მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ყიდულობს საქართველო ეგვიპტეში? - ეკონომიკური ურთიერთობის სტატისტიკა

63690028570fc
ვიქტორია მღებრიშვილი
07.11.22 17:40
822
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიზიტით ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს. მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, მთავრობის მეთაური შარმ-ელ-შეიხში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

რა ეკონომიკური კავშირი აქვს საქართველოს ეგვიპტესთან, როგორია ინვესტიციების, საქონლით ვაჭრობისა და ტურიზმის დინამიკა - BM.GE ოფიციალურ სტატისტიკას გთავაზობთ.

ინვესტიციები

საქსტატის მონაცემებით, გასულ 2021 წელს ქვეყანაში შემოსულმა ეგვიპტურმა ინვესტიციებმა 2.9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის FDI-ს 12.7%-ით, ხოლო პანდემიამდელი პერიოდის 2019 წლის მონაცემებს 314%-ით აღემატება. საქართველოში ეგვიპტური კაპიტალის ზრდის მიუხედავად ამ მიმართულებიდან შემოსული ინვესტიციების წილი გასული წლის მთლიან FDI-ში მაინც ძალიან დაბალი იყო და 0.2%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს, იანვარ-ივნისში საქართველოში ეგვიპტიდან 2 მლნ დოლარამდე ინვესტიცია შემოვიდა. ეს გასული წლების პირველი ორი კვარტლის რიცხვებს აღემატება.

სავაჭრო ბრუნვა

ეგვიპტესთან საქონლით ვაჭრობის სტატისტიკას თუ შევხედავთ, სავაჭრო ბრუნვა პანდემიამდე 28 მლნ დოლარზე მეტი იყო, თუმცა 2020 წელს ეს რიცხვი 6 მლნ დოლარამდე შემცირდა. 2021 წლიდან კი ეგვიპტესთან ვაჭრობის დინამიკა კვლავ დადებითია და ყოველწლიურად იზრდება.

მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველო-ეგვიპტეს შორის სავაჭრო ბრუნვამ 19.2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 220.7%-ით აღემატება, ხოლო 2019 წლის ამავე პერიოდის რიცხვებს 28.2%-ით ჩამორჩება.

ბრუნვის უდიდესი ნაწილი იმპორტზე მოდის. შესაბამისად, ეგვიპტეში სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად ქვეყნიდან 16.9 მლნ დოლარი გავიდა.

TOP-10 საიმპორტო საქონლის რეიტინგი

1. კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები - 4 მლნ დოლარი, 6 350 ტონა;
2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 3.6 მლნ დოლარი, 4 795 ტონა;
3. შაქარი - 1.6 მლნ დოლარი, 2 349 ტონა;
4. ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი - 1.4 მლნ დოლარი, 2 672 ტონა;
5. ელექტრული წყალგამახურებლები - 1.2 მლნ დოლარი, 210 ტონა;
6. ახალი ნაყოფები სხვა - 1.1 მლნ დოლარი, 1 344 ტონა;
7. მოწყობილობები რეზინის ან პლასტმასის დასამუშავებლად - 660 ათასი დოლარი, 15 ტონა;
8. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 502 ათასი დოლარი, 16 ტონა;
9. ფილები, ფურცლები სხვა პოლიმერული მასალებისაგან - 434 ათასი დოლარი, 186 ტონა;
10. საღებავები და ლაქები სინთეზური პოლიმერების - 238 ათასი დოლარი, 508 ტონა.

რაც შეეხება ექსპორტს, რომლის წილი ეგვიპტესთან ვაჭრობაში მინიმალურია, ქვეყანამ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ამ მიმართულებით საქონლის რეალიზებით 2.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 3353.6%-ით, ხოლო 2019 წლის პერიოდის ექსპორტს 302%-ით აღემატება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წელს მთლიან ბრუნვაში ექსპორტის წილი გაიზარდა.

ექსპორტის მცირე მოცულობიდან გამომდინარე TOP-5 საექსპორტო საქონლის რეიტინგი ასეთია:

1. ცხვრები და თხები ცოცხალი - 1.2 მლნ დოლარი, 350 ტონა;
2. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცოცხალი - 688 ათასი დოლარი, 275 ტონა;
3. მანგანუმის ოქსიდები - 281 ათასი დოლარი, 325 ტონა;
4. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 52 ათასი დოლარი;
5. მსუბუქი ავტომობილები - 46 ათასი დოლარი.

გარდა ამისა, ამ პერიოდში ეგვიპტეში მცირე რაოდენობით პირუტყვის საკვები ძირნაყოფები, სატვირთო ავტომობილები, ტანსაცმელი და ნაწარმი ნახმარი, იარლიყები და ეტიკეტები ყველა სახისა ქაღალდის ან მუყაოსაგან, ელექტრული წყალგამახურებლები, მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან.

ტურიზმი

რაც შეეხება ტურიზმს, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში ეგვიპტელი ტურისტების მხრიდან განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა სრულად აღდგა. 10 თვეში ქვეყანაში ეგვიპტიდან 11 141 ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 118.6%-ით, 2019 წლის პანდემიამდელ მაჩვენებელს 23.1%-ით აღემატება.