან

614ca607277f9
დავით ჯალაღონია
23.09.21 22:00
5096
"ნამახვანჰესის" ინვესტორის ENKA-ს განცხადების შემდეგ, რომ ის წყვეტს საქართველოს მთავრობასთან ამ პროექტზე გაფორმებულ ხელშეკრულებას, ღიად რჩება ბევრი კითხვა, მათ შორის, რამდენად დარჩა ქართულ მხარეს რესურსი, რომ ENKA-მ არბიტრაჟში დავა არ დაიწყოს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადების თანახმად, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მთავრობა საკითხის ისე გადაწყვეტას შეეცდება, რომ არც საინვესტიციო გარემო დაზიანდეს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ გაეცეს პასუხი. რა ბერკეტები აქვს ინვესტორს მოქმედი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სახელმწიფოს უჩივლოს, ამის შესახებ BM.GE ენერგეტიკის სამართლის ცენტრის დირექტორს მაკა ფარცვანაიას ესაუბრა.

პირველ რიგში, რა არგუმენტები შეიძლება ჰქონდეს "ენკას" საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუ მართლაც მიმართა კომპანიამ არბიტრაჟს?

ხელშეკრულებით თუ ვიხელმძღვანელებთ, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მთავრობას ჰქონდა ვალდებულება, პირველ რიგში, ხელი შეეწყო და მშენებლობის ნებართვა გაეცა. ზოგადად, როცა ტენდერი იქნა თავიდან გამოცხადებული და “ენკა” გამარჯვებულად გამოვლინდა, ვიცით, რომ ეს შეკრული პაკეტი იყო და თავიდანვე ჰქონდა მას მშენებლობის ნებართვა, უბრალოდ შემდეგ მოხდა პროექტის დაკორექტირება და ამიტომ მოუწია მას მშენებლობის ნებართვის განახლება.

პირველი არგუმენტი არბიტრაჟისთვის ის არის, რომ მან ვერ განახორციელა პროექტი. რაში გამოიხატებოდა ეს? - იმაში, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო მისივე გაცემული მშენებლობის ნებართვის აღსრულება სამწუხაროდ, რასაც მოჰყვა სამოქალაქო პროტესტი, ანუ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც წინააღმდეგნი იყვნენ პროექტის განხორციელების, ფიზიკურად არ უშვებდნენ თანამშრომლებს, რომ განეხორციელებინათ წინამოსამზადებელი სამუშაოები. აქ საუბარი იყო ელემენტარულზე, საკვებზე (მის ადგილზე მიწოდებაზე) და ა.შ.

სამწუხაროდ, ამ რეგიონის მოსახლეობამ და აქტივისტებმა შეძლეს ის, რომ პროექტი გააჩერეს და მთავრობის მხრიდან სავარაუდოდ არ იყო გადადგმული ნაბიჯები, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო და მაქსიმალურად ყოფილიყო ხელშეწყობა, რადგან მერწმუნეთ, ამ პერიოდში, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო სამი წელი პანდემიაა, ეს პროექტი დიდი ფუფუნებაა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ხშირ შემთხვევაში პროექტზე თანხმდებიან და მერე სხვადასხვა პრობლემებია კომპანიის მხრიდან. კომპანია ყველანაირად ცდილობდა, ყველანაირ დათმობებზე მოდიოდა - კვლევების გასაჯაროების, ხელშეკრულების გასაჯაროების, ადგილზე დამატებითი კვლევების განხორციელების მხრივ და ა.შ. თქვენ თუ ნახავთ კომპანიის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, მუდმივად ისმოდა - მობრძანდით, დავილაპარაკოთ, დაგარწმუნოთ, ან თქვენ დაგვარწმუნეთ და მეორე მხრიდან იყო ერთადერთი ლოზუნგი, არა “ნამახვანჰესს”, არანაირი დასაბუთება და არგუმენტაცია. იყო მხოლოდ არა ჰესს, არა თურქებს, არა პროექტს და შესაბამისად, ეს ძალიან მარტივი საბაბი იმისთვის, რომ არბიტრაჟში იყოს დავა წარმართული სწორედ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელმაც სამწუხაროდ ვერ უზრუნველყო პროექტის განხორციელება. თუ თქვენ თვალს გადაავლებთ ხელშეკრულებას, ნახავთ, რომ მთავრობის მხრიდან მაქსიმალურ ძალისხმევაზეა საუბარი იმისთვის, რომ პროექტი განხორციელდეს. პირველ ეტაპზე, როცა საუბარი იყო მშენებლობის ნებართვაზე, ლიცენზიის გაცემაზე, სახელმწიფომ ნამდვილად პირნათლად შეასრულა მისი ვალდებულება, შეძლო დროულად, გარკვეულ ვადებში განეხორციელებინა ნაკისრი ვალდებულება, თუმცა ვერ შეძლო მის მიერვე გაცემული მშენებლობის ნებართვის აღსრულების უზრუნველყოფა.

ასევე, საუბრობენ ხელშეკრულების დადებით და უარყოფით მხარეებზე და მინდა გითხრათ, რომ არცერთი ხელშეკრულება არ არის იდეალური. აქ არის ორი მხარის ინტერესი და თუ ხელშეკრულებას წაიკითხავთ, მარტივად დარწმუნდებით, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელშეკრულებით არის საუბარი, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა კომპანიამ შეძლოს პროექტის განხორციელება და ასევე, კომპანიაც ყველაფერს გააკეთებს, რომ ააშენოს “ნამახვანჰესი”. სამწუხაროდ, როცა საუბრობდნენ პოლიტიკურ ფორსმაჟორზე, გარკვეულ ქსენოფობიურ განცხადებებზე, გვახსოვს, თურქეთის ელჩიც გამოვიდა და თქვა, რომ ეს პროექტი ქართულია და არის ქართველი ხალხის, ანუ თურქეთის მხარე ცდილობდა, დაერწმუნებინა მოსახლეობა, ქართველი ერი, რომ ეს ქართული პროექტია და ჩვენთვის კეთდება, თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა.

გეტყვით, რომ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. ეს პროექტი უმნიშვნელოვანესია ქართული ენერგეტიკისთვის და მომავალი ინვესტიციებისთვის. ეს არის წახალისება ნებისმიერი დაჯგუფებისთვის, რომელსაც რამე არ მოეწონება, მათ შორის გაცემულ ნებართვაზე, არ ააშენებინოს ნებისმიერ ინვესტორს გარკვეული პროექტი. ეს რა თქმა უნდა, ძალიან გულდასაწყვეტი და სამწუხაროა, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ეს არ არის “ენკას” საბოლოო გადაწყვეტილება, ამით უბრალოდ მისცა შეცდომების გამოსწორების ვადა საქართველოს მთავრობას და მინდა ვიყო დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს პროექტის განხორციელებისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ენერგოდამოუკიდებელი და ეს პროექტი იქნება საწინდარი სწორედ ენერგეტიკული აღმავლობისა ამ ქვეყანაში, რადგან ამ ქვეყანას აქვს კიდევ ორი მნიშვნელოვანი პროექტი განსახორციელებელი (ხუდონჰესი, ნენსკრა ჰესი), რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ენერგოდამოუკიდებლობისთვის.

იმის გათვალისწინებით, რომ ერთი მხრივ, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით მიმდინარე პროცესს რიონის ხეობის მცველები გაეთიშნენ და მეორე მხრივ, გვახსოვს მთავრობის მეთაურის განცხადება ხელშეკრულების პირობების მიუღებლობასთან დაკავშირებით, რა რესურსი რჩება ამ სიტუაციის შემობრუნებისთვის?

ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს შეეხეთ. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა ამ პროექტის განხორციელების მომხრეა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულებას არ დადებდა და არ აიღებდა ვალდებულებას. ხელშეკრულებას თუ გადავხედავთ, ინვესტორი უშვებდა აღნიშნულ მდგომარეობას და საქართველოს მთავრობაც მზად იყო ამ მდგომარეობის საწინააღმდეგო გარკვეული ღონისძიებებისთვის, ყოველ შემთხვევაში ამის საფუძველს მე ეს ხელშეკრულება მაძლევს. სახელმწიფოს არაერთი ძალისხმევა, ნაბიჯი იქნა გადადგმული, რომ დაერწმუნებინა რადიკალური ჯგუფი, რადგან ტყუილია, როცა ისინი ამბობნენ, რომ ჰესის წინააღმდეგნი არ არიან, ისინი არიან ჰესის მშენებლობის წინააღმდეგნი, რადგან ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს პროექტი არ განხორციელდეს, თუმცა ვფიქრობ, სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული თითოეული ნაბიჯი იყო ბუნებრივი მიზანი იმისა, რომ მდგომარეობა განმუხტულიყო, თუმცა ამან სამწუხაროდ, საპირისპიროდ იმუშავა.

თუ მოვყვებით თავიდან, როცა კვლევებზე იყო საუბარი და მთავრობამ გამოთქვა მზაობა კვლევების გასაჯაროებისთვის, ეს არ იქნა აღქმული ისე, რომ კვლევები კარგია, პირიქით იქნა შემოტრიალებული, რომ აი, გაასაჯაროვეს და გვეპატიჟებიან განსახილველად იმიტომ, რომ კვლევები ცუდია. კარგ მთქმელს, კარგი გამგონი უნდა. საქართველოს მთავრობამ ეს გააკეთა აბსოლუტურად ასეთი მოტივით - ჩვენ დარწმუნებულები ვართ კვლევების სიკარგეში, თუმცა თუ არის კითხვები... ტექნოლოგიები დღითიდღე ვითარდება და ბუნებრივია, შესაძლებელია გაუმჯობესდეს. “ენკასაც” არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ თუ ვინმე უკეთეს შემოგვთავაზებს, ჩვენ შეგვიძლია ის განვახორციელოთო.

რაც შეეხება ხელშეკრულებას, სამწუხაროდ, სახელმწიფოს ვერ დავეთანხმები სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელებაში, რადგან ხელშეკრულება წელიწადნახევარი იდებოდა, ანუ მხარეები თანხმდებოდნენ პირობებზე და აქ ჩართულნი იყვნენ ძალიან ძლიერი იურისტები, რომლებიც უშუალოდ ამ ტიპის პროექტზე მუშაობდნენ. აქ იყო საუბარი უცხოურ კომპანიაზეც, White & Case-ზეც, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან იყო დაქირავებული და ის იცავდა საქართველოს ინტერესს და მე ვერავინ დამარწმუნებს, რომ ამ კომპანიის იურისტებმა ცუდად დაიცვეს საქართველოს ინტერესები, ანუ მათ შეეძლოთ უკეთეს პირობებზე დაეთანხმებინათ კომპანია და ეს არ გააკეთეს. ვფიქრობ, პროექტის ღირებულებიდან თუ გამოვალთ, ეს არც ცუდი და არც კარგი ხელშეკრულებაა, ეს არის რეალური ხელშეკრულება, სადაც მხარეებმა ძალიან დიდი ხანი იმსჯელეს და სწორედ ის რისკები გაითვალისწინეს, რის წინაშეც შესაძლებელია, პროექტი დამდგარიყო და კომპანიამ თავი დაიზღვია და თქვა, რომ თუ სახელმწიფო ვერ შეძლებს და ვერ უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებას, ის წაიღებს ამ ქვეყნიდან მაქსიმუმს და ეს ნამდვილად დევს ხელშეკრულებაში, რომ სახელმწიფოს მხრიდან თუ ვერ იქნა განხორციელებული ყველა ღონისძიება, კომპანია ნამდვილად არ იქნება წაგებული და აქ საუბარია უზარმაზარ თანხაზე.

მედიაციას რაც შეეხება, ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო და ძალიან კარგი რეზონანსი ჰქონდა ორივე მხრიდან, თუმცა როგორც კი მეორე მხარე (აქტივისტები) მიხვდა, რომ არ ჰქონდათ შესაბამისი არგუმენტები, უარი თქვეს მედიაციაზე. რატომ თქვეს უარი? - იმიტომ, რომ მედიაციამ არ გაითვალისწინა ის, რომ პროექტი შეჩერებულიყო. მათი ერთადერთი მოთხოვნა პროექტის შეჩერება იყო. ამისთვის საფუძველი უნდა გქონდეს. რატომ უნდა შეჩერდეს? რომელი ინვესტორი დაგელოდება? ეს არარეალურია. ყოველი დღე ხომ ფულია?! აქედან გამომდინარე, როგორც კი მიხვდნენ, რომ მათ ვერ დაარწმუნეს მედიატორი პროექტის შეჩერებაში, ბუნებრივია, მათ მედიაციაზე უარი თქვეს.

საარბიტრაჟო დავის დახმარებით, რა თანხა შეიძლება კომპანიამ საქართველოს მთავრობისგან კომპენსაციის სახით მოითხოვოს? როგორ დაითვლება ეს კომპენსაცია?

ვიცით, რომ საქართველოს დადებული აქვს ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებები ინვესტიციების დაცვის თვალსაზრისით, შესაბამისად საქართველო ვალდებულია დაიცვას ინვესტორი და ინვესტიცია, სწორედ ამიტომ არის არბიტრაჟი, რომ ინვესტორი არ იქნეს სახელმწიფოს მხრიდან დაჩაგრული და შეძლოს ჩადებული ინვესტიციის ამოღება. კომპანიამ რაც ჩადო ამ პროექტში, იმის ამოღებაზე არ არის მხოლოდ საუბარი, აქ საუბარია ასევე მიუღებელ შემოსავალზე. ძალიან ძნელია წინასწარ თქმა, რა თანხაზე იქნება მოთხოვნილი, მაგრამ ბუნებრივია, ეს 800 მილიონ დოლარზე მეტი იქნება, თავად პროექტის ღირებულებიდან და მიუღებელი შემოსავლიდან გამომდინარე.

საუბარი იყო ხოლმე, ჩვენ თვითონ ავაშენოთო და ა.შ, მაგრამ ამ პროექტის განმახორციელებელი სუბიექტი საქართველოში ვერ მოიძებნება და ამ თანხების აკუმულირება საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ძალიან ძნელი იქნება.

მე მაინც იმედს ვიტოვებ და მჯერა, რომ საქართველოს მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ სწორი კომუნიკაციით, მედიაციის ჩართულობით, ეს ინვესტიცია საქართველოში განხორციელდეს, ინვესტორმა არ ჩათვალოს, რომ ამ პროექტის მოწინააღმდეგეა საქართველოს მოსახლეობა, რადგან დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის უმრავლესობა აცნობიერებს ამ პროექტის მნიშვნელობას და აუცილებლობას ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის.