მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას წერს უცხოური მედია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე

5f9d251026d28
თამთა ჯიჯავაძე
31.10.20 12:56
1267
საქართველოში მიმდინარე არჩევნებს უცხოური მედია ეხმაურება. "2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის ბოლოდროინდელ ისტორიაში", – წერს Euronews-ი. "არამხოლოდ იმიტომ, რომ გლობალური პანდემიის პირობებში მიმდინარეობს, არამედ იმიტომაც, რომ არჩევნები ქვეყანაში ახალი პროპორციული საარჩევნო სისტემით ტარდება, რომელიც პლატფორმას უფრო ფართო პოლიტიკურ სპექტრს სთავაზობს", - აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი ახსენებს მკითხველს, რომ ახალი საარჩევნო სისტემა ქვეყანამ 2019 წელს მოსახლეობის აქტიური მოთხოვნის და საპროტესტო აქციების შედეგად მოიპოვა. „საქართველოს საზოგადოება, როგორც ჩანს, მომწიფდა და გამოვიდა პოსტსაბჭოთა მენტალიტეტიდან. დღეს უკვე უმრავლესობას სურს ინსტიტუციებზე დაფუძნებული კოალიციური მთავრობა, ვიდრე - ერთპარტიული სისტემა, რომელსაც ერთი ლიდერი ხელმძღვანელობს და რომელსაც საზოგადოება მხსნელად მიიჩნევს“, – განუცხადა ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი მჭედლიშვილმა Euronews-ს.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში გატარებული ცვლილებები მნიშვნელოვანია, ვინაიდან ბოლო ათწლეულის განმავლობაში პოლიტიკური ველი ორ მთავარ პარტიას - "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორისა პოლარიზებული. 

საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების შესახებ წერს Aljazeera-ც. სტატიის ავტორიც ყურადღებას არჩევნების ახალი სისტემით მიმდინარეობაზე ამახვილებს.

როგორც Aljazeera წერს, საქართველოს ოპოზიციური ძალები იმედოვნებენ, რომ მნიშვნელოვნად შეცვლილი საარჩევნო სისტემა მმართველ პარტიას - „ქართული ოცნებას“ არ მისცემს შესაძლებლობას, პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვოს.

სტატიის ავტორს Edison Research-ის წინასაარჩევნო გამოკითხვები მოჰყავს მაგალითად, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 70% უპირატესობას  კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას ანიჭებს.

ამასთან, Aljazeera-სთან საუბრისას ანალიტიკოსი გია ნოდია ამბობს, რომ საზოგადოებას სურს ცვლილება და აღარ სურს ერთი დომინანტური ძალის ყოფნა ხელისუფლებაში. როგორც მან გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, დღევანდელი არჩევნები გადაწყვეტს „შევინარჩუნებთ არსებულ, ნახევრად ავტოკრატიული დომინანტური ძალის პოლიტიკას თუ გადავერთვებით უფრო პლურალისტურ და ღია სისტემაზე, რომელიც შესაძლოა, სრული დემოკრატიის მოპოვებისკენ წაგვიძღვეს“.

ცნობისთვის, დღევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე, ქვეყნის მასშტაბით დარეგისტრირებულია 50 პარტია და 500-ზე მაჟორიტარობის კანდიდატი. ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია, მათ შორის საზღვარგარეთ რეგისტრირებულია 14 170 პირი.