18.ნოემბერი .2019 12:10

რას წერს მსოფლიო მედია საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე

views 915
უკან

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. საქართველოს პარლამენტის მიერ საარჩევნო რეფორმის ჩაგდებასა და მას შემდეგ თბილისში დაწყებულ საპროტესტო აქციებს, გავლენიანი ევროპული თუ ამერიკული გამოცემები ეხმაურებიან. მათ შორის, Reuters, abcnews, „ასოშიეთიდ პრესი“, „რადიო თავისუფლება’’, Deutsche Welle და ა.შ.


როგორც საინფრომაციო სააგენტო Reuters წერს, საქართველოს დედაქალაქში  ათობით ათასი ადამიანი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით აქციებს მართავს. სააგენტო ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიორგი ვაშაძეს ციტირებს, რომელიც აცხადებს, რომ ”დადგა დრო, დასრულდეს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოში”.


Reuters-ის ცნობითვე, ყოფილი საბჭოთა კავშირის 3,7 მილიონიან ქვეყანაში საპროტესტო აქციებს ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტია შეუერთდა.


Abcnews კი იტყობინება, რომ პარტია „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ფლობს უმრავლესობას საკანონმდებლო ორგანოში, საკონსტიტუციო ცვლილების პირობა დადო, თუმცა არ შეასრულა.

გამოცემის ცნობით, თბილისში, პარლამენტის წინ შეკრებილი  ათიათასობით ადამიანი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

თავის მხრივ, საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეთიდ პრესი“ წერს, რომ "ქართული ოცნების" მიერ დაპირების არშესრულებამ, ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოიყვანა.

„რადიო თავისუფლების“ შეფასებით კი,  17 ნოემებრს თბილისში ჩატარებულ მანიფესტაციაზე, სადაც მოქალაქეები საქართველოს, ნატოსა და ევროკავშირის დროშებს აფრიალებდნენ, ძალადობრივი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

როგორც Deutsche Welle წერს, მმართველი პარტიის მიერ ცვლილების ჩაგდებამ მოქალაქეები გააბრაზა და ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა.

გავლენიანი გერმანული გამოცემის ცნობითვე, საქართველოს დედაქალაქში პარლამენტთან 20,000-ზე მეტი დემონსტრანტი შეიკრიბა.